მეცნიერთა გუნდმა შეძლო ის, რაც გეოლოგიაში წინ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად მიიჩნევა — მათ სპეციალური ბურღით დედამიწის მანტიამდე ჩააღწიეს და იქიდან ნიმუშებიც მოიპოვეს.
მყარი ქვის ეს ფენა პლანეტის სიღრმეში 1 კილომეტრზე მეტ მანძილს იკავებს და დედამიწის ზედაპირიდან იმდენად ქვემოთაა განლაგებული, რომ აქამდე მასთან ასე მიახლოება ვერ ხერხდებოდა. ამის მიუხედავად, ჩრდილოეთ ატლანტის ოკეანეში არსებობს ერთი ადგილი, სადაც ე.წ. ტექტონიკური ფანჯარა გვხვდება, ანუ რეგიონი, რომლის მიმდებარედაც მანტია უფრო მაღლაა ამოწეული.
ის მკვლევრებმა JOIDES Resolution-ის სახელით ცნობილი გემის საბურღი მოწყობილობის მეშვეობით გახვრიტეს და 1 270-მდე მეტრი სიღრმიდან შესასწავლად სათანადო მატერია ამოიღეს. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე ღრმა მსგავსი ორმო არაა, თუმცა იქ ზედაპირთან მანტიის ახლო განლაგების გამო მეცნიერებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ.
ბურღმა დედამიწის ქერქი გაიარა, რომლის ქვემოთაც გეოლოგებისთვის საინტერესო მატერიას ვხვდებით. პირვანდელი ანალიზით, მანტიის ნიმუშებში პერიდოტიტის ქანი დომინირებს, მაგრამ წყალთან ურთიერთქმედების შედეგად ისინი შეიცვალა, რისი მიზეზიც დასადგენია.
მთავარი კითხვაა, მანტიასა და ქერქს შორის მიჯნა მკაფიოა თუ უფრო გარდამავალი. ახალი მიღწევა შესაძლოა, ამის გარკვევაში დაგვეხმაროს.