[ლელა კობერიძე]
კახელებს ბურების შემოსევა აშინებთ. პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის განცხადებით, ვინაიდან ქართველი გლეხი ახალი ტექნოლოგიების ათვისების მხრივ ინერტულია, საქართველოს სოფლის მეურნეობა უმჯობესია ისევ ბურებმა ააშენონ.
რამდენიმე დღეში, აფრიკიდან მიწების შესაგულებლად კახელებს ბურები ეწვევიან.
ბოლო პერიოდში სამხრეთ აფრიკაში ბურების (ძირითადად ჰოლანდიური წარმოშობის ტომები) მასობრივი რეპრესიები ხორციელდება. შავკანიანები მათ თავს ესხმიან, მიწებსა და სხვა ქონებას ართმევენ. შესაბამისად, ბურების დიდ ნაწილს აფრიკაში აღარ დაედგომებათ. ამიტომაც, საქართველოში ჩამოსახლება მათთვის საუკეთესო გამოსავლადაც კი მიიჩნევა.
საზოგადოების დიდი ნაწილი, ბურების ჩამოსახლების გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას ვერ მალავს.
„საქართველო ბურებისთვის თავშესაფრად არ უნდა იქცეს, მაშინ როდესაც ქვეყანას საკუთარი დევნილების საკითხი ვერ მოუგვარებია. დიდი რაოდენობით განსხვავებული სარწმუნეობის, განსხვავებული ტრადიციების, ერთ რეგიონში ჩასახლება, შეიძლება სახიფათოც კი იყოს“, - ამბობს ექსპერტი ზვიად კანდელაკი.
მთავრობა არ ავრცელებს ზუსტ მონაცემებს რამდენი ოჯახის ჩამოსახლებას აპირებს. თუმცა, გაჟღერდა ინფორმაცია, რომ 40 ათასი ბური უნდა ჩამოასახლონ, დაახლოებით, 160 ათასი ადამიანი. მთავრობაში ირწმუნებიან, რომ ბურები, როგორც მიწადმოქმედი ხალხი, ქვეყანაში მხოლოდ ერთი მიზნით ჩამოჰყავთ - აგრარული სექტორის განვითარებისთვის.
აფრიკელი ბურები საქართველოში წელს ჩამოსახლდებიან. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პაპუნა დავითაიას განცხადებით, სამხრეთ აფრიკის აგრარულ კავშირთან მემორანდუმი უკვე გააფორმა. მემორანდუმის თანახმად, ბურები საქართველოს აგარარულ სექტორში ინვესტიციებს განახორციელებენ.
სამინისტროს ცნობით, ფერმერები, რომლებსაც სამხრეთ აფრიკაში საუკუნოვანი ფერმერული გამოცდილება აქვთ და მსოფლიოში ნომერ პირველ ფერმერებად ითვლებიან, საქართველოში უკვე იმყოფებოდნენ, კახეთში იმოგზაურეს და ადგილობრივი ნიადაგის შესწავლაც დაიწყეს. სამინისტროს ინფორმაციით, ბურები საქართველოს სოფლის მეურნეობაში ინვესტიციებს წლის ბოლომდე განახორციელებენ. ბურები ინვესტიციას, პირველ რიგში, მეცხოველეობის განვითარებაში ჩადებენ.
პაპუნა დავითაიას მტკიცებით, ბურები საქართველოში მასობრივად ჩამოსვლას არ აპირებენ.
„ბურები ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიან, რათა ბიზნესგარემო შეისწავლონ, დაინტერესების შემთხვევაში კი, საქართველოში ინვესტიციებს ჩადებენ. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად მეტი ინვესტიციის მოზიდვა მოხდეს. ბურები კი გამოცდილი ბიზნესმენები არიან და საქართველოს განიხილავენ ისეთ ქვეყანად, სადაც ფულის დაბანდება მომგებიანია. ასე რომ, ბურების გადასაწყვეტია, როდის და რა რაოდენობით ჩამოვლენ საქართველოში“, - განაცხადა დავითაიამ.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკული ტელეარხის „ეიბიენ“-ის ინფორმაციით, აფრიკაში უკვე შექმნილია საქართველოში გადმოსახლების კომიტეტი. ამავე ტელეარხის ცნობით, საქართველოში ჩამოსვლაზე განაცხადი 60-ზე მეტმა სამხრეთ აფრიკელმა ფერმერმა შეიტანა, რომლებსაც სახელმწიფო მიწების იაფად გადაცემას დაპირდნენ.
სამხრეთ აფრიკელი ბურების წარმომადგენელმა ჰენდრიკ მილსმა, ტელევიზია „ეიბიენ“-ს განუცხადა, რომ საქართველოში მათ გადასახლებას დიდი პერსპექტივა აქვს და უკეთესია ფული ჩადონ საქართველოში, ვიდრე სამხრეთ აფრიკაში.
ბრიტანული „ინდიპენდენტის“ ინფორმაციით კი, საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები 40 ათასი ფერმერის ჩამოსახლებას აპირებს. საქართველოს ხელისუფლება ბურებს მიწებს თითქმის უსასყიდლოდ სთავაზობს, სანაცვლოდ, მათგან სოფლის მეურნეობაში ტრადიციული და უახლესი მეთოდების საქართველოში დამკვიდრებას ითხოვს. გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ სამხრეთ აფრიკელი ფერმერების ჩაყვანის შედეგად ქართველ გლეხებს საკუთარი მიწების დაკარგვის ეშინიათ.
როგორ უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს პრემიერმა ჯერ კიდევ გაზაფხულზე იორდანიაში ვიზიტისას იქაურ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქართველი გლეხი ახალი ტექნოლოგიების ათვისებაში ზარმაცია.
ექსპერტის პაატა კოღუაშვილის განცხადებით, ის, რომ სოფლის მეურნეობა ვერ ვითარდება გლეხის ბრალი არ არის. ეს არის მთავრობის მიერ განხორციელებული არასწორი პოლიტიკის ბრალი. კერძოდ, გლეხს არ აქვს საშუალება ახალი ტექნოლოგიები შეძენის, მიწის დამუშავების. გარდა ამისა, მთავრობამ იმპორტულ პროდუქციას სასათბურე პირობები შეუქმნა და ადგილობრივი წარმოება მასთან კოკურენტუუნარო გახადა.
სპეციალისტების განცხადებით, თუკი მთავრობას სოფლის მეურნეობის განვითარება სურდა, შეეძლო სხვადასხვა ქვეყნის ფერმერები მოეწვია და გლეხებისთვის ტრეინინგები ჩაეტარებინა, დაკარგული სამაჩაბლოს სანაცვლოდ, მსოფლიოს მიერ გამოყოფილი მილიარდებიდან კი გლეხებისთვის გრანტები ან თუნდაც შეღავათიანი კრედიტები მიეცა. ასევე შეეძლო მცირე გადამამუშავებელი საწარმოები გაეკეთებინა. ანუ, მთავრობა ქვეყანაში სოფლის მეურნეობის გასაშენებლად არაფერს აკეთებს, ხოლო სამხრეთ აფრიკიდან დევნილი ბურებისთვის თავშესაფრის მიცემას ქართველი გლეხის სიზარმაცით ხსნის.