ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე ტვირთბრუნვა წლის განმავლობაში 20%-ზე მეტად გაიზარდა. თუ გასულ წელს, 5,5 თვის განმავლობაში მებაჟეებმა ორივე მიმართულებით 5,6 მილიონი ტონა ტვირთი გაატარეს, წელს მოცულობამ უკვე 7,8 მილიონ ტონას მიაღწია. მიუხედავად გაზრდილი ტვირთბრუნვისა, საქართველოს წილი რუსეთის ვაჭრობაში 0.3%-ია.
რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის რუსლან დავიდოვის პროგნოზით, წელს ზემო ლარსზე ტვირთბრუნვა 15 მილიონ ტონას გადააჭარბებს.
რუსეთის პირველი მებაჟე აცხადებს, რომ 19 ივნისს ზემო ლარსის გამშვებმა პუნქტმა „აბსოლუტური რეკორდი დაამყარა რუსეთის ნებისმიერი სხვა საგუშაგოსთვის“, როცა ორივე მიმართულებით 1322 სატვირთო მანქანა გაატარა.
დავიდოვის თქმით, 15 ივნისიდან სატვირთო მანქანებისთვის დამატებითი საკონტროლო ხაზების ამოქმედების შემდეგ სასაზღვრო პუნქტზე ყოველდღიურად, საშუალოდ, 1200 სატვირთო მანქანა გადის, მაშინ, როცა რეკონსტრუქციამდე მათი რაოდენობა ათასზე ნაკლებს შეადგენდა.
ამ ყველაფირდან კი დავიდოვმა ის დასკვნა გამოიტანა, რომ რუსეთმა დასავლეთის ეკონომიკური ბლოკადა ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის დახმარებით გაარღვია.
შესაბამის მონაცემებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ხაზს უსვამს, რომ საქართველოს წილი რუსეთის ვაჭრობაში 0.3%-ია და ჩრდილოეთ მეზობელს სანქციებს ჩვენი პატარა ქვეყანა არ დაუწესებს.
„რუსეთის ფედერაციას აქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მრავალ ქვეყანასთან, მათ შორის არის უზარმაზარი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი. რაც შეეხება საქართველოს წილს რუსეთის ვაჭრობაში, ეს არის 0.3%. აქედან გამომდინარე, როცა ვიღაც ამბობს, რომ საქართველოს შეაქვს არსებითი წვლილი ამ ბლოკადის დაძლევაში, ეს არის აცდენილი სინამდვილესთან. ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის მიმართ, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადა, ეს, რა თქმა უნდა, არასწორია. ჩვენ მომავალშიც შევინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მოსახლეობას, ამ კუთხით, ჩვენი პოლიტიკა არ გადაიხედება“, - განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის ზრით კი, თუ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება, ამით რუსეთის ეკონომიკას კი არ დააზიანებს, არამედ საკუთარ ხალხს და ქართულ ეკონომიკას.
კალაძეს უჩნდება კითხვა: რატომ არ უნდა გამოიყენოს საქართველომ ეს შესაძლებლობა, როდესაც რუსული ბაზრიდან შემოსავალს იღებს ქართველი გლეხი, ქართული ბიზნესი და, რა თქმა უნდა, ეს არის ქართულ ეკონომიკაში შემოსული თანხები?
„რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს, ძალიან მარტივია ამ მაჩვენებლების ნახვა, რომ ვინმემ შეცდომაში არ შეგიყვანოთ და თქვენ შემდეგ, თქვენდაუნებურად, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა არ შეიყვანოთ შეცდომაში. ძალიან მარტივია ამ მაჩვენებლების ნახვა, თუ რა სავაჭრო-ურთიერთობები აქვს საქართველოს რუსეთთან და ნახოთ, რა სავაჭრო ურთიერთობები აქვს ევროპულ ქვეყნებს რუსეთთან.
რაც შეხება ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებს, სანქციების შეერთება-არშეერთებას, ჩვენ ძალიან ბევრჯერ გვითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ - არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც თავიდანვე ვიცით, რომ დამაზიანებელი იქნება პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის. როდესაც მოგვიწოდებენ სანქციების შეერთებისკენ, ვიცით, რომ ამით დავაზიანებთ ჩვეულებრივ გლეხს, მშრომელ ადამიანს, ვინც 24-საათიან რეჟიმში ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაღაც პროდუქცია შექმნას და შემდეგ ამის რეალიზაცია მოახდინოს, თუნდაც რუსულ ბაზარზე. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა, როდესაც ამით შემოსავალს იღებს ქართველი გლეხი, ქართული ბიზნესი და, რა თქმა უნდა, ეს არის ქართულ ეკონომიკაში შემოსული თანხები?
შესაბამისად, თუ გადავდგამთ იმ ნაბიჯს, რომ ამ სანქციებს ვუერთდებით, რუსეთის ეკონომიკას კი არ დავაზიანებთ, საკუთარ ხალხს და ქართულ ეკონომიკას დავაზიანებთ“, - განაცხადა კალაძემ.