სეულში, სამხრეთ კორეის ეროვნულ თეატრში, რობოტმა, EveR 6-მა დირიჟორის როლი მოირგო. ქვეყანაში ეს შემთხვევა მსგავსი ინოვაციის პირველი მცდელობაა.
კორეის ინდუსტრიული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მიერ შექმნილი რობოტის დებიუტი ქვეყნის ეროვნულ ორკესტრთან ერთად შედგა.
მან ჯერ მაყურებელს დაუკრა თავი, შემდეგ კი, დირიჟორობა დაიწყო. ორკესტრს მასთან ერთად ჩოი სუ-იოლი ხელმძღვანელობდა. მისი თქმით, რობოტმა საქმეს თავი კარგად გაართვა, თუმცა მთავარი სისუსტე ისაა, რომ მოსმენა არ შეუძლია.
"დირიჟორის მოძრაობები ძალიან კონკრეტული და სპეციფიურია. რობოტმა მათი შესრულება ბევრად უკეთ შეძლო, ვიდრე ველოდი. ამ შემთხვევამ აჩვენა, რომ არაა აუცილებელი რობოტებმა ადამიანები ჩაანაცვლონ, მათ თანაარსებობა და ერთმანეთის შევსებაც შეუძლიათ", — აღნიშნა ჩოიმ კონცერტის შემდეგ.
რობოტის შესრულება კონცერტის ერთ-ერთმა დამსწრემ, ლი იანგ-ჯუმაც შეაფასა, რომელიც ტრადიციულ კორეულ მუსიკას სწავლობს. მისი თქმით, მართალია, EveR 6-ის მოძრაობები რიტმულია, თუმცა აკლია უნარი, ორკესტრში მზადყოფნისა და ერთიანობის განცდა შექმნას, რაც, მისი თქმით, აუცილებელია.
"ჩემი აზრით, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო იმისთვის, რომ რობოტმა საქმე კარგად შეასრულოს," — ამბობს ლი.
EveR 6-ის გამოსვლა კიდევ ერთმა დამსწრემ, სონგ ინ-ჰომ გააკრიტიკა და თქვა, რომ შესრულება ელემენტარული დონის იყო.
"ვფიქრობ, რომ რობოტი დამოუკიდებლად დირიჟორობას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მუსიკის გაიგებს," — აღნიშნავს ინ-ჰო.