თუ კლინიკა თანამშრომელს ხელფასს არ ჩაურიცხავს ან დააკლებს, სამედიცინო ორგანიზაციას თანხას დაუკავებენ

თუ კლინიკა თანამშრომელს ხელფასს არ ჩაურიცხავს ან დააკლებს, სამედიცინო ორგანიზაციას თანხას დაუკავებენ

სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო მინიმალური ხელფასის რეფორმის მასშტაბები ფართოვდება. ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, ცვლილებების ახალი პაკეტი, სანიტრის, უმცროსი ექიმის, ექთნის დამხმარისა და ექთნის თანაშემწის პოზიციაზე დასაქმებულებისთვის სავალდებულო მინიმალური ხელფასის დაწესებას გულისხმობს.

ახალი ინიციატივა კლინიკების ხელმძღვანელებს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შესთავაზეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეფორმა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დასაქმებულის მოტივაციისა და პროდუქტიულობის გაზრდას, ასევე გააუმჯობესებს დასაქმებულთა სამუშაო პირობებსა და სამედიცინო მომსახურების ხარისხს. ცვლილებებთან დაკავშირებით, დარგის წარმომადგენლები ერთი კვირის განმავლობაში, საკუთარი მოსაზრებასა და არგუმენტებს წარადგენენ.

რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან ჩაიხსნება.

სამედიცინო პერსონალის სავალდებულო მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმის პირველი ეტაპი 2023 წლის ინვარიდან შევიდა ძალაში, რომლის მიხედვითაც ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარით (თვეში მინიმუმ 1260 ლარი), ექთნების კი საათში 4.4 ლარით (თვეში მინიმუმ 792ლარი) განისაზღვრა.

„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ეს იყო პირველი ეტაპი და შემდგომში ეტაპობრივად მოხდებოდა სხვა მედპერსონალის დამატება და მოცვის გაფართოება. რეფორმის პირველი ეტაპის წარმატებით განხორციელებამ მოგვცა საშუალება, რომ გადავიდეთ მეორე ეტაპზე. ეს ნიშნავს, რომ უახლოეს თვეებში მოხდება მინიმალური ხელფასის დაწესება და სამედიცინო დაწესებულება ვალდებული იქნება იმ ზღვარზე ქვემოთ არ გადაუხადოს მედპერსონალს საათობრივი ანაზღაურება.

რაც შეეხება მინიმალურ ზღვარს, სამსჯელოა ტარიფები. ჩვენ გვქონდა სექტორთან შეხვედრა და შევთანხმდით, რომ მომდევნო კვირის ოთხშაბათამდე წარმოგვიდგინონ არგუმენტირებული პოზიცია ტარიფებთან დაკავშირებით. მომავალ კვირაში ჩამოვყალიბდებით რა იქნება ის ზღვარი, კერძო სექტორისთვისაც შესაძლებელი, რომ გადაუხადოს მედპერსონალს. ეს იქნება მინიმალური ზღვარი, თუმცა ჩვენ არ ვკრძალავთ უფრო მაღალიც გადაუხადოს კლინიკამ პერსონალს, მაგრამ მინიმალური ზღვარის დაცვა არის აუცილებელი“, - გაანცხადა შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ.

მისივე ინფორმაციით, თუ რეფორმის პირველი ეტაპი შეეხო 8 ათასამდე ექთანს და 9 ათასამდე ექიმს, მეორე ტიპის რეფორმა შეეხება 6 ათასამდე დასაქმებულ პირს.

„სახელმწიფო სრულად აცნობიერებს, რომ თავისუფალი ბაზარი არეგულირებს სახელფასო განაკვეთს შრომით ურთიერთობებში, მაგრამ გარკვეულწილად, არსებობს შემთხვევები, სადაც საჭიროა სახელმწიფოს ჩართულობა. როცა ჩვენ ვხედავთ იმ ზღვარზე ნაკლები აქვს ადამიანს ხელფასი, რომელიც უნდა ჰქონდეთ დღევანდელ პირობებში, ეს არის შემთხვევა, როცა ჩვენ გარკვეული მინიმალური ანაზღაურება დავაწესეთ. ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება არ იყოს მაქსიმალური, მაგრამ გარკვეულწილად დააბალანსებს იმ ადამიანების მდგომარეობას, რომელსაც დღეს ზღვარზე ნაკლები აქვს ხელფასი და ასეთი 6 ათას პირზე ნაკლებია და რეფორმა სწორედ შეეხება ამდენ ადამიანს“, - განმარტა „ბიზნეს მედიასთან“ საუბრისას ბექა ფერაძემ.

უნდა ითქვას, რომ კლინიკები იცავენ დადგენილ რეგულაციებს, თუმცა პრობლემაა მედპერსონალისთვის ანაზღაურების დროულად ჩარიცხვა, რა შემთხვევებზეც შრომის ინსპექციას თავისი მანდატის ფარგლებში რეაგირება ექნება.

„1-ელი იანვრიდან შევამოწმეთ ფიზიკურად 270-ზე მეტი კლინიკა. დაწესებულებები, რომლებიც ჩართული არიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ხელშეკრულების ნაწილში, ყველა მათგანმა მოახდინა ასახვა, რომ მინიმალური ტარიფი იქნება ის, რაც სახელმწიფოს მხრიდან არის განსაზღვრული. პრობლემები ამ მიმართულებით არ გამოვლენილა, გარდა ერთეული შემთხვევებისა, როცა ხდება და ხდებოდა დაგვიანებით ხელფასის ჩარიცხვა.

თუ სამედიცინო დაწესებულება დააგვიანებს და არ გადაუხდის კონკრეტულ რიცხვში მედპერსონალს ხელფასს 0,07% ერიცხება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და შესაბამისად, პერსონალმა  გაზრდილი ოდენობით უნდა მიიღოს ანაზღაურება. დამატებით შრომის ინსპექციის მანდატი არის, რომ თუ ჩვენ შევხედავთ, რომ თანხა არ იქნება ჩარიცხული და დანაკლისით იქნება ჩარიცხული, მივმართავთ ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს და მათი მხრიდან მოხდება (კლინიკისთვის) თანხის დაკავება, სანამ არ მოახდენს სამედიცინო დაწესებულება კუთვნილი ანაზღაურების სრულად ჩარიცხვას მედპერსონალის მიმართ“, - დასძინა ფერაძემ.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში ექიმების სიჭარბე და ექთნების დეფიციტია. „გალტ ენდ თაგარტის“ ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში თითო ექიმზე მხოლოდ ერთი ექთანი მოდის, ევროპის ქვეყნებში კი - 2-დან 5-მდე. შედეგად, ქართველი ექიმები 3-5-ჯერ ნაკლებად პროდუქტიულები არიან ევროპული ქვეყნების კოლეგებთან შედარებით, რაც ნიშნავს, რომ ემსახურებიან ნაკლებ პაციენტს.

„შესადარის ქვეყნებს შორის საქართველოში ექიმების რაოდენობა ერთ-ერთი ყველაზე მზარდია და 2021 წელს 1,000 მოსახლეზე 6.1-ს მიაღწია, რაც ევროკავშირის საშუალოზე ორჯერ მეტია. ამასთანავე, აღსანიშნავია ექთნების სიმცირე, რომელთა რაოდენობაც თითო ექიმზე ერთს უდრის, როცა ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 2-დან 5-მდე მერყეობს. აღნიშნული ტრენდი, სავარაუდოა, რომ გაგრძელდება განათლების სისტემაში სამედიცინო პროგრამებზე მზარდი, ხოლო საექთნო კურსებზე მცირე მოთხოვნიდან გამომდინარე“, – აღნიშნულია მიმოხილვაში.