ტეილორ სვიფტმა ფანის გარდაცვლილი ძმის პატივსაცემად სიმღერა შეასრულა

ტეილორ სვიფტმა ფანის გარდაცვლილი ძმის პატივსაცემად სიმღერა შეასრულა

24 ივნისს მინეაპოლისში ჩატარებულ კონცერტზე ტეილორ სვიფტმა ერთ-ერთი სიმღერა ფანის გარდაცვლილი ძმის პატივსაცემად შეასრულა.

ქეითლინ აინანტუონს სვიფტი 2006 წლიდან უყვარს და რამდენჯერმე პირადადაც შეხვედრია. მისი უფროსი ძმა, ბრაიანი, 5 წლის წინ 24 ივნისს ავტოავარიაში დაიღუპა, რის გამოც ქეითლინისთვის ეს დღე ყოველ წელს განსაკუთრებულად რთულია ხოლმე. ამის გამო, გადაწყვიტა, კონცერტს მინეაპოლისში დასწრებოდა, რათა მისთვის მნიშვნელოვან დღეს "ტეილორთან ერთად ერთ ოთახში ყოფილიყო".

ქეითლინმა კონცერტის დღეს ტვიტერის პოსტში ტეილორი დათაგა და მას Daylight-ის შესრულება სთხოვა. მისი თქმით, ეს სიმღერა გლოვის პერიოდში ძალიან დაეხმარა და ძმის გარდაცვალების დღეს მისი ლაივში მოსმენა ძალიან ბევრს ნიშნავდა. ტვიტი 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

"ჰეი, ტეილორ, 5 წელი გავიდა მას მერე, რაც ჩემი ძმა გარდაიცვალა. დღევანდელ შენს შოუზე ბილეთი მე-14 რიგის A13 ადგილას მაქვს. ჩემთვის უზომოდ ძვირფასი იქნება, თუ Daylilght-ს იმღერებ. ამით ამ რთულ დღეს გამიმარტივებ. ძალიან მიყვარხარ".

ტეილორმა სიმღერა მართლაც შეასრულა.

"არ მჯერა, რომ ეს მოხდა და არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი მადლიერება შენ მიმართ, ტეილორ. ეს მძიმე დღე შენ იდეალურად აქციე. რამდენადაც რთულია ის, რომ ჩემი ძმა ფიზიკურად ჩემთან აღარაა, ვიცი, რომ სულით აქაა და შენ ეს დამიდასტურე. 'ახლა მხოლოდ სინათლეს ვხედავ' (ტექსტი Daylight-დან) ძალიან მიყვარხარ".

ცნობილმა მომღერალმა ტეილორ სვიფტმა რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ მუსიკალური ტურნე მარტში წამოიწყო. ტურის თითოეული კონცერტი 3 საათზე მეტხანს გრძელდება, რა დროსაც არტისტი 44 სიმღერას ასრულებს.