ადგილობრივი ხორბლის პრობლემა ვერაფრით მოგვარდა - დაპირისპირება უკვე სხვა ნიადაგზე გაჩნდა

ადგილობრივი ხორბლის პრობლემა ვერაფრით მოგვარდა - დაპირისპირება უკვე სხვა ნიადაგზე გაჩნდა

მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემებთან დაკავშირებით, ადგილობრივი ფერმერები 14 ივლისს მორიგ აქციას გამართავენ. აქცია წნორში გაიმართება და კონკრეტული მოთხოვნები გაჟღერდება, რომელთა ნაწილი ისედაც უკვე ცნობილია. დაპირისპირება ამჯერად ფერმერებსა და წისქვილკომბინატებს შორის გაჩნდა, რადგან დათქმული პირობები არ სრულდება.

როგორც მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა და კომპანია „შირაქის“ დამფუძნებელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ განაცხადა, თვენახევრის წინ მიღებული გადაწყვეტილებას უკვე გადახედვა სჭირდება, რადგან არ მუშაობს. ამის მიზეზი პრემიერ-მინისტრის სასურსათო ნაწილში არსებული ბრძანების შეუსრულებლობაა.

პრემიერის ბრძანებამ, რომელიც 12 ივნისიდან ამოქმედდა და ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესებას ითვალისწინებდა, არ იმუშავა. სწორედ ამიტომ მეხორბლეები აქციის გამართვას 3 მოთხოვნით გეგმავენ.

პირველი - შესრულდეს პრემიერის ბრძანება, შესაბამისად, ის ვალდებულებები, რომელიც წისქვილკომბინატებმა აიღეს. გარდა ამისა, იმპორტირებულ 1 ტონა ფქვილზე 200-ლარიანი გადასახადი საკმარისი აღარ არის და ის რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე დაწესებული გადასახადის სარკისებური უნდა იყოს.

მეორე მოთხოვნა 1 კგ საფურაჟე ხორბლის იმპორტზე 30-თეთრიანი გადასახადის დაწესებაა. ადგილობრივი მეხორბლეეების ინფორმაციით, ქვეყანაში დიდი რაოდენობით საფურაჟე ხორბალი შემოდის, რაც ქართული ხორბლის გაყიდვებს აფერხებს.

კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელსაც ფერმერები დააყენებენ, არის საბანკო ვალდებულებების გადანაწილების საკითხი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან ბოლო პერიოდში მეხორბლე ფერმერებს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით პასუხი არ მიუღიათ.

„სამინისტროსთან აქტიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, რომლის საფუძველზეც იაფი აგრო სესხების 2-3 წლამდე გადავადებასა და საფურაჟე ნაწილის განხილვას ვითხოვდით. რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ აღარ განიხილება საფურაჟე ნაწილი, რაც შეეხება სესხებს, სესხებზე ისედაც ვერ მივიღეთ თანხმობა,“ - განაცხადა ბენიაიძემ.

მეხორბლეებთან უკვე დაპირისპირებაში შესული წისქვილკომბინატების წარმომადგენლები გავრცელებულ მოსაზრებას არ ეთანხმებიან. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ აღნიშნა, რომ სასურსათო ხორბალი 65 თეთრად ჩაიბარეს, რუსული ხორბლის შესაბამის ფასად, საფურაჟეს კი ვერ შეისყიდიან, რაც კანონით ეკრძალებათ.

„სტანდარტულ და სასურსათოს ჩავიბარებთ, რაც იქნება, თუმცა მეხორბლეებს უნდათ, უფრო სწრაფი ტემპი იყოს, რაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება. მთლიანობაში, ხარისხიან ხორბალს მივიღებთ 1 კილოგრამს 65 თეთრად, თუმცა ამ ადამიანებს აქვთ საფურაჟეზე, რაც ჩვენი საქმე არ არის. გვეცოდება ფერმერები, გვინდა მხარში დავუდგეთ, მაგრამ უხარისხობის გამო ვერ ჩავიბარებთ. აქ უფრო სახელმწიფო უნდა ჩაერთოს. ვფიქრობთ, წელს, ხარისხობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, საქართველოში მოსულ ხორბლის მოსავალს მთლიანად მივიღებთ, ამიტომ, ამ პროგრამას საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, ხორბლის წარმოება ორად იყოფა და არსებობს სხვა სეგმენტიც - საფურაჟე ხორბალი, რომელსაც წისქვილების გაერთიანება არ იღებს და ფერმერებს სამინისტროსთან ამ თემაზე მოლაპარაკებები აქვთ“, - აღნიშნა სილაგავამ.

ცნობილია, რომ გასული წლის მოსავლიდან 9 ათასი ტონა მარცვლეული კვლავ გასაყიდია, ამასთან წლევანდელი მოსავალიც დაემატა, რაც ფერმერებს პროდუქციის შენახვას ურთულებს. ასევე პრობლემაა სარეალიზაციო ფასი, რომელიც 1 კგ-ზე 43-45 თეთრის ფარგლებში მერყეობს.

მიმდინარე წლის 12 ივნისიდან საქართველოში იმპორტირებულ ფქვილზე 5-თვიანი გადასახადი დაწესდა, მაგრამ სულ რაღაც 1 თვეში გაირკვა, ეს ფერმერების საქმეს ვერ შველის.