გრეტა გერვიგი ნეტფლიქსისთვის

გრეტა გერვიგი ნეტფლიქსისთვის "ნარნიის ქრონიკების" ორ ფილმს გადაიღებს

ამერიკელი კინორეჟისორი გრეტა გერვიგი ნეტფლიქსისთვის ნარნიის ქრონიკების ორ ფილმს გადაიღებს. The New Yorker-ის ცნობით, გერვიგი კ. ს. ლუისის ფენტეზი საგის მინიმუმ ორი ეკრანიზაციის სცენარისტი და რეჟისორი იქნება.

დიდი ხნის განმავლობაში ვრცელდებოდა ხმები, რომ ნარნიის ეკრანიზაციას, რომლის უფლებაც ჯერ კიდევ 2018 წელს დაისაკუთრა ნეტფლიქსმა, სწორედ გერვიგი მოჰკიდებდა ხელს. თუმცა, 2018 წლის შემდეგ, სტრიმინგ კომპანიას ამ პროექტის შესახებ არანაირი სიახლე არ გაუვრცელებია.

რაც შეეხება გრეტა გერვიგს, უკვე შემდგარი მსახიობის სარეჟისორო დებიუტი 2017 წელს, ფილმ Lady Bird-ის გამოშვებით შედგა. მას შემდეგ იყო ლუიზა მეი ოლკოტის პატარა ქალების ეკრანიზაცია (2019). ორივე ფილმი ჯამში ოსკარის 11 ნომინაციაში წარადგინეს, მათ შორის, საუკეთესო რეჟისურის კატეგორიაშიც (რითაც გრეტა ოსკარის შვიდი ნომინანტი რეჟისორი ქალიდან ერთ-ერთი გახდა). რეჟისორის რიგით მესამე ნამუშევარი ბარბია, რომელიც ივლისში გამოდის. მას უკვე უწინასწარმეტყველებენ წლის კინომოვლენის სტატუსს.

აი, ნარნია კი მაყურებლების არაერთი თაობისთვის საყვარელი ფრენჩაიზია უკვე. ბრიტანელი მწერლის, კლაივ სტეპლზ ლუისის, კლასიკად ქცეული შვიდწიგნეულის მიხედვით დისნეიმ წლების წინ სამი ფილმი გადაიღო: ლომი, კუდიანი და გარდერობი (2005), პრინცი კასპიანი (2008) და განთიადის დამმორჩილებლის მოგზაურობა (2010). სამივე ფილმმა ჯამში $1,5 მილიარდზე მეტი გამოიმუშავა.