ანტარქტიდის მყინვარიდან სისხლისფერი სითხე მოჩქეფს — რასთან გვაქვს საქმე

ანტარქტიდის მყინვარიდან სისხლისფერი სითხე მოჩქეფს — რასთან გვაქვს საქმე

ანტარქტიდაზე მდებარე ტეილორის მყინვარზე უჩვეულო რამ ხდება — იქიდან სისხლისფერი სითხე მოედინება, რომლის წარმომავლობის დადგენასაც მეცნიერები უკვე 1 საუკუნეზე მეტია, ცდილობენ. ამ ადგილს სისხლიან ჩანჩქერს უწოდებენ, ახალი კვლევის მეშვეობით კი მასზე მეტი შევიტყვეთ.

სპეციალისტებმა ამ არეალიდან ნიმუშები აიღეს. ისინი ტრანსმისიული ელექტრონული მიკროსკოპით შეისწავლეს და საინტერესო რაღაცას მიაგნეს.

"როგორც კი მიკროსკოპულ სურათებს შევხედე, შევნიშნე, რომ იქ პატარა, რკინით მდიდარი ნანოსფეროები იყო. ასევე, ისინი შეიცავდა სილიციუმს, კალციუმს, ალუმინს, ნატრიუმსა და სხვა ელემენტებს", — ამბობს ნაშრომის თანაავტორი, კენ ლივი.

სითხეში მსგავსი ნანოსფეროების აღმოჩენა ამტკიცებს თეორიას, რომ ის მინერალების სიჭარბემ წარმოქმნა. ისინი ბუნებაში ძირითადად კრისტალური ფორმით გვხვდება, თუმცა ნანოსფეროები, რომლებიც სისხლის წითელ უჯრედებზე 100-ჯერ პატარაა, გამონაკლისია.

მათი იქ არსებობა მიანიშნებს მიკროორგანიზმებზეც, რომლებიც ანტარქტიდის მყინვარის მარილიან წყლებში, პოტენციურად, მილიონობით წლის განმავლობაში ბინადრობდნენ. ეს მიგნება არამიწიერი სიცოცხლის ძიებისთვისაც უმნიშვნელოვანესია, რადგან ნანოსფეროები მის ერთგვარ ინდიკატორად მიიჩნევა.

საინტერესოა, შეუძლია თუ არა მარსმავლებს ამგვარი ნიმუშების სათანადოდ გაანალიზება. მკვლევრები ამბობენ, რომ ეს აპარატები, სამწუხაროდ, მინერალებს მხოლოდ კრისტალურ ფორმაში აფიქსირებს.