რა უსიამოვნებები ჰქონდა პირად ცხოვრებაში მიხეილ მესხს

რა უსიამოვნებები ჰქონდა პირად ცხოვრებაში მიხეილ მესხს

ის საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ და საქართველოს მეოცე საუკუნის „საოცნებო გუნდის” წევრად დაასახელეს. თავის დროზე არც ტელევიზიას და არც სხვა მედიასაშუალებებს არც ერთი ეპითეტი და შედარება არ დარჩენია, რომ მიხეილ მესხისთვის არ მიეძღვნა. ნებისმიერი მწვრთნელი ნებისმიერ გუნდში სიხარულით  მიუჩენდა ადგილს და ნებისმიერი სტადიონის მაყურებელი ინატრებდა, საკუთარი თვალით ენახა მიხეილ მესხის ოსტატობა. ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ მიხეილ მესხი დიდ ფეხბურთში ჭიდაობიდან მოვიდა. არ იქნებოდა მესხი — ფეხბურთელი, რომ არ ყოფილიყო ჯემალ შენგელია, ჭიდაობის სექციაში ვარჯიშის დროს ხელი რომ მოსტეხა მიშას. ეს შემთხვევა რომ არა, ის ჭიდაობას გაჰყვებოდა და, ალბათ, ვერასოდეს ვნახავდით მიხეილ მესხს სტადიონზე. ამბობენ, ზოგჯერ დიდი მწვრთნელებიც კი ცდილობდნენ, გარდაექმნათ, გადაეკეთებინათ მისი თამაში, უფრო უნივერსალური და თანამედროვე გაეხადათ, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. მესხი ვერ ეგუებოდა მორჩილებას, ერთობ „მოუხელთებული” იყო. რა წააგო ამით? შეიძლება, რამდენჯერმე არ წაიყვანეს სათამაშოდ ნაკრების შემადგენლობაში, სამაგიეროდ, მან დატოვა სახელი, რომელიც არასდროს ამოიშლება ქართული, ყოფილი საბჭოთა და არა მარტო საბჭოთა ფეხბურთის ისტორიიდან.  ნაადრევად შეწყვეტილმა კარიერამ, რაც ბევრმა ფაქტორმა განაპირობა, მარტოსულად აქცია იგი. ცხოვრებამ მძიმე დაღი დაასვა მის ვაჟს – მიშიკოსაც. ადრე დასრულდა მისი საფეხბურთო კარიერაც და ადრე წავიდა ამქვეყნიდანაც. დიდი ფეხბურთელის პირველი მეუღლე და უმცროსი მიშა მესხის დედა, ჯენეტა ბოლღაშვილი ფეხბურთელის ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ლამაზ პერიდოზე – სიყვარულზე გიამბობთ. 

„მე რომ სკოლის გამოცდებს ვაბარებდი, მიშა უკვე „დინამოში“ თამაშობდა. ჩვენი ოჯახები ერთმანეთს კარგად იცნობდნენ, ამდენად, ჩემთვის ეს ადამიანი უცხო არ იყო. სახლში რომ ლაპარაკობდნენ, ძალაუნებურად მესმოდა მისი სახელი, თორემ პატარა გოგოს რაში მაინტერესებდა.  ჩვენ საკუთარი სახლი გვქონდა. ერთხელ ჩემი და ეზოში კლასობანას თამაშობდა, მიშა რომ მოვიდა. რუსთაველის თეატრში ჩვენი დაჯილდოების ცერემონიალი იქნება და მოვედი შენ და შენი ძმა დაგპატიჟოთო.  დედაჩემიც არ შეწინააღმდეგებია, რადგან, ძალიან სერიოზული ყმაწვილი იყო – არც იცინოდა, არც ლაპარაკობდა, ორ სიტყვას ძლივს ამბობდა. მას შემდეგ ჩვენთან მოსვლას მოუხშირა, მაგრამ მე აბსოლუტურად არაფერს მეუბნებოდა.  უმრავლეს შემთხვევაში „ზბორებზე“ იყო წასული. რომ ჩამოდიოდა, აეროპორტიდან გზად ჩვენთან შემოივლიდა, ჩანთას კი სხვას ატანდა სახლში.

უცხო ენებზე ვაბარებ და გამოცდებისთვის ვემზადები. გაიგო, რომ ინგლისურში მეცადინეობას ვაპირებდი. მოვიდა და შემომთავაზა, ძალიან კარგ მასწავლებელთან წაგიყვანო. ჩემთან ყოფნის საბაბი არ ელეოდა, საიდან სად მატარებდა ფეხით –  თბილისში იშვიათად ვარ და ფეხით სიარული მიყვარსო. მეც მომწონდა, რადგან, ცოტა მონატრებული ვიყავი სიარულს – ასე ადვილად არ მიშვებდნენ ხოლმე სახლიდან. მერე გერმანიაში წავიდა. რომ დაბრუნდა, ჩვენთან მოვიდა – რაღაც ჩამოგიტანე და, ხომ არ გეწყინება, რომ მოგცეო. რატომ უნდა მეწყინოს-მეთქი. ულამაზესი ოქროსფერი კაბა და იმავე ფერის ჩანთა ჩამომიტანა სკოლის ბანკეტისთვის. ისე, ძალიან მახვილი თვალი ჰქონდა. მერეც, რაღაცას რომ ჩამომიტანდა, ყველაფერი ზუსტად მქონდა. ეს იყო მისი პირველი საჩუქარი. ერთხელაც, დედაჩემი და მამაჩემი მამიდასთან იყვნენ. მამიდამ ყველაფერი იცოდა, რაც ხდებოდა, მაგრამ, მე და ჩემმა მშობლებმა არაფერი ვიცოდით. ამ ბიჭს რომ უყვარს ეს გოგო ვერ ამჩნევთო? – უთხრა მათ. გადარეულან ჩემები. დედას უთქვამს, მისი ფეხი აღარ ვნახო ჩვენს სახლში, ფეხბურთელს შვილს ვერ გავატანო. მართლაც აღარ მოდიოდა. ჩავაბარე გამოცდები, ბანკეტიც მქონდა, ყველაფერი, მიშა კი არ ჩანს. ისე ვიკითხე – ნეტავი, ეს ბიჭი სად დაიკარგა, ცოლი ხომ არ მოიყვანა-მეთქი. დედაჩემმა მითხრა: სულ შენთვის სცალია მიშას. იმდენი გოგო ეხვევა თავს და, იმის დრო აქვს, აქ იაროსო?! დეიდაჩემი ჩვენს მახლობლად ცხოვრობდა. მისი ქმარი ფეხბურთის დიდი მოყვარული იყო და სულ სტადიონზე დადიოდა. ერთ დღეს, მათთან ვარ სახლში. ბიძაჩემი შემოვიდა, დაჯდა და სადილობა დაიწყო. დეიდა ოთახიდან რომ გავიდა, მეუბნება: მიშამ დამაბარა, ხვალ სამ საათზე, რუსთაველზე, „ბორჯომის წყლებთან” ველოდებიო. ავფორიაქდი. ვფიქრობ, რა ვქნა. მივედი მამიდაჩემთან და ვეკითხები: მიშას დავუბარებივარ ხვალ „ბორჯომის წყლებთან” და რა ვქნა-მეთქი. წადიო. მივედი. იქვე, ბესიკის ქუჩაზე, მანქანა ეყენა. მეგობრისთვის გამოურთმევია, თვითონ არ ჰყავდა. ჩავსხედით მანქანაში და ვსაუბრობთ. გამომკითხა, რას შვრები, როგორ ხარ, როგორ მიდის შენი სწავლის საქმეებიო. მერე მითხრა, ვინმე რომ შეგიყვარდეს და შენს მშობლებს არ უნდოდეთ, რას იზამო. გამუდმებით ამას მეკითხებოდა. მე ვუთხარი: ქურდი და უხეირო არ შემიყვარდება და რატომ არ უნდა უნდოდეთ-მეთქი. ხვალ პარიზში მივდივარ და ისე ვერ წავიდოდი, რომ არ მენახეო. გავიდა დრო. გოგონებთან ერთად ქუჩაში ვდგავარ, ჩემს სახლთან. გაჩერდა მანქანა, გადმოვიდა მიშა. მე არც დამელაპარაკა, პირდაპირ სახლში შევიდა და დედაჩემთან მოვიდა ჩემი ხელის სათხოვნელად. ასე რამდენჯერმე მოვიდა და უარით გაისტუმრეს. მერე ნათესავები ჩაერივნენ. დედაჩემმა მითხრა: მასთან ერთად ასე სიარულს, ჯობია, გაჰყვეო. ახლა ვფიქრობ, რომ ამ ორი ადამიანის მსხვერპლი გავხდი. არ მინდოდა გათხოვება, ჯერ არ ვიყავი ამისთვის მზად, თუმცა, არც მიშას დაკარგვა მინდოდა…

მიშას ვაკეში მშენებარე ბინის ორდერი ჰქონდა. ვიდრე ჩვენს სახლში გადავიდოდით, ორი წელი დედაჩემთან ვცხოვრობდით. იქ შემეძინა მიშიკო, შემდეგ გაჩნდა მაკა. ვერ ვიტყვი, ვეჭვიანობდი-მეთქი, იმიტომ, რომ მართლა ძალიან ვუყვარდი. თუკი შეიძლებოდა, რომ მისი მხრიდან კიდევ ერთი ადამიანი ყოფილიყო იქ, სადაც თვითონ იყო, ყოველთვის თან მივყავდი. ჩემ მიმართ ძალიან ყურადღებიანი იყო. ისეთ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, რომ ყოველდღე მქონდა ლექციები. ის სულ შეკრებებზე იყო წასული, მე კი დღის დასწრებულზე ვიყავი და, აღარ ვიცოდი, რა მექნა, ორი ბავშვით სად წავსულიყავი. ბავშვებს დედაჩემს მივუყვანდი და მაშინვე ინსტიტუტში მივრბოდი. მერე წამოვიყვანდი, დილით კი ისევ დედაჩემთან მიმყავდა... თან, სულ წიგნი მეჭირა ხელში და გადავიღალე. ამან დიდი როლი ითამაშა ჩვენს პირად ცხოვრებაში. მერე „დინამოდან“ გამოუშვეს. მაშინ 29 წლის იყო. შეიძლება, რომ არ ეთამაშა, ჩვენი ცხოვრება სხვანაირად გაგრძელებულიყო.  მძიმე, თავისებური ხასიათი ჰქონდა. ჩემზე და ჩემი შვილების თავზე გადაიარა მისმა წარმატებამ. ყველანაირად ვუწყოდი ხელს. სხვათა შორის, 60-იანი წლების ფეხბურთელები ნამდვილი რაინდები იყვნენ – მთელ იმ გუნდს, ვინც მაშინ მიშასთან ერთად თამაშობდა. ხალხის სიყვარულის გარდა არაფერი გააჩნდათ. არანაირი პირობები არ ჰქონდათ, მაგრამ, მაინც ენთუზიაზმით თამაშობდნენ. თავს იკლავდნენ, ისე თამაშობდნენ; საქართველო მსოფლიოში გაგონილიც კი არ ჰქონდათ და ბიჭებმა შეძლეს, ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ გაეტანათ. „მტკვრისპირელი მესხი და გარინჩა” – ასე მოიხსენიებდნენ უცხოეთში. მერე ჩვეულებრივად ცხოვრობდა და ჩვენი უსიამოვნებაც აქედან დაიწყო. ყველაფრის ატანა შეიძლებოდა, ფეხბურთიდან რომ არ გამოეშვათ. დიღომში სახლს აშენებდა. ბევრი გავლენიანი მეგობარი ჰყავდა, რომლებიც მშენებლობაში ეხმარებოდნენ. პარალელურად, ფეხბურთის სკოლას – „ავაზას“ აშენებდა. ამის გამო მე და ბავშვებს ბევრი რამ მოგვაკლდა. დღეს კი „ავაზა“ „ვისოლს“ დარჩა. ათი წელი ვიცხოვრეთ ერთად და დავცილდით. ვიგრძენი, რომ დაღლილი ვიყავი და დასვენება მინდოდა. დაძაბული ცხოვრება მქონდა. რაც ადრე მიხაროდა, ის უკვე აღარ მახარებდა. ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება და არც ვნანობ. ბოლოს პრობლემები რომ გვქონდა, ამბობდა: დიღომში ვიცხოვრებ, ძაღლები მეყოლება და ცოლს აღარასოდეს შევირთავო. მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ მარტო იცხოვრებდა, თუმცა...

სულ ქეიფი, ქეიფი... აღარ მთავრდებოდა. ასე დაამთავრებინეს კარიერა. ერთია, როცა სკოლის დირექტორი ხარ და მეორეა, როცა მოედანზე გამოდიხარ და ამდენი ხალხი ტაშს გიკრავს. აღარ მინდა ის ადამიანები დავასახელო, მაგრამ, პირდაპირ, შემოჩენილები ჰყავდა, არადა, იცოდნენ, რომ სახლში ამის გამო უსიამოვნება გვქონდა. მერე ბოდიშებს მიხდიდა, აღარ დავლევო, თუმცა, მაინც იგივე ხდებოდა.

ჩვენი ვაჟი, მიშიკო,  სამ ფილმშია გადაღებული. ძალიან ლამაზი ბავშვი იყო. ნანა მჭედლიძეს მოეწონა და ორ ფილმში გადაიღო („დიდედები და შვილიშვილები“ და „გელა“). შემდეგ რეზო ჩხეიძემ მიიწვია „ნერგებში“. მერე ისე მოხდა, რომ ფეხბურთი აირჩია. სხვათა შორის, მამამისი ამბობდა, ჩემზე უკეთესი მონაცემები აქვს და მაგარი ფეხბურთელი იქნებაო. არ ვიცი, რა ხდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ვიღაცას მესხები თვალში არ მოსდიოდა – მამამისიც ნაადრევად დაითხოვეს და ჩემი მიშიკოც არ დააყენეს. „სპარტაკში“ წავიდა სათამაშოდ, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა, ჩამოიყვანეს და ისევ სათადარიგო სკამზე დასვეს...”

უმცროსი მიშა მესხი რამდენიმე წლის წინ გულის შეტევით გარადიცვალა. მას დარჩა მეუღლე, ქალიშვილი და ვაჟი – მსახიობი მიშა მესხი.