ვაჟა ადამიას უფლებები უხეშად ირღვევა

ვაჟა ადამიას უფლებები უხეშად ირღვევა

მერაბ კოსტავას საზოგადოება სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ დიმიტრი შაშკინთან ამავე საზოგადოების თავმჯდომარის პატიმრობაში მყოფ ვაჟა ადამიას საქმესთან დაკავშირებით გაგზავნილ მიმართვაზე პასუხს ერთი კვირის განმავლობაში დაელოდება, შემდეგ კი სამინისტროსთან მშვიდობიანი აქციის ჩატარების საკითხს განიხილავს.

როგორც “მედიანიუსს” მერაბ კოსტავას საზოგადოების თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა დავით კუპრეიშვილმა განუცხადა, დიმიტრი შაშკინისგან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარის რევაზ ჭარბაძის მიერ სამსახურებრივი სიყალბის აღმოფხვრასა და ვაჟა ადამიას დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოითხოვენ.

ვაჟა ადამიას ადვოკატმა მაკა გოგოხიამ გასული წლის 3 ნოემბრის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს რევაზ ჭარბაძეს მიმართა, რათა ამ კომისიას სასამართლოსთან ეშუამდგომლა ადამიას პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რაზეც მას უარი ეთქვა.

როგორც ჭარბაძის მიერ ხელმოწერილ ამონაწერშია მითითებული, ადამია სასჯელის მოხდის პერიოდში ორჯერ არის დასჯილი. ადვოკატმა დასჯის საკითხზე N6 საპყრობილის დირექტორს დავით მარგებაძეს მიმართა. მარგებაძისგან კი სულ სხვა დოკუმენტი მიიღო, სადაც წერია, რომ ადამია პატიმრობის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა. აღნიშნულ საკითხებზე რამდენიმე დღის წინათ გამართულ პრესკონფერენციაზე დავით კუპრეიშვილმა ისაუბრა.

ცნობისთვის: ვაჟა ადამია 2005 წლის 3 ნოემბერს ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს და ოთხნახევარი წელი მიესაჯა.