მენშევიკების დაუსრულებელი მეჯლისობა

მენშევიკების დაუსრულებელი მეჯლისობა

ჩვენში სოციალ-დემოკრატებმა ვერ იქნა და ვერ მოიშალეს უადგილო და უკანონო მოხმარება სახელმწიფო აპარატისა. განუკითხავად მომქმედნი, ისინი ანგარიშს აღარავის უწევენ და თავის კაპრიზისამებრ ატრიალებენ მომარჯვებულად დაჭერილ მმართველობის ჩარხს.

თბილისის მცხოვრებნი ისე შეეჩვივნენ რესპუბლიკის ორგანოების ქუჩებში გამომზეურობის ხილვას, რომ არც კი იციან და ხშირად არც აინტერესებთ საბაბი ამ ამბების.

ყველაფერს უნდა ჰქონდეს ზომიერება და მით უმეტეს სახელმწიფოს სფეროში, რომ გადაჭარბებული ხმაურობა და ალიაქოთი მეტიჩრობაში და უნახაობაში არ ჩამოგვართვან.

მართლაც ბოლოს და ბოლოს უნდა დაიდოს საზღვარი კერძო და სახელმწიფო მოვლენათა შორის და სასტიკად აღიკრძალოს ფუნქციათა აღრევა, რითაც საქართველოში პირდაპირ ეპიდემიური ხასიათი მიიღო.

სოციალ-დემოკრატებს „ნეგლიჟობა“ უყვართ. შინ და გარეთ ერთნაირად გრძნობენ თავს და ვერ შეუტყვიათ აქამდის, რომ თავის საკუჭნარსა და სამსახურის კაბინეთის შუა გასნსხვავება ცოტა მაინც არსებობს.

ქართველ სოციალისტ-დემოკრატებს მეგობრები საკმაო მოეპოვებათ რუსეთსა და ევროპაშიც. მათგან ზოგს დიდი სურვილი აღეძრათ ბოლო დროს ჩვენი სამშობლოს ხილვისა და მიუხედავად უგზოობისა და სხვა ხელისშემშლელი პირობებისა მაინც ახერხებენ მოსვლას აქ. ამაში ჩვენ ცუდს არაფერს ვხედავთ. პირიქით, სასურველიც არის ეკზოტიურ ადამიანების გაცნობა... მაგრამ ქართველ სოციალ-დემოკრატებს დღესაც არ ესმით, რომ ზოგი სტუმარი სახელმწიფოს ეახლება, ზოგი - პარტიას, ზოგიც ამა თუ იმ პიროვნებას.

აი ეხლახან გავაცილეთ ევროპის სოციალისტები. ვინ იყვნენ ისინი, ვისგან მოგზავნილნი და ვისთან? მეორე ინტერნაციონალის წევრები ესტუმრნენ საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ პარტიას - არც მეტი არც ნაკლები!

მასპინძლად უნდა გამოსულიყო მენშევიკების ცენტრალური კომიტეტი და არავითარ შემთხვევაში არც მთავრობა, არც დამფუძნებელი კრება, არც ჯარის ნაწილები და სახელმწიფოს სხვა ორგანოები.

ჩვენ კი დედაქალაქის ქუჩებში ნამდვილი გამოფენა გავმართეთ ჩვენი სახელმწიფო ავლადიდებისა, თითქოს ვშიშობდით, რომ ევროპიელთ ეჭვი არ შეეტანათ რესპუბლიკის ამა თუ იმ დარგის სისუსტეში ან უვარგისობაში. ასეთი ყოყოჩური გამოსვლები უსათუოდ კომიკურ შთაბეჭდილებას სტოვებენ და რესპუბლიკისთვის უსარგებლონი არიან, მატერიული ზარალიც რომ არ მივიღოთ მხედველობაში.

აიღეთ თუ გინდ კარლ კაუცკის ჩამოსვლა. ჭეშმარიტად დიდი პიროვნებაა! უაღრესად განათლებული, პირველხარისხოვანი მწერალი, მარქს-ენგელსის კანონიერი მემკვიდრე სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში, გერმანიის დემოკრატიის აზრთა მპყრობელი. მიუხედავად ყველა ამ ღირსებისა, რა საჭირო იყო წარსულ კვირას ქუჩებში ამტყდარი აურზაური და ცერემონიები. მუშური ორგანიზაციებისა და პროფესიული კავშირების მანიფესტაცია გასაგებიც იყო და, თუ გნებავთ, საჭიროც...

სახელმწიფოს დაწესებულებების ქუჩებში გამორეკა ვიღას დასჭირდა? რა აზრი ჰქონდა მცირეწლოვან ბავშვების „ფორსიროვკას“, რათ იდგნენ საათობით ქუჩებში პაწაწინა არსებანი? ვინ გასცა ეს „ბრძნული“ განკარგულება? უპურობის დროს ფერმიხდილ ბავშვების „მარშიროვკა“. თუნდაც ორკესტრით რა წესია?! აკი ამიტომაც პანტებივით ცვივოდნენ ქუჩებში გულშეწუხებული პატარა შეგირდები.

ყველაფერს თავისი ადგილი და დრო უნდა ჰქონდეს.

მასალის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას