ბესელიას მიერ გადარიცხული 100 000 ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდა

ბესელიას მიერ გადარიცხული 100 000 ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდა

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის მთავარი კომიტეტის წევრები აცახდებენ, რომ ეკა ბესელია პარტიის რიგებიდან გარიცხეს და მის მიმართ სასამართლოში ჩივილს აპირებენ. როგორც კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მიუხედავად ბესელიას განცხადებისა, რომ პარტია დატოვა, ის დღემდე არ წყვეტს მასთან იურიდიულ კავშირს. მეტიც, პარტიის ინტერესების საზიანოდ უკანონოდ განკარგავს პარტიის ქონებას, ფინანსებსა და დოკუმენტაციას, რითაც პარტიას შეგნებულად ზიანს აყენებს.

თავად ეკა ბესელია ამ ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, პარტიის სახელით მართლაც დააბრუნა უკან ორი დღის წინ ცესკოს მიერ პარტიის ანგარიშზე გადმორიცხული 100 ათასი ლარი. ამბობს, რომ ამის კანონიერი უფლება აქვს, რადგან პარტიის ახალი გენერალური მდივანი ჯერ არ არის არჩეული და ვიდრე იუსტიციის სამინისტროში ცვლილებები არ გატარდება ახალი გენმდივნის შეცვლასთან დაკავშირებით, სამართლებრივად აქვს გადაწყვეტილების მიღების უფლება. დასძენს, რომ ყოფილი თანაპარტიელების გაღიზიანება იმ 100 ათასი ლარის დაკარგვამ გამოიწვია, რომლის არამიზნობრივად დახარჯვასაც აპირებდნენ და რომელიც მან ცესკოს დაუბრუნა.

პარტიის წევრი ირაკლი დოლაბერიძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ბესელიას განცხადებები და საქციელი ურთიერთგამომრიცხავია, მას შემდეგ, რაც საჯაროდ განაცხადა, რომ პარტია დატოვა, გაუგებარია, რატომ ერევა ისევ პარტიის საქმიანობაში.

დოლაბერიძე ასევე ამბობს, რომ აბსურდულია ბესელიას არგუმენტი, თითქოს პარტია ამ თანხის არამიზნობრივად გამოყენებას აპირებდა, რადგან ცესკო პარტიებისთვის გადარიცხულ თანხებზე მონიტორინგს აწარმოებს და რომც სდომოდათ, ამ თანხას არამიზნობრივად ვერ დახარჯავდნენ.

"აშკარაა, რომ მისი ქმედებები ემსახურება გარკვეულ ზიანს და შეესაბამება ხელისუფლების ინტერესებს. გარდა სხვა საზიანო ქმედებებისა, მან ასევე შეგნებულად ჩაშალა პარტიის საქმიანობა საარჩევნო სიების გადამოწმების პროცესში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, "მოძრაობა ერთიანი საქართველოსათვის" მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებით, პარტიის რიგებიდან გარიცხულია ეკა ბესელია და პარტია აფრთხილებს მესამე პირებს, რომ მის მიერ გაკეთებული განცხადებები და განხორციელებული ქმედებები (მათ შორის ფინანსურიც) არის უკანონო და პარტიის ინტერესების საზიანო.

"პარტია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მის ამგვარ ქმედებებზე. უახლოეს დღეებში სასამართლოში შევიტანთ სარჩელს მისი ქმედებების შედეგად მიღებული ზიანის ასანაზღაურებლად," - ნათქვამია მთავარი კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ პარტიის მთავარი კომიტეტის წევრები: ირაკლი დოლაბერიძე, ამირან იობაშვილი, რამაზ იოსელიანი, ლევან ტერაშვილი და თეო ტლაშაძე.

ეკა ბესელიამ პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობის და პარტიის რიგების დატოვების თაობაზე საჯარო განცხადება 23 თებერვალს გააკეთა. მისი თქმით, ამის მიზეზი ირაკლი ოქრუაშვილთან გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა გახდა.

ბესელია ძველი თანაპარტიელების განცხადებას კომიკურს უწოდებს და ამბობს, რომ მას უკანონო არაფერი ჩაუდენია.

"რაც შეეხება პარტიიდან გარიცხვას, ეს უკვე რაღაც კომიკურ სანახაობას დაემსგავსა მათი მხრიდან, რადგან პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 23 თებერვალს მივიღე. თუმცა, უფლებამოსილ პირად დღემდე ვრჩები, რადგან პარტიამ ვერ აირჩია ახალი გენერალური მდივანი. ამიტომ, ვიდრე იუსტიციის სამინისტროში შესაბამისი ცვლილებები არ გატარდება, პარტიის სხვა წევრი ვერ მიიღებს რაიმე სახის გადაწყვეტილებას. მას შემდეგ, რაც პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გავაკეთე საჯაროდ, ნამდვილად მივიღე ერთი გადაწყვეტილება, მაგრამ კანონი ამის შესაძლებლობას მაძლევდა. კერძოდ, ცესკოს პარტიის ანგარიშზე გადმორიცხული 100 ათასი ლარი უკან დავუბრუნე. ეს თანხა ცესკომ გადმორიცხა საარჩევნო სიების მონიტორინგისთვის, მაგრამ გადმორიცხული თანხა ჩემივე გადაწყვეტილებით სრულად უკან დავუბრუნე, მიმაჩნია, რომ თანხა არამიზნობრივად იქნებოდა დახარჯული პარტიის წევრების მიერ და ეს არ დავუშვი. სწორედ ამან გააღიზიანა და გამოიყვანა წყობიდან ის ადამიანები, რომლებიც ამ თანხის არამიზნობრივად დახარჯვას აპირებდნენ, საარჩევნო სიების მონიტორინგი პარტიას არ ჰქონდა დაწყებული და ზუსტად ვიცი, მოხდებოდა თანხის არამიზნობრივად განკარგვა," - განუცხადა "რეზონანსს" ეკა ბესელიამ.

"100 ათასი ლარის გამო გაბრაზდნენ ის ადამიანები, ვინც ამ ფულის საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას აპირებდა. მე მოვიქეცი ისე, როგორც საჭირო იყო - პოლიტიკურადაც, სამართლებრივადაც და მორალურადაც. ამ ყველაფრის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტებიც მაქვს და ეს დამალული არ არის ნამდვილად არავისთვის."