საპენსიო სააგენტოში დირექტორები ვერ ჩერდებიან – 4 წელიწადში უკვე მეორე ხელმძღვანელმა დატოვა პოსტი

საპენსიო სააგენტოში დირექტორები ვერ ჩერდებიან – 4 წელიწადში უკვე მეორე ხელმძღვანელმა დატოვა პოსტი

საპენსიო სააგენტო ბოლო 4 წელიწადში უკვე მეორე ხელმძღვანელს იცვლის. ორივე მათგანი თავისი სურვილით გადადგა მაშინ, როდესაც მინიმუმ 5 წლით იყვნენ დანიშნულნი და მაღალი ანაზღაურებაც ჰქონდათ.

საპენსიო სააგენტოს მოქმედმა ხელმძღვანელმა გიორგი დანელიამ გადადგომის შესახებ პარასკევს სოციალურ ქსელიდან ამცნო საზოგადოებას და დაადასტურა, რომ სააგენტოს დირექტორის თანამდებობას თავისი ნებით ტოვებს.

„ძვირფასო მეგობრებო, საპენსიო რეფორმა ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფეხურია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს, როგორც ეკონომიკის მდგრად განვითარებაში, ასევე საფუძველი უნდა დაუდოს მოქალაქეთა სოციალურ უსაფრთხოებას.

ვამაყობ, რომ ბოლო 2.5 წლის განმავლობაში ვმუშაობდი საპენსიო სააგენტოს გუნდთან ერთად, რომლის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა ამ დიდი სამუშაოს განხორციელება!

ცხადია, რომ ისევე როგორც ყველა მნიშვნელოვან საქმეს, საპენსიო რეფორმასაც უამრავი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კონტექსტიდან გამომდინარე სირთულე და გამოწვევა ახლდა თან. მაგრამ ჩვენმა გუნდმა ამ პერიოდში არა მხოლოდ დასძლია ყველა ეს სირთულე, არამედ ასევე განახორციელა არაერთი საიმედო ინვესტიცია და სქემის მონაწილეებს მოუტანა 500 მილიონ ლარზე მეტი მოგება.

მიმაჩნია, რომ საპენსიო ფონდში ჩემი მისია დასრულებულია. უწყება უკვე ჩამოყალიბდა ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტად, რომელიც ღირსეულ როლს ითამაშებს ქვეყნის შემდგომ განვითარებაში და რომელსაც (დარწმუნებული ვარ) კარგად გაუძღვებიან ჩემი შემცვლელები.

ამ ეტაპზე, მე ვინაცვლებ კერძო სექტორში, კონკრეტულად კი საბანკო სფეროში და იქიდან ვეცდები ჩემი წვლილი შევიტანო ეკონომიკის შემდგომ განვითარებაში!“ - დაწერა გიორგი დანელიამ, რომელიც საპენსიო სააგენტოს 2020 წლის 15 დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.

საპენსიო სააგენტოში რომ მთლად დალაგებული სიტუაცია არ არის, ამაზე მიანიშნებენ ეკონომისტები. ISET-ის წამყვანი ანალიტიკოსს გიორგი პაპავას მოსაზრებით, დანელიას მიერ საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობის დატოვება კითხვის ნიშნებს აჩენს და სავარაუდოდ, მომავალში აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მეტი სიცხადე იქნება.

„ბოლო პერიოდში საპენსიო სააგენტოს მხრიდან ბევრი მცდელობა იყო, მათი საქმოსნობის შესახებ გამჭვირვალობა და ცნობადობა მაქსიმალურად გაზრდილიყო. ბევრი შეხვედრის ორგანიზება ხდებოდა და საუბარი იყო ახალ ცვლილებებზე და გამოწვევებზე, რაც წინგადადგმული ნაბიჯი იყო, რადგან საზოგადოებამ მაქსიმალურად იცოდეს რა ხდება საპენსიო სააგენტოში, სად არის მათი ფული.

რაც შეეხება ფორმატს, არ არის სასიამოვნო, რომ ბოლომდე არ ვიცით, რა გახდა ამ გადაწყვეტილების საფუძველი. პარლამენტში მიდიოდა საუბრები, რომ საინვესტიციო კუთხით საპენსიო სააგენტოს მანდატი დაკორექტირებულიყო და ამ დროს ეს გადაწყვეტილება გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს.

იმედია, უფრო მეტი სიცხადე გვექნება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, საბოლოოდ ზიანი არ მიადგეს ინსტიტუტს და გააგრძელოს იმ მანდატის შესრულება, რაც მისთვის არის განსაზღვრული“, - განაცხადა პაპავამ.

აღსანიშნავია, რომ გიორგი დანელია საპენსიო სააგენტოს მეორე ხელმძღვანელია, რომელიც თანამდებობიდან გადადგა. პოსტიდან 2019 წლის დეკემბერში ასევე წავიდა მისი წინამორბედი ლევან სურგულაძე, რომელმაც გადადგომის გადაწყვეტილების გასაჯაროვებისთვის პრესკონფერენციის ფორმატი არჩია.

საინტერესოა, რა გავლენას იქონიებს საპენსიო სააგენტოს რეპუტაციაზე ზედიზედ მეორე ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლა. ლევან სურგულაძემ „ბიზნეს მედიასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ცალსახად ეს არასასიამოვნო ფაქტია და სააგენტოსადმი ნდობის გაზრდას ხელს არ უწყობს.

„ცოტა გამიკვირდა. ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციის პირველი პირი იყო. წასვლას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს... მათ შორის პირადი მიზეზებიც, ან შესაძლოა, სხვაგან უკეთესი შეთავაზება მიიღო, არც ეს უნდა გამოვრიცხოთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, საპენსიო სისტემის სტაბილურობაზე რეპუტაციულად ყოველ 2 წელიწადში დირექტორის ცვლილებამ მაშინ, როდესაც 5 წლით არის დანიშნული, გარკვეული არასტაბილურობის შეგრძნება შეიძლება გამოიწვიოს. არ არის სასიამოვნო და ხელს არ უწყობს ნდობის გაზრდას“, - განაცხადა ლევან სურგულაძემ და დასძინა, რომ საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტის ინტერესია, რომ ეს ფული სწორად იყოს განკარგული.

„ნებისმიერი თანხას, რომელიც საინვესტიციოდ იდება დირექტორი აწერს ხელს და შეუძლია გააჩეროს თუ რაიმე არასწორად ხდება“, - აღნიშნა სურგულაძემ.