რუსი ტურისტები და ტუროპერატორები საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთების მაღალი ფასით არიან უკმაყოფილო. სტატიები ამის შესახებ რუსულ მედიაში უკვე გამოქვეყნდა და პრეტენზიებს არავინ მალავს. საქმე ისაა, რომ საქართველოში ჩრდილოეთიდან ჩამოსასვლელად მეზობელი ქვეყნებიდან შემოვლით შემოსვლა უფრო იაფი და ხელსაყრელია, ვიდრე პირდაპირი ავიარეისებით.
როგორც ჩანს, საქართველოსთან პირდაპირმა ავიამიმოსვლამ მოლოდინი არ გაამართლა. გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტის“ ინფორმაციით, თვითმფრინავები ნახევრად ცარიელი დაფრინავენ. გამოცემა ავრცელებს რუსეთის სამ ქალაქში ჩაწერილი რესპონდენტების კომენტარებსაც.
რუსული მედიის ცნობით, რუსები უჩივიან „გაბერილ ფასებს“, რომელიც ავიაგადამზიდავებმა დააწესეს.
„ახლა რუსებისთვის საქართველოში ფრენის ღირებულება ორივე მიმართულებით 60 ათასი რუბლიდან იწყება“, - წერს გამოცემა.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ თვითმფრინავები არ ივსება, რადგან ტურისტები თბილისში სომხეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის გავლით მანქანით მგზავრობას ამჯობინებენ.
„დიახ, ბილეთები საქართველოს მიმართლებით უფრო ძვირია, ვიდრე თურქეთის! მართლაც, დელიში ფრენა უფრო ეკონომიურია, საქართველოში კი გიჟური ფასებია“, - ციტირებს საინფორმაციო სააგენტო რუსეთის მოქალაქეს.
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ თურქეთისა და ტაილანდის ბილეთებიც კი გაცილებით იაფია, ვიდრე საქართველოში საჰაერო მგზავრობა.
უფრო ადრე რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირმაც აღნიშნა, რომ ავიაბილეთების სიძვირის გამო საქართველოში მოგზაურობაზე დიდი მოთხოვნა არ არის. თუმცა, ორგანიზაციის განცხადებით, რეისების დამატება რუსეთიდან მასობრივი ტურისტული ნაკადის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ რუსეთის მოქალაქეებს ევროპის მიმართულებით ტრანზიტულ რეისებს სთავაზობს. ბილეთების ფასი ამ რეისებზეც საკმაოდ მაღალია. მაგალითად, მოსკოვი-თბილისი-პარიზის და პარიზი-თბილისი-მოსკოვის რეისზე ბილეთები 1200 დოლარი ღირს. 15 ივნისიდან ავიაკომპანია სალონიკის მიმართულებით, 5 ივლისიდან კი ნიცის მიმართულებით ამატებს რეისებს.
„ჯორჯიან ეარვეისის“ დირექტორმა თამაზ გაიაშვილმა „რადიო თავისუფლებას“ ცოტა ხნის წინ უთხრა, რომ უკმაყოფილოა თბილისი-მოსკოვის მიმართულებით რეისებზე მოთხოვნის ნაკლებობით, თუმცა ავიაკომპანია მაინც აპირებს რუსეთის მიმართულებით გააქტიურებას.
ამასობაში კი პირდაპირი მიმოსვლის აღდგენიდან უკვე 1 თვე გავიდა. 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.
მარტო რუსეთიდან ხომ არ იქნება ეს სიტუაცია. სავარაუდოდ მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდანაც უფრო ძვირი იქნება ჩვენთან ავიაჩამოსვლა.
ტურისტებს "ოქროს სარაიას პირდებიან, თავის ოქროს სასახლის აშენებას რომ მორჩებიან!?"