ლეგენდარულმა ინგლისელმა მუსიკოსმა ელტონ ჯონმა საკონცერტო კარიერა დაასრულა. მომღერალმა თავისი უკანასკნელი ტურნეს ბოლო კონცერტი შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გამართა.
"რა შესანიშნავი მოგზაურობა გამოდგა ეს ტურნე. ახლა კი ჩვენ დასასრულს მივუახლოვდით. დღეს ბოლო საღამოა", — დაწერა მუსიკოსმა ინსტაგრამზე და თავისი საკონცერტო კარიერის ამსახველი ვიდეოკოლაჟი გამოაქვეყნა.
ელტონ ჯონის უკანასკნელი მსოფლიო ტურნე 2018 წელს დაიწყო და, წესით, 2021 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, კოვიდპანდემიის გამო, მომღერალს კონცერტების გადადება მოუწია, შესაბამისად, ტურნეს დასასრულმაც გადაიწია.
76 წლის მომღერლისა და შემსრულებლის კარიერა უკვე 6 ათწლეულს ითვლის. ელტონ ჯონი მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში 3 500-ზე მეტ კონცერტზე გამოსულა. ეს იმას ნიშნავს, რომ (თეორიულად) ყოველდღე თითო კონცერტზე რომ გამოსულიყო, თითქმის 10-წლიანი უწყვეტი ტურნე გამოუვიდოდა.
თუმცა, 2018 წელს მომღერალმა განაცხადა, რომ საკუთარი ოჯახისთვის მეტი დროის დათმობა სურდა და ამიტომ საკონცერტო კარიერას ასრულებდა. ამის მიუხედავად, ელტონი ახალ სიმღერებზე მუშაობას განაგრძობს.
300 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით ელტონ ჯონი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკოსია. მას მიღებული აქვს გრემის 6 ჯილდო, ორი ოსკარი და ორიც — ოქროს გლობუსი. მუსიკის ინდუსტრიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საქველმოქმედო საქმიანობისთვის მომღერალმა 1998 წელს დედოფალი ელიზაბეთ II-ისგან რაინდის წოდებაც მიიღო.