ახალგორელებმა “საზღვრის” ჩაკეტვის წინააღმდეგ ხელმოწერები შეაგროვეს

ახალგორელებმა “საზღვრის” ჩაკეტვის წინააღმდეგ ხელმოწერები შეაგროვეს

ცხინვალის ბრძანება ახალგორის ნაწილობრივ ჩაკეტვასთან დაკავშირებით, რომელიც 9 დღეში უნდა ამოქმედდეს, შესაძლებელია ძალაში 18 სექტემბერს აღარ შევიდეს; ან ოქტომბრისკენ გადაინაცვლოს, ან გაურკვეველი ვადით გადაიდოს. როგორც “მთელი კვირისთვის” გახდა ცნობილი, ბოლო ერთი თვის მანძილზე ახალგორის ორგანიზაცია-დაწესებულებებში თანამშრომლებმა ხელმოწერები იმ მოთხოვნით ააგროვეს, რომ ახალგორის ჩაკეტვა არ მოხდეს.      

საქმე ეხება ცხინვალის მიმდინარე წლის 18 ივნისის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც 18 სექტემბრიდან “ლენინგორის რაიონის მიმართულებით წყდება სატრანსპორტო მოძრაობა და ყოველგვარი მიმოსვლა საქართველოს მხრიდან და გარდა პირადი ნივთებისა, სხვა ტვირთის გადმოტანა იკრძალება.”

სექტემბრიდან ახალგორის მიმართულებით ვერც ერთი ავტომანქანა ქართული სანომრე ნიშნით რომ ვეღარ გადაადგილდება და ადგილობრივებს მხოლოდ პირადი მოხმარების საგნების შეტანის უფლება ექნებათ, ამის შესახებ ცნობილი 3 თვის წინ გახდა.

“ეს გადაწყვეტილება საქართველოს მხრიდან კონტრაბანდული პროდუქციის შემოტანის აღკვეთას ემსახურება. გარდა ამისა, გაირკვევა, ბოლოს და ბოლოს ვის უნდა რეალურად ლენინგორში ცხოვრება, რადგან ვისაც არ უნდა წავა. წავიდა ის დრო, როცა ვეხვეწებოდით, მოდით და იცხოვრეთ. ისევ ივლის და დარჩება ის, ვისაც მართლა აქ უნდა ცხოვრება,”- ასეთი იყო საგზაო შეზღუდვასთან დაკავშრებით ცხინვალის განმარტება.

ახალი რეგულაციებით – თბილისიდან მგზავრი სოფელ ოძისამდე, სადაც ქართული გამშვები პუნქტია და ქართული პოლიცია დგას, ავტომანქანით მივა; სოფელ ოძისშივე ქართული გამშვები პუნქტიდან 500 მეტრში რუსული ბლოკ-პოსტი მოდის, სადაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საზღვარი გადის. სწორედ ეს მანძილი მგზავრმა ქვეითად უნდა გაიაროს. რუსულ ბლოკ-პოსტზე რეგისტრაციის შემდეგ კი შეუძლია გააგრძელოს გზა უკვე სხვა ტრანსპორტით, რომელსაც ოსური ნომერი ექნება.

როგორც ერთ-ერთმა მძღოლმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ცხინვალი ახალგორში სპეციალურად ოსური სანომრე ნიშნით რამდენი სამარშრუტო ტაქსს შემოიყვანს. თუმცა როგორი იქნება მათი გრაფიკი, ვინ იქნებიან მძღოლები, როგორ შეთანხმდებიან მოქმედი მძღოლები დიდუბის ადმინისტრაციასთან, ან საერთოდ იარსებებს თუ არა რეისი თბილისი-ახალგორი და თბილისიდან სამარშრუტო ტაქსები, ანუ  ე.წ. “მარშუტკები”, ჯერჯეობით ეს ყველაფერი გაუგებარია; ამ დრომდე არ ჩანან ოსური სერია-ნომრიანი სამარშრუტო ავტომანქანები, ან ავტობუსები და არც ის არის ცნობილი, ქვეითად მავლებს საფეხმავლოდ რამე სხვა, ცალკე ტრანსპორტი (როგორც ეს გალშია) “მოემსახურება” თუU არა.  

რამდენადაც ბევრი რამე, ძირითადად კი ტექნიკური საკითხები ჯერ კიდევ გაურკვეველია, ახალგორელებს სწორედ ეს აძლევს იმის იმედს, რომ შესაძლებელია, დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის ჩაკეტვა სულ თუ არა, დროებით მაინც გადაიფიქროს. ამ მიზნით დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება. ცხინვალისადმი თხოვნის ტექტს ხელი თითიქმის ყველამ მოაწერა. ხელმოწერები დე ფაქტო ადმინისტრაციაში შეიტანეს. რა გადაწყდება – ეს ჯერ არავინ იცის, ადმინისტრაციიდან კი კომენტარებს არ აკეთებენ.

“მთელი კვირისთვის” ცხინვალიდან ცნობილი გახდა, რომ ამ საკითხის შესახებ მსჯელობა მართლაც მიდის. თავად ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციასა და ადგილობრივ ოსურ მილიციაშიც არაოფიციალურ საუბრებში უკვე ამბობენ, რომ შესაძლებელია ბრძანება დროებით მაინც ძალაში მართლაც არ შევიდეს.   

ცნობისათვის, ცხინვალის აღნიშნული ბრძანება თუკი ძალაში შევა, ქართული საკვები პროდუქცია, ასევე სამომხმარებლო საგნები ახალგორში 18 სექტემბრიდან ვეღარ შევა. ეს კი აზარალებს, არა მარტო ადგილობრივ მოსახლოებას, არამედ დე ფაქტო საზღვარსა და ყანჩავეთის რუსულ სამხედრო ბაზაზე დისლოცირებულ რუს სამხედროებს, რომლებსა ოჯახი ახალგორში ჰყავთ.

მართალია, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ახალგორის რაიონულ ცენტრში საგრძნობლად იმატა რუსული პროდუქციით მოვაჭრე მაღაზიებმა, მაგრამ მუშტარი ქართულ მაღაზიებში არ კლებულობს. თუკი ადრე რუსული მხოლოდ სამი მაღაზია იყო, ახლა უკვე რუსული პროდუქციით მოვაჭრე მაღაზიების რაოდენობა 10-მდე ადის. მათში იყიდება როგორც საკვები, ასევე სხვადასხვა ტიპის საყოფაცხოვრებო ნივთები. ბრძანების ძალაში შესვლის შემთხვევაში რა ბედი ელით ქართული პროდუქციით მოვაჭრე ახალგორის მაღაზიებს, ჯერჯერობით დაუდგენელია. ასეთი კი რაიონულ ცენტრში 7-მდეა.

ადგილობრივებს, რომლებიც მუდმივად ჩადიან წეროვანსა და თბილისში სხვადასხვა საჭიროების (სამსახური, განათლება, ჯანდაცვა, ვაჭრობა...) გამო, ბრძანების ამოქმედების შემდეგ არჩევანის გაკეთება მოუწევთ – ან ახალგორში უნდა დარჩნენ, ან წეროვანში გადმობარგნენ, სადაც სააკაშვილის ხელისუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ ახალგორიდან არავინ (გარკვეული გამონაკლისების გარდა) გამოუდევნიათ, საცხოვრებელი კოტეჯი ჩამოურიგა. ახალგორელთა უმრავლესობა გადაჭრით ამბობს, რომ ჩაკეტვის შემთხვევაში, ახალგორს მიატოვებს და წეროვანში წამოვა. თუკი ეს ასე მოხდა, ახალგორს მოსახლეობისგან დაცლა ელის, რაც კონფლიქტოლოგ-ექსპრეტთა მოსაზრებით, ცხინვალს და არც მოსკოვს ხელს არ უნდა აძლევდეს.    

ახალგორელებს იმედი აქვთ, რომ 18 სექტემბრამდე რამე შეიცვლება - ცხინვალი კომპრომისზე წავა და გზის ჩაკეტვას გადაიფიქრებს. საუბარია იმაზეც, რომ ჩაკეტვის შემთხვევაში შესაძლებელია ტვირთებისთვის ცალკე გამშვები პუნქტი ერგნეთის მიმართულებით გაიხსნას. თუმცა დეტალები ამ დრომდე არ კონკრეტდება.

დე ფაქტო საზღვარზე რუსულ ენაზე ნაბეჭდი ბრძანება კი ისევ თვალსაჩინოდ არის გამოკრული. ბრძანება ადგილობრივებს ამცნობს, რომ 18 სექტემბრიდან ძალაში შედის სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ 18 ივნისს მიღებული გადაწყეტილება, რომლის მიხედვითაც “წყდება სატრანსპორტო მოძრაობა და ყოველგვარი მიმოსვლა საქართველოს მხრიდან და გარდა პირადი ნივთებისა, სხვა ტვირთის ლენინგორის მიმართულებით გადმოტანა იკრძალება.” აქვე წვრილად ნაბეჭდი, რამდენიმე პუნქტად ჩამოყალიბებული წესებია განსაზღრული, სადაც დაწვრილებით არის მითითებული, კონკრეტულად რა ნივთებზეა შეზღუდვა.