რა არის ქვიშის დიუნების ქვეშ?

რა არის ქვიშის დიუნების ქვეშ?

სანაპიროზე არსებული ქვიშის ან უდაბნოს უზარმაზარი დიუნების შემხედველს, ალბათ, ბევრ ჩვენგანს უფიქრია, რა შეიძლება "იმალებოდეს" მათ ქვემოთ. მაინც რა დაგხვდება იქ, თუკი გათხრას დაიწყებ და სიღრმეში ჩახვალ? მიწა, ქვები, ნიადაგი თუ სხვა რამ?

ამ კითხვებზე პასუხი იმაზეა დამოკიდებული, თუ სად იმყოფები. მაგალითად, ქვიშა ზოგჯერ ძლიერი ქარის გავლენით გადაადგილდება და სხვადასხვა ადგილზე გროვდება. ამ შემთხვევაში, თქვენს ფეხებქვეშ შესაძლოა, მცენარეული საფარი ან, სულაც, კარსტული ღრმული იყოს, რომელიც კოლაფსირდება და ჩაგითრევთ.

პირველ რიგში, საინტერესოა, როგორ ფორმირდება ამ ოდენობის ქვიშა. ის ქვებსა და კლდოვან წარმონაქმნებში მიმდინარე ეროზიული პროცესების შედეგია, რომელთა გამოც ისინი იშლება და მცირე ზომის მარცვლებს ფანტავს. სანაპიროებზე ეს წყალთან ურთიერთქმედებისას ხდება, იქ არსებული ქვიშა კი ათასობით მილიონი წლის განმავლობაშია დაგროვებული.

თუ ამგვარ სანაპიროზე გათხრას დაიწყებ, დიდი ალბათობით, გადააწყდები მაღალი წნევის პირობებში გამყარებულ და გამკვრივებულ ქვიშას, რომელიც დანალექ ქანადაა გარდაქმნილი. მსგავს ქვიშაქვაში ჩაღწევით, საბოლოოდ, ქვენაფენი ქანი დაგხვდება.

რაც შეეხება უდაბნოს, ამ სახელის გაგონებაზე თითქმის ყველას საჰარას შთამბეჭდავი დიუნები ახსენდება, მაგრამ ისინი ყველა უდაბნოში როდია. შესაბამისად, იმის გასაგებად, თუ რა არის მათ ქვეშ, საკმარისია, სხვა ასეთი მშრალი ადგილები გავიხსენოთ.

უქვიშო უდაბნოებში პირდაპირ მოშიშვლებულ ძირეულ ქანს ვხვდებით, სწორედ ის დაგხვდებათ დიუნების ქვეშ სხვა ამგვარ ტერიტორიებზე. ქვიშა აქაც ეროზიის შედეგად წარმოიქმნება. დღე-ღამის განმავლობაში ეს ქანი გრილდება და თბება, რის გამოც მასში ნაპრალები ჩნდება, ქარი კი იქიდან ქვიშის მარცვლებს აცალკევებს. აღნიშნული პროცესი მილიონობით წლის განმავლობაში მიმდინარეობს.

ქვიშამ შესაძლოა, გეოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი რამ დაფაროს და შეინახოს კიდეც. მაგალითად, 2010 წელს მეცნიერებმა საჰარას დიუნების ქვეშ პრეისტორიული ტბის კვალს მიაგნეს, რომელიც დაახლოებით 250 000 წლის წინ, მდინარე ნილოსის კალაპოტიდან გადმოდინების შედეგად გაჩნდა.