სააკაშვილს იჭერენ?

სააკაშვილს იჭერენ?

(იბეჭდება შემოკლებით)

ოპოზიციას პროკურატურა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებას უყენებს. მინიმალური სასჯელი - ჯარიმა, ხოლო მაქსიმალური - სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

დავით გამყრელიძე, ზურაბ ჟვანია და გიორგი ბარამიძე პროკურატურამ მოწმის სახით უკვე დაკითხა.

მიხეილ სააკაშვილს ჯერ მხოლოდ ერთხელ გაუგზავნეს უწყება, მაგრამ „ნაციონალების“ ლიდერი პროკურატურაში მისვლას არ აპირებს (საინტერესოა, რითი იყვნენ მასზე ნაკლები გამყრელიძე, ან ჟვანია).

მოკლედ, სასამართლო რეფორმის მამა სამართალდამცავებთან კონტაქტს გაურბის. სააკაშვილი აცხადებს, რომ მას საქმე აქვს და თუ პროკურატურას სურს, იქით ეწვიოს დაკითხვაზე.

სააკაშვილის მისამართის გაგება საკრებულოშია შესაძლებელი, მის მდივანს აუცილებლად ეცოდინება ის სახლი, რომლის სახურავზეც საკრებულოს თავმჯდომარის ნახვა შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, ასეთ კომენტარს აკეთებს „ნაცმოძრაობის“ ლიდერი.

მაგრამ მისი ოპოზიციონერი კოლეგებისგან განსხვავებით, სააკაშვილს უფრო ცუდად აქვს საქმე, მას იმუნიტეტი აღარ იცავს. ასე რომ, პროკურატურამ იძულებით მოყვანასთან დაკავშირებით, სასამართლოსგან ნებართვა რომ აიღოს, მთაწმინდა-კრწანისის პროკურატურაში საკრებულოს თავმჯდომარეს აუცილებლად მიიყვანენ.

რა ჩვენება მისცეს გამყრელიძემ, ბარამიძემ და ჟვანიამ პროკურატურას?

სამართალდამცავების თქმით, სამივე მოწმე ადვოკატის გარეშე გამოცხადდა და საკმაოდ ვრცელი ჩვენება მისცა. სამივე აღიარებს, რომ ქუჩაში გამოსვლა მათი ორგანიზებული იყო, მაგრამ ამის გამო თავს დამნაშავედ არცერთი თვლის.