რა ხდება მაშინ, როცა სამი ტეილორი ერთად იყრის თავს? ისინი, რა თქმა უნდა, ცნობილ მიმს აცოცხლებენ.
ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასე მოიქცნენ პოპვარსკვლავი ტეილორ სვიფტი, მსახიობი ტეილორ ლოტნერი და ტეილორ ლოტნერი. არა, არაფერი გვეშლება. შეიძლება არ გახსოვდეთ, რომ როცა ბინდის საგის ვარსკვლავმა ტეილორ ლოტნერმა თავის პარტნიორ ტეილორ დოუმზე იქორწინა, ორივე ტეილორ ლოტნერი გახდა.
მსახიობი ტეილორ ლოტნერი კი, რომელიც ტეილორ სვიფტის ყოფილი პარტნიორი და მისი დიდი გულშემატკივარია, სულ ახლახან მომღერლის ახალ ვიდეოკლიპშიც გამოჩნდა. სიმღერა I Can See You-ზე გადაღებული ვიდეო სვიფტმა მაყურებელს კანზას-სიტიში გამართულ კონცერტზე უჩვენა პირველად. კლიპის პრემიერამდე ტეილორ სვიფტმა მცირე შესავალი გააკეთა, რა დროსაც მას სცენაზე ლოტნერიც შეუერთდა.
"ტეილორი და მისი ცოლი ჩემი უახლოესი მეგობრები გახდნენ", — განაცხადა სვიფტმა, — "ეს კი სრულიად გასაგები ამბავია, ჩვენ ხომ საერთო სახელი გვაქვს".
მოგვიანებით, ტეილორმა ინსტაგრამზე ვიდეოკლიპის გადაღებებიდან კადრს მიღმა ფოტოები გაავრცელა. ერთ-ერთმა ფოტომ კი ინტერნეტმომხმარებლების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო — სამმა ტეილორმა ადამიანი-ობობას ცნობილი მიმი გააცოცხლა.
რაც შეეხება სვიფტის სიმღერას I Can See You, ის მუსიკოსის რიგით მესამე ხელახლა ჩაწერილი ალბომიდან ერთ-ერთი კომპოზიციაა. Speak Now (Taylor's Version) მომღერლის მესამე სტუდიური ალბომის განახლებული ვერსიაა, რომელიც აქამდე გამოუქვეყნებელ 6 ტრეკსაც მოიცავს.
სვიფტმა თავისი ძველი ალბომების ხელახლა გამოშვების გადაწყვეტილება 2020 წელს მიიღო. მიზანი საკუთარ შემოქმედებაზე საავტორო უფლებების დაბრუნებაა. პოპვარსკვლავმა თავისი პირველი კონტრაქტი 14 წლის ასაკში გააფორმა, რის შემდეგაც ლეიბლმა ტეილორის მუსიკაზე სრული კონტროლი მოიპოვა. შედეგად, სვიფტს საკუთარი სიმღერების კონცერტებზე შესრულებაც კი ეკრძალებოდა. მუსიკოსმა ახალი კონტრაქტი კომპანია Universal Music Group-თან რამდენიმე წლის წინ გააფორმა. ეს კონტრაქტი მთლიანადაა მორგებული მის ინტერესებზე და, რაც მთავარია, ლეიბლის ქვეშ გამოშვებულ სიმღერებზე სვიფტი სრულად ფლობს საავტორო უფლებებს.