"ჩემი გამოჩენა უცნაური იქნებოდა" — დენიელ რედკლიფი ჰარი პოტერის სერიალზე

ინგლისელმა მსახიობმა დენიელ რედკლიფმა განაცხადა, რომ ჰარი პოტერის მომავალ სერიალში მონაწილეობა არ სურს. რედკლიფი, რომელმაც ცნობადობა სწორედ პოტერიადის ფილმებში მთავარი როლის შესრულებით მოიპოვა, ამბობს, რომ კომპანია Max-ის ახალ პროექტში მისი ჩართვა აქამდე არც განხილულა.

"[სერიალში] ჰარის სხვა ვიღაც ითამაშებს, ასე რომ, ჩემი გამოჩენა უცნაური იქნებოდა", — ამატებს მსახიობი.

თუმცა, დენიელის თქმით, მოხარულია, რომ პოტერიადის ფრენჩაიზს უკვე სერიალიც შეემატება.

"ვფიქრობ, ჰარი პოტერის წიგნების სერია ერთ ადაპტაციაზე ან ფრენჩაიზზე მეტი უნდა ყოფილიყო ყოველთვის", — აღნიშნავს რედკლიფი, — "ასე რომ, ასპარეზის დათმობა საინტერესო იქნება".

კომპანია Max-მა, რომელიც წინათ HBO Max-ის სახელით მაუწყებლობდა, რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ხმები დაადასტურა და განაცხადა, რომ ჰარი პოტერის სერიალზე მუშაობა დაწყებულია. კომპანიის თქმით, სერიალი მთელ ათწლეულს გასტანს და, სულ ცოტა, შვიდ სეზონს მოიცავს, რადგან სერიის თითოეულ წიგნს თითო სეზონი დაეთმობა. აღსანიშნავია ისიც, რომ სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი თავად ჯოან როულინგი, პოტერიადის საგის ავტორი, იქნება.

აი, დენიელ რედკლიფს კი აქამდეც არაერთხელ უთქვამს, რომ ჰარი პოტერის გაგრძელებებში მონაწილეობის სურვილი არ აქვს. როცა ხმები გავრცელდა, რომ სერიის პირველი ფილმის რეჟისორი კრის კოლამბუსი პიესის ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი გადაღებას აპირებდა, რედკლიფმა განაცხადა, რომ "უკან დაბრუნება" მის ცხოვრებას შეცვლიდა.

"ცხოვრების იმ ეტაპს ვუახლოვდები, როცა ვფიქრობ, რომ ჰარი პოტერის ფაზა ნორმალურად დავასრულე. ბედნიერი ვარ იქ ყოფნით, სადაც ახლა ვარ", — აღნიშნა მაშინ მსახიობმა.

ამის მიუხედავად, დენიელმა მონაწილეობა მიიღო პოტერიადის ფილმების საიუბილეო გადაცემაში, რომელიც მაყურებელმა 2022 წლის დასაწყისში იხილა.