"ჩემი ბრალია" — კოლინ ჰუვერი It Ends with Us-ის მსახიობებზე კრიტიკას პასუხობს

ცნობილი ამერიკელი მწერალი კოლინ ჰუვერი თავისი წიგნის, ყველაფერი მთავრდება ჩვენით, ეკრანიზაციაში მონაწილე მსახიობებზე კრიტიკას პასუხობს. მსოფლიო ბესტსელერად ქცეული რომანის კინოადაპტაციაში მთავარ როლებს ბლეიკ ლაივლი და ჯასტინ ბალდონი შეასრულებენ. თუმცა, მკითხველთა ნაწილმა მიიჩნია, რომ მსახიობები თავიანთ შესასრულებელ პერსონაჟებს არ შეეფერებიან. ეს დიდწილად ასაკს უკავშირდება: 35 წლის ლაივლი 23 წლის გმირს, ლილი ბლუმს, ასახიერებს, 39 წლის ბალდონი კი — 30 წლის ნეიროქირურგ რაილ კინქეიდს. ამასთან, გადასაღები მოედნიდან ფოტოების გავრცელების შემდეგ, ზოგიერთი ფანი ბლეიკის ჩაცმულობამაც კი გააღიზიანა.

"[წიგნში] ჩაცმულობების აღწერა საერთოდ არ მახსენდება", — პასუხობს ჰუვერი კრიტიკას, — "დიდად არც მაინტერესებს, რა აცვიათ. ჩემთვის მთავარი მათი საუბარი და ამბავია; ასევეა ფილმშიც".

რაც შეეხება მსახიობების ასაკს, ჰუვერმა განაცხადა, რომ პერსონაჟების რეალობასთან უფრო მისაახლოებლად ფილმში მათი "გაზრდა" გახდა საჭირო.

"როცა წიგნი დავწერე, ზრდასრულთათვის განკუთვნილი პროზა ძალიან პოპულარული იყო", — ხსნის ჰუვერი, — "ძირითადად, უნივერსიტეტის ასაკის გმირებზე იწერებოდა წიგნები. ასე მოვიქეცი მეც, მაგრამ არ ვიცოდი, რომ ნეიროქირურგები 50 წელი სწავლობენ. 30 წლამდე ასაკის ნეიროქირურგს ვერც იპოვი. ხოლო, როცა ფილმზე მუშაობა დავიწყეთ, ვთქვი, პერსონაჟებს ასაკი უნდა მოვუმატოთ, რადგან ჩემი შეცდომაა-მეთქი. ასეა, ჩემი ბრალია".

ჰუვერმა ასევე ისაუბრა გადასაღებ მოედანზე ყოფნისას მიღებულ ემოციებზე და განაცხადა, რომ ფანები საბოლოო ნამუშევრით კმაყოფილები დარჩებიან.

"მტირალა არ ვარ", — ამბობს მწერალი, — "ვიცი, რომ ემოციურ წიგნებს ვწერ, მაგრამ თავად სულაც არ ვარ ემოციური. თუმცა, გადასაღებ მოედანზე ბევრი ვიტირე".

2016 წელს გამოცემული ყველაფერი მთავრდება ჩვენით ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია, კოლინ ჰუვერი კი თანამედროვე ლიტერატურის პოპვარსკვლავადაც იქცა უკვე. გამოცემა Publishers Weekly-მ ავტორი გასული წლის "ბესტსელერების დედოფლადაც" კი მოიხსენია. მსოფლიოში ჰუვერის რომანების 20 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ჟურნალმა Time-მა ავტორი 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორისაც დაასახელა.

ასეთი პოპულარობა დიდწილად ტიკტოკის დამსახურებაცაა, სადაც ჰუვერის შემოქმედება განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს. სწორედ ბუქტოკს — ტიკტოკის ლიტერატურულ "განყოფილებას" — მიეწერება წიგნის ყველაფერი მთავრდება ჩვენით გაპოპულარება. რომანი უკვე 100 კვირაზე მეტია, The New York Times-ის ბესტსელერების სიაში წამყვან პოზიციებს არ თმობს.