ტეილორ სვიფტმა ფანებს სთხოვა, ახალი ალბომის გამოსვლის შემდეგ მის ყოფილს არ გადაუარონ

ტეილორ სვიფტმა ფანებს სთხოვა, ახალი ალბომის გამოსვლის შემდეგ მის ყოფილს არ გადაუარონ

ტეილორ სვიფტმა რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ მუსიკალური ტურნე წამოიწყო. ტეილორ სვიფტის ტურნე, სახელად The Eras Tour, მსოფლიო მასშტაბით 2024 წლის ჩათვლით გაგრძელდება. გასულ შაბათს, ერთ-ერთი სიმღერის შესრულების შემდეგ, ტეილორ სვიფტმა ფანებს უთხრა, რომ მისი ალბომი Speak Now მალე ხელახლა გამოვა, რასთან დაკავშირებითაც გულშემატკივრებთან პატარა თხოვნა ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ტეილორ სვიფტმა თავისი 6 ალბომის ახალი ვერსიების ჩაწერა დაიწყო, რადგან მისმა ყოფილმა ლეიბლმა, Big Machine-მა, მომღერლის ჩანაწერების ნაწილი 2019 წელს გაყიდა. ტეილორი კი ძველი ალბომების განახლებულ ვერსიებს თავიდან უშვებს, რათა საავტორო უფლებები მხოლოდ მას ეკუთვნოდეს. ალბომი Speak Now (Taylor’s Version) 7 ივლისს გამოვა.

Speak Now ალბომის სიმღერების ნაწილის შთაგონების წყარო ტეილორის ერთ-ერთი ყოფილი შეყვარებული ჯონ მაიერია. ჯონ მაიერი სვიფტის ფანების განსაკუთრებული ანტიპათიით სარგებლობს, რისი მიზეზიც მასზე დაწერილი სიმღერების შინაარსის გარდა ისაა, რომ მაიერი 32 წლის იყო, როცა 19 წლის ტეილორს ხვდებოდა.

ალბომის გამოსვლის დაანონსებისთანავე, სვიფტის ფანები ჯონ მაიერის სოციალურ ქსელებში კომენტარებს უწერენ და საყვედურობენ იმის გამო, თუ როგორ მოექცა ტეილორს ურთიერთობის დროს. როგორც ჩანს, ეს ამბავი არც სვიფტს გამოჰპარვია, ამიტომ გადაწყვიტა, კონცერტზე ფანებისთვის ეთხოვა, მაიერს თავს არ დასხმოდნენ

"ახლა 33 წლის ვარ და საერთოდ აღარ მაღელვებს, რა გადამხდა 19 წლის ასაკში, გარდა იმ სიმღერებისა, რომლებიც დავწერე. არ იფიქროთ, რომ ინტერნეტში ვინმესგან დაცვა მჭირდება იმ სიმღერების გამო, რომელიც დაახლოებით 14 მილიარდი წლის წინ დავწერე", — განაცხადა ტეილორ სვიფტმა.