ანა ტატიშვილი ამერიკის დასაპყრობად ემზადება

ანა ტატიშვილი ამერიკის დასაპყრობად ემზადება

საქართველოში ტალანტებს რა გამოლევს. ღმერთმა ნუ ქნას, დროდადრო თუნდაც თითო-ოროლა უნიჭიერესი სპორტსმენი არ გამოჩნდეს. ერთი ეს არის, ბავშვობაში გაცემული ავანსი ხშირად არ მართლდება ხოლმე.

არავინ იცის, ყმაწვილობის ასაკისთვის ანა ტატიშვილი რა მწვერვალებს მიაღწევს, ან რა სიმაღლეებს შეეჭიდება. ერთია, რომ დღეს 12 წლის ანას სახით უდავოდ ვუნდერკინდი ჩოგბურთელი გვყავს.

პატარა ანას მამა, დიმიტრი ტატიშვილი, კარგი ფეხბურთელი იყო, ვლადიმერ გუცაევთან ერთად მიაღწია თბილისის „დინამოს“ დუბლებამდე, მაგრამ ამ საქმეში დიმას დეიდა, ცნობილი მძლეოსანი ელენე გოკიელი ჩაერია: - რა ფეხბურთი, რის ფეხბურთი, ჯერ სწავლას მიხედე და მერე ვნახოთო და დიმიტრი ტატიშვილმაც „დინამოს“ სტადიონის ბალახის საფარის ნაცვლად სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე ამოყო თავი.

არშემდგარმა ფეხბურთელმა გულში ამოიჭრა, თუ ბიჭი მეყოლა, აუცილებლად ფეხბურთს ვათამაშებ, თუ გოგო, მაშინ ჩოგბურთზე მივიყვანო.

და პირველი ქალიშვილი, თამთა, ერთი წლისა იყო, ჩოგანი რომ უყიდა. წამოიზარდა თუ არა, არც დაფიქრებულა, 6 წლის ბავშვი კორტებზე მიიყვანა. მაგრამ თამთას დაბადებიდან ორი წლის შემდეგ ტატიშვილების ოჯახში ისევ გოგო - ანა გაჩნდა და შინ მარტო რომ ვერ ტოვებდნენ, ოჯახის დედა, მანანა ხუციშვილი ორივე ბავშვს აიკიდებდა და ყოფილ პლეხანოვზე, „განთიადის“ ჩოგბურთის კორტებზე დაჰყავდა.

ამ კორტებზეც შემთხვევით აღმოჩნდნენ. გაზაფხული მთავრდებოდა და თამთა მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე კორტებზე მიიყვანეს და იქ ჩაწერეს. პირველად რომ მიდიოდნენ ვარჯიშზე, ქუჩაში ელენე გოკიელის უფროსი და, მარიკა შეხვდათ და - იმ სიშორეზე რა გინდათ (ტატიშვილები ჩელუსკინელებზე, ახლანდელ თამარ მეფის ქუჩაზე ცხოვრობდნენ), როცა უფრო ახლოს არის „განთიადის“ კორტებიო, რომლის არსებობაც თამთა და ანა ტატიშვილების მშობლებმა მაშინ არ იცოდნენ. ისინიც, მარჯანიშვილის მაგივრად „განთიადში“ აღმოჩნდნენ, ადა პოღოსოვასთან, რომელიც ლენა გოკიელის სტუდენტი ყოფილა.

ასეა თუ ისე, თამთა ტატიშვილი ჩოგბურთის ჯგუფში ჩაეწერა, მისი უმცროსი და კი მთელი თვენახევარი ცქმუტვით იტანჯებოდა. როგორი საქმეა, 4 წლის პაწია მთელი საათნახევარი ადგილზე დასვა და თითქმის გაუნძრევლად ამყოფო. დედამ კი უთხრა, რამე გააკეთე, ან ირბინე ან ითამაშეო, მაგრამ ანამ - ჩოგანი მიყიდეო, გამოუცხადა მშობელს. დედამაც უყიდა და თითისტოლა ანა ორ თვეში დაეწია თავის დას და მალე გაუსწრო კიდეც.

სამწუხაროდ, თამთას ფეხების ბავშვური, ე.წ. შლატერისა და კელერის დაავადებები გაუჩნდა და დიდ სპორტს ვეღარ გაჰყვა, თუმცა გასართობად და გასაჯანსაღებლად ჩოგბურთის თამაში არ მიუტოვებია, აი, ანა კი...

ტატიშვილების უმცროსმა გოგონამ ორი-სამი წელიწადი იარა „განთიადის“ კორტებზე, მერე კი სანაპიროზე, „დინამოს“ საჩოგბურთო სტადიონზე ამოყო თავი. ვიქტორ ბაქშის გოგონების ჯგუფი არ ჰყავდა და ანას თამაში რომ ნახა, მშობლებს თავისთან გადაყვანა შესთავაზა.

პირველ საერთაშორისო ტურნირზე მოსკოვში ანა მამამ წაიყვანა, სადაც 8 წლის გოგონამ მეხუთე ადგილი დაიკავა. ამის შემდეგ იყო რამდენიმე ტურნირი, რომლებშიც ანა ტატიშვილი დიდ წარმატებებს აღწევდა, ხშირად პირველ ადგილზეც გადიოდა.

1997 წლის ივნის-ივლისში დიმიტრი ტატიშვილმა უმცროსი ქალიშვილი თავის დას ნიუ იორკში ასტუმრა - მამიდას პატარა ძმისშვილი მანამდე არ ენახა.

რაღა თქმა უნდა, თბილისიდან ჩასულმა სტუმრებმა ახლომახლო კორტები მოიკითხეს. აქვე, ქვის ბულვარს რომ გაუყვებით, შეგხვდებათო. რა თქმა უნდა, მამა-შვილმა მიაგნო კორტებს, ანა რეგისტრაციაში გაატარეს, აბონემენტი მისცეს, მაგრამ ანას არა და არ მიეცა კორტზე გასვლის საშუალება. კორტებზე ყველა წყვილ-წყვილად მოდიოდა, ქართველი ბავშვი კი მარტო იყო. არავის აინტერესებდა თითისტოლა ჩოგბურთელთან თამაში, იქ ხომ ოცდაათი, ორმოცი წლის მოყვარულები მოდიოდნენ.

სამი-ოთხი დღის მანძილზე ანა მხოლოდ კედელს „ეთამაშებოდა“. ერთ დღესაც ვიღაც ჩინელს არ მოუვიდა მეწყვილე და თავად შესთავაზა ანას, მოდი, ვითამაშოთო. იმის მერე ლოცავენ ტატიშვილები იმ ჩინელს. ანამ რომ ორ პარტიაში 6:0, 6:0 მოიგო, ამის შემდეგ ქართველ ჩოგბურთელს რიგი დაუდგა.

იმ კორტებზე ვარჯიშობდა ფრენ კროლი, რომელმაც მამაშვილი ალექს როდრიგესს დააკავშირა. საკმარისია, ანა ნიუ იორკში დაიგულოს, ეს პატიოსანი კაცი უსასყიდლოდ ამეცადინებს მას.

უკვე სამი წელიწადია, ანა ამერიკაშია და ორჯერ მოიგო ვაშინგტონ პორტის ტურნირი, გაიმარჯვა ლოს ანჯელესის 16 წლის ასაკამდე ჩოგბურთელთა ტურნირში, „ევერთ ჯუნიორ ჩემპიონშიპსში“ (14–წლამდელთათვის), 16 წლამდე ჩოგბურთელთა საახალწლო შეჯიბრებაში. „ორინჯ ბოულის“ ტურნირში მესამე იყო, ლას ვეგასის ტურნირში კი, რომელსაც ანდრე აგასი ატარებს, მეხუთე ადგილზე გავიდა. უამრავი თასი აქვს მოპოვებული. ხოლო არდადეგებზე სამშობლოში რომ ბრუნდება, შინ ვერ ჩერდება და ამ „დასვენებას“ ტურნირებში ატარებს - იყო იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში. იტალიაში, მაგალითად, მოგებული აქვს კორეჯოს ერთეულთა და წყვილთა ტურნირები, აქვე გადასცეს ყველაზე პერსპექტიული მოთამაშის თასი. მეორე ადგილი დაიკავა პორტო სან ჯორჯოს ტურნირზე.

შარშან ანას ნიკ ბოლეტიერის აკადემიაში „ედი ჰერის“ ტურნირში უნდა ეთამაშა. რადგან ეს „ორინჯ ბოულის“ წინა ტურნირი იყო, სასპონსორო ფირმის აგენტები მაიამიში ტრიალებდნენ. ანა რომ კორტზე თამაშობდა, ვიღაცამ გაიარა და - ეს პატარა ჯენიფერ კაპრიატი აქ საიდან გაჩნდაო. ეს თქვა და ანასთან მივიდა. თვით კრის ევერტი არ აღმოჩნდა?

იმავე საღამოს ტატიშვილებს შინ დაურეკეს და სთხოვეს, ჩვენთან, კრის ევერტის აკადემიაში მობრძანდითო. მივიდნენ. ანას გამოცდა მოუწყვეს, ჯერ ინდივიდუალურად ყველა ელემენტზე ამუშავეს, შემდეგ 14 წლის გოგონასთან ათამაშეს და 11 წლის ანამ ბრწყინვალედ ჩააბარა გამოცდა. აი, ამის შემდეგ აღმოჩნდა ანა ტატიშვილი ფლორიდის შტატში, ბოკა რატონში.

„ორინჯ ბოულში“ ანამ მეექვსე ადგილი დაიკავა და IGM-ის აგენტებმა ერთი წლის მანძილზე, ნებისმიერ დროს ათკვირიანი უფასო ვარჯიში აჩუქეს. სწორედ ამ დროს ანა კალიფორნიაში, ქალაქ ოხაი ველის საჩოგბურთო აკადემიაში მიიპატიჟეს (უფასო ცხოვრება, კვება, ვარჯიში) და ტატიშვილებმა ეს ვარიანტი არჩიეს. ის ათკვირიანი უფასო ვარჯიში კი წლეულს გამოიყენეს. მაგრამ მასპინძლებმა - ათი კვირა არ არის საკმარისიო და წლის ბოლომდე დატოვეს.

კრის ევერტის აკადემიაში ანას ავარჯიშებენ თავად ევერტი, ენდი ბრენდი და მისი ძმა, რომელიც პიტ სამპრასის ყოფილი მწვრთნელია.

აკადემიაში უფასო სასწავლო პროცესი სექტემბრიდან ივნისამდე გრძელდება. ანას შტატებში მთელი სასწავლო წიგნები აქვს წაღებული და გამოცდებს ექსტერნად აბარებს თბილისის საბუნებისმეტყველო-ჰუმანიტარულ ლიცეუმში.

2001 წლის გაზაფხულის ერთ მშვენიერ საღამოს, როცა 10 წლის ანამ ბრწყინვალედ იასპარეზა მასზე სამი-ხუთი წლით უფროს ჩოგბურთელთა ტურნირებში, ძალიან ბევრი თასი მოიპოვა - ხუთი ტურნირი მოიგო, მათ ბინაში ტელეფონის ზარი გაისმა: - ჟურნალ „ტენის ვიკ“-ის („ჩოგბურთის კვირეული“) გამომცემელი და მთავარი რედაქტორი, იუჯინ სკატი ვარ, გვინდა, ანას შევხვდეთ და სტატია მოვამზადოთო.

ანა სექტემბერში რომ დაბრუნდება ნიუ იორკში, იუჯინმა თავის დახურულ კლუბში დაპატიჟა სათამაშოდ და მას მერეც ხშირად ეპატიჟება.