რა უპასუხა ივანიშვილმა რუსეთს კულუარულ შეთავაზებაზე

რა უპასუხა ივანიშვილმა რუსეთს კულუარულ შეთავაზებაზე

"მე ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება სწორია. ის უნდა წავიდეს იმიტომ, რომ დღეს უკვე დისბალანსს ქმნის ქართულ პოლიტიკურ სპექტრში - მან შეავსო მთელი სივრცე და ადგილი აღარ რჩება სხვებისთვის. მხოლოდ მცირე ადგილია დატოვებული "ნაციონალური მოძრაობისთვის", დანარჩენები კი არიან მაყურებლის როლში. ასე ერთ კაცზე ჩამოკიდებული პოლიტიკური სისტემა ქვეყანას წინ ვერ წაწევს. რადგან მთელი პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილზეა ჩამოკიდებული, პოლიტიკური სისტემა ყველაფერს ბუნებრივად შეიწოვს და მერე ძნელი იქნება უმარტივესი გადაწყვეტილებების მიღებაც კი", - აცხადებს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა უპასუხა ივანიშვილმა რუსეთს კულუარულ შეთავაზებაზე.

"შეიძლება ყველა გადაწყვეტილებას ივანიშვილი არ იღებდეს, მაგრამ თვითონ პოლიტიკური სისტემა იქნება აწყობილი ერთი კაცის აზრზე. შეიძლება ეს რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეფექტური იყოს, თუმცა, საბოლოო ჯამში ნორმალურ შედეგს არ მოგვცემს - ეს "ნაციონალების" საქმიანობამაც დაამტკიცა. ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილს არავინ აჩქარებს. უბრალოდ, მან დაინახა, რომ სირთულეები მატულობს. ის ამ სირთულეების გადაჭრას კი არ გაურბის, მას პიროვნულად აღარ სჭირდება ასეთ მდგომარეობაში ყოფნა და გაურბის ერთ კაცზე დაკიდებული სისტემის შექმნას. თუ მან გვერდით არ გაიწია, სისტემა მისგან დამოუკიდებლად აუცილებლად შეიკვრება!" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვალერი ხაბურძანია და შეკითხვას - "დღეს ბევრს ლაპარაკობენ, თითქოს ივანიშვილი ვეღარ უძლებს ცალკე რუსეთის ზეწოლას და ცალკე ამერიკელების ჭკუის დარიგებას", - პასუხობს:

", ასე არ მგონია. ჩემი კულუარული ინფორმაციით, მასთან რაღაც კონტაქტები იყო, მაგრამ თვითონ არის მოწინააღმდეგე ფარული მოლაპარაკებებისა რუსეთთან. ბიძინა ივანიშვილი ჯერჯერობით თავს იკავებს ამ კონტაქტებისგან. მე არ მესმის, რა ფორმით უნდა ახდენდეს ზეწოლას რუსეთი? ევრაზიული კავშირი ჯერ თვითონ არ არის ჩამოყალიბებული, ამ გაერთიანების პოლიტიკური კონტურები არ ჩანს. შენ ადამიანი დააჩქარო შემოდი იქ, რაც ჯერ არ არსებობსო, არასერიოზულია. მე იმასაც ვხედავ, რომ ბიძინა ივანიშვილს დასავლეთში მხარდაჭერა ადრე უფრო სუსტი ჰქონდა, ვიდრე დღეს. ბოლოს ესტონეთის პრეზიდენტმაც კი, როგორც იქნა, აღიარა, ივანიშვილი ნამდვილი ევროპელიაო. ივანიშვილის წასვლა საერთაშორისო სარბიელზე რეიტინგს არ უკავშირდება - კიდევ ვიმეორებ, მას აქვს ქვეყნისა და საკუთარი ცხოვრების ინტერესები. როცა თანამდებობიდან წავა, ამ ყველაფერს შეაჯერებს და უფრო მეტს საქართველოსთვის".

"ჩვენ ყველაფერს ვუყურებთ საკუთარი გადმოსახედიდან, მაგრამ არსებობს პოლიტიკური პროცესების კანონები. ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო პერიოდში უშვებს დიდ შეცდომებს - მას რომ გადაწყვეტილი ჰქონდეს წასვლა, არანაირად არ უნდა თქვას. ახლა ცდილობს შეცდომები სხვანაირად გამოასწოროს - თუ ჩემს კანდიდატს მხარს არ დაუჭერთ, მაშინ წავალო. ფაქტობრივად, დააშანტაჟა ამომრჩეველი. მოდით, სიტუაციას რეალურად შევხედოთ - გიორგი მარგველაშვილი აუცილებლად გაიმარჯვებს. ნინო ბურჯანაძეს მხარს უჭერს ადამიანთა მხოლოდ ის კატეგორია, რომელიც "განაწყენდა" ქართულ ოცნებაზე. ამ შემთხვევაში აგრესიული ელექტორატის გარდა, არსებობს უფრო პასიური და მშვიდი ელექტორატი, რომელიც ხელისუფლებას მისცემს ხმას", - მიიჩნევს უშიშროების ყოფილი მინისტრი.

"დღეს ვინც "ქართული ოცნებიდან" ბურჯანაძესთან გადარბის, ის არ არის სანდო მხარდამჭერი - ამ ადამიანებმა ვერ მიიღეს რაღაც კეთილდღეობა და გაბრაზდნენ. თუ ბურჯანაძესთანაც ვერ იხეირებენ, იქიდანაც გაიქცევიან... ნაციონალურ მოძრაობას" თავის დროზე ჰყავდა მხარდამჭერები, მათ გარკვეული იდეოლოგიაც აქვთ - შელამაზებული, ვითომ ევროპული ორიენტაცია. მათ ლიბერალიზმი კი აქვს დროშად აფრიალებული, მაგრამ ეს უფრო სასტიკი ლიბერალიზმია, რაც საზოგადოების ინტერესებს საერთოდ არ ითვალისწინებს. აქ ვაწყდებით ერთ საშიშროებას - "ნაციონალებს" აქვთ ძალიან დიდი და უკონტროლო ფულლი, მათ შეუძლიათ ეს ფული ქართულ პოლიტიკაში შემოაბრუნონ. ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს. მე ვერ ვიტყვი წინასწარ რა შედეგები იქნება.