ევგენი გეგეჭკორი პარიზში

ევგენი გეგეჭკორი პარიზში

საქართველოს რესპუბლიკის გარეშე საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა გაზეთი „ტანის“ თანამშრომელს საქართველოს მდგომარეობის შესახებ შემდეგი განცხადება გაუკეთა:

მოკავშირეთა სახელმწიფოების ყველა წარმომადგენელმა აღიარა, რომ საქართველოს სახელმწიფო კარგათ მოწყობილია, საქართველოს რესპუბლიკას ყავს კარგათ განვითარებული ჯარი და სახალხო გვარდია, რომ მოწესრიგებულია საადმინისტრაციო აპარატი.

ერთი სიტყვით საქართველოს რესპუბლიკა აღჭურვილია დამოუკიდებელ საქართველოსთვის საჭირო აპარატით. სწორედ ამ აპარატმა და ეროვნულმა შეგნებამ, მისცა საშუალება საქართველოს სამი წლის განმავლობაში დაეცვა თავი ყოველგვარ საფრთხისაგან. 1918 წლის მაისის 26-ში საქართველომ არამც თუ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, არამედ ცხოვრებაში გაატარა ეს დამოუკიდებლობა.

ახალგაზრდა რესპუბლიკამ შეიძლო დემოკრატიულ სახელმწიფოს მოწყობა, რომელიც წარმოადგენს არა მცირე ჯგუფის ხელოვნურად შექმნილ რესპუბლიკას, არამედ გამოხატავს ხალხის ნება-სურვილებს. იმ გვარათ საქართველოს რესპუბლიკას, როგორც ნამდვილ სახალხო რესპუბლიკას იმედი აქვს მოკავშირეთა სახელმწიფოების თანაგრძობისა.

საქართველოს ამ საქმეში, კერძოთ დიდი იმედი აქვს საფრანგეთის მთავრობისა და საფრანგეთის საზოგადოებრივი წრეებისა. საქართველომ იცის, რომ ფრანგი ერი წყაროა განმათავისუფლებელ იდეალებისა და არ შეიძლება თანაგრძნობით არ მოეკიდოს თავის ცხოვრებისა და თავისუფლებისათვის მებრძოლ პატარა ერს, რომელმაც გარს შემორტყმულ ანარქიისაგან თავის დაცვით გამოიჩინა თავისი სახელმწიფოებრივი ძალა.

1920 წლის იანვრის 12-ში მოკავშირეთა სახელმწიფოთა უმაღლესმა საბჭომ იცნო საქართველოს ფაქტიური დამოუკიდებლობა. საქართველოს იმედი აქვს, რომ ის იურიდიულადაც იქნება ცნობილი, ვინაიდან განათლებულმა ევროპამ არ შეიძლება არ იცნოს დამოუკიდებლობა იმ ხალხის, რომელსაც აქვს თავისი ეთნოგრაფიული ინდივიდუალობა და 2000 წლოვანი კულტურა.

ამიტომ ბუნებრივია ის, რომ ქართველმა ხალხმა წუხარებით მოისმინა ამერიკის ნოტა რუსეთის საკითხზე. საქართველო გაკვირვებულია, რომ ოკეანეს იქითა დიდმა ერმა, რომელიც ამ ცოტა ხნის წინათ პრეზიდენტის პირით იცავდა პატარა ერების არსებობის და თვითგამორკვევის უფლებებს, უარყო საქართველოს ისტორიული და ეროვნული უფლებები. ქართველმა ხალხმა აირჩია დამფუძნებელი კრება, რომელიც 12 თებერვალს შეიკრიბა. დამფუძნებელმა კრებამ გამოაცხადა რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, შექმნა ადმინისტრაციული აპარატი, რომელიც სახელმწიფოს აუცილებელი ფორმაა.

ამერიკას ნოტის შედგენის დროს ამ ფაქტებისათვის როგორც ჩანს ყურადღება არ მიუქცევია. ეს შეიძლება აიხსნას მხოლოდ იმითი, რომ მათ არ იციან რა კეთდება ახალგაზრდა რესპუბლიკაში, არ იცნობენ ქართველი ხალხის შემოქმედებით უნარს. ამერიკის ნოტა აღიარებს პოლონეთის, ფინეთის და სომხეთის დამოუკიდებლობას, იმიტომ რომ ეს ქვეყნები ძალით იყო შემოერთებული.

120 წლის წინათ საქართველო, თავის ნებით და ხელშეკრულების ძალით შეუერთდა რუსეთს. ბოლშევიკურმა რუსეთმა დაარღვია ეს ხელშეკრულება. დიდი ომის დროს რუსის ჯარმა დასტოვა კავკასიის ფრონტი, დიპლომატიამ კი ბრესტ-ლიტოვსკში მისცა ოსმალეთს საქართველოს პროვინცია ბათომის ოლქი. შეერთებულ შტატების საგ. სეკრეტარი კოლბი, ნოტის შედგენის დროს რომ გაცნობილი ყოფილიყო რუსეთ-საქართველოს დამოკიდებულებას, ის, უსათუოდ, სხვაგვარათ შეხვდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხს.

დასასრულს აუცილებლად ვთვლი აღვნიშნო, რომ იმ შემთხვევაში, თუ განახლებული რუსეთი შეეცდება საქართველო დაიბრუნოს, ქართველი ხალხი, რომელიც აქამდე ნეიტრალობას იცავდა და სიმშვიდის მოყვარულია, იარაღით ხელში უკანასკნელ წვეთამდე დაიცავს თავის დამოუკიდებლობას. მან დაიცვა თავი დენიკინისაგან, შემდეგ კი ბოლშევიკებისაგან, რომლებიც საქართველოს დამონებას შეეცადნენ. მაგრამ საქართველოს სწამს, რომ საფრანგეთის მიერ ვრანგელის ცნობა არ ნიშნავს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობის უარყოფას.