“ეს უკვე მეტისმეტია!” - იტყვის ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ყველაზე კულტურული სამინისტროს ყველაზე “კულტურულად” ჩაცმული მინისტრის მოადგილის ფოტოსურათს ნახავს. “პატრონი არ ჰყავთ, რომ ასწავლოს, როგორ უნდა ეცვათ თანამდებობაზე მომუშავე ქალებს?” - შეეცოდება უფრო ლმობიერს და მიზანდარის ქალის გარემოცვაზე დაფიქრდება. შეიძლება, კულტურას გამორჩეულობა უხდება და ისიც შეიძლება, რომ კულტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობა პოლიტიკის კი არა, არტის კონტექსტში განვიხილოთ, მაგრამ რაც უნდა იყოს, ეს პოლიტიკური თანამდებობაა. ადამიანს კი, რომელსაც პოლიტიკური თანამდებობა უკავია, რაც გარკვეულ “ჩაცმის ეტიკეტსაც” მოითხოვს. მოკლედ, “ფუფალას სინდრომი” ქართულ პოლიტიკაში ერთობ აქტუალურია!.. არადა, ქართველები ოდითგანვე ჩაცმის მაღალი კულტურით გამოვირჩევით!
ახლა, იმასაც მეტყვით, რა გაგიკვირდათ მიზანდარის ჩაცმულობა, უარესი არ გინახავთო?! - ვაი, რომ გვინახავს და თან - ძალიან მრავლად. საიდან დავიწყოთ? ალბათ, იქიდან, სადამდეც ჩვენი პოლიტიკური მეხსიერება სწვდება.
ე.წ. შევარდნაძის პერიოდში არც ბევრი ქალი იყო პოლიტიკაში და არც თავისი “განსაკუთრებულობით” დაგვამახსოვრეს თავი, თუმცა ამ მხრივ იყო ერთი გამონაკლისი - ორგზის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და პარლამენტის თავმჯდომარე. ახლა კი, პრეზიდენტობის კანდიდატია. ყველას კარგად გვახსოვს მისი პარლამენტში გამოჩენა - უგემოვნო სათვალე და თითქმის არაფრისმთქმელი ვარცხნილობა. ისე, როგორც ჩანს, ფული “სიგოიმეს” არ კურნავს?!. გვახსოვს, ერთ-ერთი ვიზიტი “საყვარელ რუსეთში” და შეხვედრა “საყვარელ პუტინთან”. მაშინ რუსული პრესა სულაც არ მორიდებია თავისი ხელისუფლების ქართველი “ფავორიტკას” გაკრიტიკებას - ზამთარში, “ნორკის” “შუბაზე” საზაფხულო ფეხსაცმელი ეცვა...
მერე?.. იყო ელენე თევდორაძე - ქალი, რომელსაც ჯერ შევარდნაძის ეპოქაში და შემდეგ, სააკაშვილის ხელისუფლების პირველ წლებში, ადამიანის უფლებების დაცვა ევალა. ელიჩკას, როგორც შინაურები ეძახიან, არასდროს ჰქონია “გამორჩეული ქალბატონის” პრეტენზია. ამაყობდა, რომ პატიმრებს უყვარდათ. თუ რატომ, - ამაზე არასდროს უსაუბრია. ამას წინათ, ერთი ჩემი ნაცნობი ყოფილი პატიმარი ელენე თევდორაძის ციხეში პირველი გამოჩენის დეტალებს იხსენებდა. უკვირდა, ვინ გამოუშვა ათასობით ქალსმონატრებულ მამაკაცთან ეს ქალი ასეთი ჩაცმულობითო. თურმე, ელიჩკას ციხეში შიფონის გამჭვირვალე “ბლუზით” მოუნახულებია პატიმრები... შეუყვარდებოდათ, აბა, რა იქნებოდა?!
მერე?.. იყო მიშას პერიოდი და პარლამენტის სპეციალური გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოში დრესკოტის შემოღების შესახებ, ანუ ყველა პარლამენტარს, აპარატის თანამშრომელსა და, მათ შორის, ჟურნალისტებსაც ეს კანონი პიჯაკისა და ხორცისფერი კოლგოტის ტარებას ავალდებულებდა. ვიღაცამ ცოტა ხნით, მართლაც, ჩაიცვა “მკაცრი” ტანსაცმელი, ვიღაცამ ოფიციალურ შეხვედრებზე ჩანთის იატაკზე დადებაც ისწავლა, როგორც დიპლომატიური ეტიკეტითაა მიღებული, მაგრამ... ვერავინ ვერაფერი მოუხერხა მაია ნადირაძის შავ წარბებს ქერა თმაზე და ნინო კალანდაძის გაწეწილ თმას, მუდმივად იმის შთაბეჭილებას რომ ტოვებდა, ეს-ესაა თვითმფრინავის ბორტიდან ჩამოვიდაო.
ყველაფერ ამას კიდევ აიტანდა კაცი, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც მიშას გვერდით “გაშპაკლული” “ციხის დედოფალი” ხათუნა კალმახელიძე და მაგიდაზე მოცეკვავე “პურის პრინცესა” ვერა ქობალია გამოჩნდნენ.
ვერ ვიტყვით, რომ რაღაცით ჰგვანან ზემოთჩამოთვლილი ქალბატონები და “დაუბანელი” ჩიორა, როგორც სოციალურ ქსელებში ჩიორა თაქთაქიშვილს უწოდებენ, მაგრამ ერთი ფაქტია: ყველა მიშას ბედკრული “პოლიტიკური და” იყო და “ნაციონალებთან” “შეხმატკბილებულად” ანგრევდა ქვეყანას!
ვერ დაანგრიეს და... ახლები მოვიდნენ... ახალ ხელისუფლებაშიც არ ირღვევა გენდერული ბალანსი და ქალებიც მრავლად არიან... და რა ქალები? - ისევ მიზანდარით დავიწყოთ?.. არ გვინდა - ის ერთადერთი და “გამორჩეულია”, მაგრამ არც სხვები აკლებენ, მაგალითად, თინა ხიდაშელს არავინ ასწავლა, რომ გრძელი საყურე პოლიტიკოსი ქალისთვის ცუდ ტონად ითვლება... ეკა ბესელია, ერთი შეხედვით, მკაცრი ჩაცმულობის ქალბატონია, მაგრამ აბა, ვინმეს აზრად თუ მოსვლია მისი ტანისამოსის “ფუჩფუჩელები” დაეთვალა?! ან წულუკიანისთვის თუ უთქვამს ვინმეს, “აბადოკები” დიდი ხანია, მოდაში აღარ არისო?!
გარდა იმისა, რომ არსებობს პოლიტიკოსთა ჩაცმის დაუწერელი და დაწერილი კანონები, აღსანიშნავია, რომ პოლიტიკოსებს ქვეყნის მართვა ევალებათ და არა - თავიანთი გემოვნების დემონსტრირება, მით უმეტეს, თუკი ეს გემოვნება არცთუ გემოვნებიანია!