საშუალო ხელფასის ოფიციალურ მონაცემებს თუ დავუჯერებთ, საქართველოში ყველაფერი ძალიან კარგადაა. მისი ოდენობა წლიდან წლამდე და თვიდან თვემდე იზრდება. რეალობა სხვაგვარია, მაგრამ სტატისტიკა ამას არ ცნობს.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18.7 პროცენტით (270.1 ლარით) გაიზარდა და 1716.6 ლარი შეადგინა.
საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 761.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 23.8 პროცენტით);
- ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 631.3 ლარი (გაიზარდა 55.2 პროცენტით);
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 386.8 ლარი (გაიზარდა 21.6 პროცენტით);
- მშენებლობა - 2 145.5 ლარი (გაიზარდა 14.7 პროცენტით)
ასეთმა მონაცემებმა საზოგადოების უკმაყოფილება და ირონიაც გამოიწვია. ეკონომიკის დოქტორი, ოთო აბესაძეს ოფიციალური მონაცემები სასაცილოდ მიაჩნია:
„დილა მშვიდობის, საშუალო ხელფასით 1716-ლარიანო ერო ჩემო. ყოველ 3 თვეში, საშუალოდ, 240 ლარით იზრდება საქართველოში საშუალო ხელფასი
ადრე ქაღალდის 1 და 2-ლარიანები ხომ გახსოვთ? სულ მალე 5-ლარიანიც „ხურდა“ გახდება - შეინახეთ სამუზეუმო ექსპონატად“, - დაწერა აბესაძემ.
რასაკვირველია ყველაფერი ისე არ არის, როგორც სტატისტიკურ მონაცემებს მოყვანილი. ანალიზი ადასტურებს, რომ ეს მხოლოდ ქაღალდზე მოყვანილი მაჩვენებლებია
კვლევითი ორგანიზაცია PMCG-ის თანახმად, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, ინფლაციის გათვალისწინებით, 8 წელიწადში მხოლოდ 159 ლარით გაიზარდა.
პროცენტებში გადათარგმნილი მონაცემები ასე გამოიყურება: საქართველოში 2015 წლიდან 2022 წლამდე დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური ხელფასი 76.8%-ით გაიზარდა, თუმცა ინფლაციის გათვალისწინებით, ამ პერიოდში ხელფასების ზრდამ მხოლოდ 17.6% შეადგინა.
ამასთან, მშპ-ს რეალური ზრდა 2015-დან 2022 წლამდე შეადგენდა 34.7%-ს, რაც ორჯერ აღემატება ინფლაციაზე მორგებული ხელფასის ზრდას.
ეს მეტყველებს, რომ საქართველოში მშპ-ს რეალური ზრდა პროპორციულად არ აისახებოდა მუშახელის ხელფასებზე.
მედიანური ხელფასი კიდევ უფრო ნაკლებადაა გაზრდილი, ვიდრე საშუალო, რაც, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ მაღალანაზღაურებადი კადრების ხელფასები უფრო გაიზარდა, ვიდრე საშუალო და დაბალანაზღაურებადი კადრებისა.
როგორ ითვლის საქტსტი საშუალო ხელფასს?
საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი განისაზღვრება საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე და იანგარიშება დასაქმებულთა ხელფასების ჯამის გაყოფის გაყოფით, მათ საერთო რაოდენობასთან. საშუალო ხელფასის გაანგარიშებაში ჩართულია მხოლოდ დაქირავებული პირები, რომელთაც ერიცხებათ ხელფასი. შესაბამისად გაანგარიშება არ ითვალისწინებს თვით დასაქმებულებს და მათ შემოსავლებს.
„გაანგარიშებისას გამოყენებული ხელფასის მოცულობა ძირითად ხელფასთან ასევე მოიცავს პრემიებს, დანამატებს და ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისთვის მიღებულ დამატებით ანაზღაურებას. ინფორმაციის წყაროს წარმოადგენს საწარმოთა და ორგანიზაციების გამოკვლევა, რომლის ფარგლებშიც საქსტატის მიერ ყოველკვარტალურად გროვდება მონაცემები 16 000-მდე დაწესებულებიდან. მოკვლევა ფარავს როგორც ბიზნესსექტორს ისე არაკომერციულ დაწესებულებებს, სახელმწიფო მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებს.
„საქსტატი“ საშუალო ხელფასის მაჩვენებელს რამდენიმე ათეული წელია ანგარიშობს. მისი მოცულობა ეროვნულ ვალუტაში მზარდია წლების განმავლობაში. ამასთან მნიშვნელოვნად განსხვავებულია დარგობრივ და სქესობრივ ჭრილში. საშუალო ხელფასი წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორს, რაც იძლევა ამ მაჩვენებლით სხვადასხვა ქვეყნების შედარების შესაძლებლობას“, - აცხადებენ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.
საშუალო ხელფასის სიდიდით საქართველო ყველა ახლო თუ შორეულ მეზობელს უსწრებს. სომხეთში ეს მაჩვენებელი 337 დოლარია, უზბეკეთში - 303 დოლარი, აზერბაიჯანსა - 431 დოლარი და თურქეთში - 455 დოლარი.