ეროვნული ბანკის ირგვლივ დაპირისპირების პირველი ეტაპი ისე დასრულდა, როგორც მ თავრობას სურდა. პარლამენტმა კენჭი უყარა პრეზიდენტის ვეტოდადებულ კანონპროექტს და მისი წინააღმდეგობა დაძლია კიდეც. ცვლილებებით, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. იგი სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას შეასრულებს.
პარლამენტის სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ოპოზიცია ხელისუფლებას ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხელყოფაში ადანაშაულებდა, რასაც უმრავლესობის დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა უპასუხა და რადიკალური ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლებს შეახსენა თუ როგორ გაანადგურა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბადრი პატარკაციშვილის ბანკი. მანვე გაიხსენა თავისუფლების მოედნიდან რამდენიმე მილიონით დატვირთული ბანკი „ქართუს“ საინკასაციო მანქანის გატაცების ეპიზოდიც და აღნიშნა, რომ გატაცებული თანხა, რამდენიმე თვეში, ეროვნული ბანკის ანგარიშზე ერთ-ერთმა პროკურორმა დააბრუნა.
„პირწმინდად მოსპეთ ბადრი პატარკაციშვილის ბანკი, მერე მიადექით „ქართუს“, შეიყვანეთ იქ მმართველები, დაიწყეთ მისი გაკოტრება. დღისით, მზისით, ბანდიტური, ყაჩაღური გზით დაავალეთ თქვენს ზონდერებს, ნაძირლებს და თავისუფლების მოედანზე გაიტაცეთ 2 მლნ დოლარი და 1 მლნ ევრო. საინკასაციო მანქანა მოიპარეთ საერთოდ და მერე იცით რა აღმოჩნდა? გადის რამდენიმე თვე და ვიღაც ვიგინდარა პროკურორი მიდის თქვენი სახელით ეროვნულ ბანკში და საკორესპონდენტო ანგარიშზე აბრუნებს ამ თანხას. ეს თუ იცოდნენ საქართველოში? - თუ არ იცოდნენ, შეგახსენებთ ამას, ეს ახალი ამბავი იქნება თქვენთვის? გადის დაახლოებით ორი თვე და ზუსტად იგივე შემადგენლობამ ნაცების დეპუტატებიდან შემოიტანა ისევ კანონპროექტების პაკეტი, დაარეგისტრირა თავიდან თებერვლის თვეში. აქ იყო მობრძანებული მაშინდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ზონდერ-ბანკირების მთელი შემადგენლობა, რომლებიც თქვენი ხელის ბიჭები და ხელის გოგონები იყვნენ“, - მიმართა ცაგარეიშვილმა ოპოზიციას.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ კი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, არჩილ მესტვირიშვილი მთავრობასთან შეუთანხმებელ ქმედებებში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ეროვნულმა ბანკმა არასწორი ეკონომიკური პროგნოზები გააკეთა.
„როცა ექსპერტები საუბრობენ, უფრო მეტის უფლებას აძლევენ თავს, რომ რადიკალური შეფასებები გააკეთონ. ჩვენ ვალდებულები ვართ, ფაქტებიდან გამომდინარე ვისაუბროთ და მართლაც, რომ გადახედავ ბოლო მონაცემებს, არ ვიცი ეს არაპროფესიონალიზმით არის, თუ გარკვეული კონსპირაციული ფორმა ჰქონდა არჩილ მესტვირიშვილს, მაგრამ ფაქტია, ფასების მატებაზე, ეკონომიკის ზრდის ან შემცირების საკითხებზე, სავალუტო კურსზე, ინფლაციაზე საკმაოდ დიდი ბერკეტები გააჩნია ეროვნულ ბანკს. ეს მთავრობას პასუხისმგებლობას სულაც არ ხსნის, ამიტომ საბჭოს შემადგენლობა უნდა იყოს დროულად დაკომპლექტებული.
ნებისმიერ დაწესებულებაში, მით უმეტეს საკონსტიტუციო სტრუქტურაში უნდა იყოს ადამიანი, ვინც პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში პასუხისმგებლობას აიღებს. საკმაოდ სერიოზული საფრთხეები შეიძლება წარმოიშვას და ეს უნდა გამოირიცხოს. მაგალითები მოყვანილია, რომ პროგნოზი არასწორად გაკეთდა ერთხელ, ვალუტის კურსზე იყო გარკვეული გაუგებრობა. ისეთი თემებია, რაშიც მთავრობაც არის პასუხისმგებელი და მასთან შეუთანხმებელი ისეთი აქტივობებია ჩატარებული, რაც ნორმალურ პირობებში არ უნდა ტარდებოდეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ეროვნულ ბანკში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო ვალუტო ფონდის კრიტიკა გავრცელდა, რომელსაც ეკონომიკის ექსპერტი ანდრია გვიდიანი უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ სავალუტო ფონდს მოსწონს ეროვნულ ბანკში არსებული ვითარება, როდესაც ბანკს არა საქართველოს სამსახურში მყოფი საჯარო მოსამსახურე, არამედ მათი აგენტი მართავს.
„კანონში იცვლება ერთადერთი რამ - ეროვნულ ბანკში დამატებით ჩნდება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. სავალუტო ფონდი კი ამბობს, რომ ამ თანამდებობის შემოტანით საფრთხე ექმნება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას, თუმცა ამის დასამტკიცებლად ვერავითარი არგუმენტი ვერ მოჰყავს. ფინანსების თუ იურისპრუდენციის ექსპერტობა სულაც არ არის საჭირო იმის გასააზრებლად, რომ ერთი თანამდებობის დამატება ეროვნულ ბანკს დამოუკიდებლობას ვერანაირად დააკარგვინებს. მაშინ რა არის სავალუტო ფონდის ინტერესი და რატომ ითხოვს ის ასე აგრესიულად პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის არდამატებას? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია - სავალუტო ფონდს მოსწონს ეროვნულ ბანკში დღეს არსებული ვითარება, როდესაც ბანკს არა საქართველოს სამსახურში მყოფი საჯარო მოსამსახურე, არამედ მათი აგენტი მართავს. სალომე ზურაბიშვილსაც იმიტომ გააჩერებინეს ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრების წარდგენა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის მოქმედმა შემსრულებელმა პოზიციები არ დაკარგოს. ესაა მთელი არითმეტიკა, რომელიც კანონის კრიტიკისა და საბჭოს წევრების არწარდგენის უკან დგას.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას დღეს ასრულებს არჩილ მესტვირიშვილი, რომელიც თავიდან ბოლომდე სავალუტო ფონდის მიერ იმართება და მზადაა, ნებისმიერი მათი დავალება შეასრულოს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მესტვირიშვილი „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების სტაჟიანი კადრია, რომლის კარიერული აღმასვლა 2004 წლიდან იწყება, როდესაც ის სააკაშვილის ადმინისტრაციაში საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსად დაინიშნა. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ის 2009 წელს გახდა და როგორც ამბობენ, არაფორმალური სუბორდინაციით ვანო მერაბიშვილს ექვემდებარებოდა. მისი სტატუსიდან გამომდინარე, მესტვირიშვილი ვერ იტყვის უარს ვერც ერთი ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელმაც ქართული ეკონომიკის ზრდა შეიძლება შეაფერხოს ან ინფლაციის თუ დევალვაციის კუთხით ქვეყანას პრობლემები შეიძლება შეუქმნას. ამის ერთ-ერთი მაგალითია მესტვირიშვილის მიერ 2-3 კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომელთან დაკავშირებითაც მას მთავრობასთან ელემენტარული კონსულტაციებიც კი არ გაუვლია“, - აცხადებს ანდრია გვიდიანი, რომლის მოსაზრებასაც არაერთი ეკონომისტი იზიარებს.
სპეციალისტებისთვის გაუგებარია ახალი თანამდებობის შექმნას რატომ მოჰყვა ასეთი აჟიოტაჟი. ეკონომისტი სოსო არჩვაძე აცხადებს, რომ სტრუქტურაში ერთი პოსტის დამატება, არ უნდა იწვევდეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგ „ჯვაროსნულ ლაშქრობას“.
„საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია, რომლის სტატუსს და მუშაობის ფორმატს განსაზღვრავს შესაბამისი ორგანული კანონი. ამ ფონზე მის სტრუქტურაში ერთი პოსტის დამატება, თუნდაც ეს იყოს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, არ უნდა იწვევდეს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების წინააღმდეგ „ჯვაროსნულ ლაშქრობას“. უფრო მეტიც, ვინც აღნიშნული პოსტის შემოღებაში ხედავს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეს, ვფიქრობ, ლატენტურად თავად განიხილავს ეროვნულ ბანკს როგორც არადამოუკიდებელ, მყიფე, ამორფული სტრუქტურის მქონე ინსტიტუტს და - ან სურს ასეთად იყოს - იხილოს იგი.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეროვნული ბანკში პრეზიდენტები და ვიცე-პრეზიდენტები მოდიან და მიდიან, ხოლო ეროვნული ბანკი იყო, არის და იქნება ქვეყნის ფულად-საკრედიტო სისტემის და ზოგადად, ეკონომიკის მდგრადი, სტაბილური განვითარების ერთ-ერთი ფაქტორი და გარანტი“, - დაწერა სოსო არჩვაძემ.
სალომე ზურაბიშვილის ვეტო და საერთაშორისო სავალუტო ფონდის კრიტიკა გაუგებარია კიდევ ერთი ეკონომისტისთვის. გიორგი ცუცქირიძე აცხადებს, რომ პირველი ვიცე პრეზიდენტის პოსტს ნაკლები კავშირი აქვს სებ-ის დამოუკიდებლობასთან.
„ქალბატონი პრეზიდენტის პოზიცია, რომლის თანახმადაც მან ეჭქვეშ დააყენა ეროვნული ბანკის საბჭოში ლაშა ხუციშვილის არა პროფესიული ნიშნით, არამედ პოლიტიკურად დამოუკიდებლობის საკითხი, ცოტა არ იყოს გაუგებარი და ნაკლებად დამაჯერებელია.
საკითხავია, თავად როდესაც „ქართული ოცნება“ მხარს უჭერდა პრეზიდენტობის კანდიდატად, მაშინ რა გარანტია ჰქონდა ვინმეს, რომ დამოუკიდებელი იქნებოდა მართველი პარტიის პოლიტიკური გავლენებისაგან? და დღეს ხომ არის დამოუკიდებელი და თავისუფალი მმართველი პარტიის პოლიტიკური გავლენებისაგან? ეს სავალუტო ფონდის მისიასაც ეხება და ქართულ ოპოზიციასაც რადიკალურსაც და ნაკლებ რადიკალურსაც.
სსფ-ც ვერ იქნება ჭეშმარიტების ბოლო ინსტანცია. ამ ორგანიზაციის არაერთი პროგნოზიც მცდარი ყოფილა, თუნდაც 2008 წლის გლობალურ კრიზისთან მიმართებით, ამასთან, მათი რეკომენდაციებიც არაერთხელ ყოფილა კრიტიკის საგანი, თუმცა ობიექტურობისთვის ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის კუთხით, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიური შოკის შემდეგ პერიოდში მაინც პოზიტიურად უნდა შეფასდეს.
ამ ორგანიზაციას რომ მეტად ფრთხილი და ზოგჯერ ზედმეტად კონსერვატიული მიდგომები ახასითებს, არახალი ამბავია, და ბოლო ორი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებიც მოწმობს, როდესაც ზრდის თავდაპირველი პერსპექტივა 3-4%-ით იყო შეფასებული.
პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს რაც შეეხება, ვფიქრობ, ამას ნამდვილად ნაკლები კავშირი აქვს სებ-ის დამოუკიდებლობასთან, რადგან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებს ეროვნული ბანკის საბჭო იღებს, თუნდაც მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრაზე, აქედანაც ჩანს, რომ ეს მაინც არის წმინდა პოლიტიკური საკითხი“, - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.
"არ ყოფნის შემთხვევაში" - რას ნიშნავს? ეგ პოსტიც მონოპოლოზებულ-სამუდამოა?