რამდენად გვჭირდება აგვისტოს ომის გარემოებების ხელახალი გამოძიება

რამდენად გვჭირდება აგვისტოს ომის გარემოებების ხელახალი გამოძიება

ახლოვდება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მორიგი თარიღი და ტრადიციული დისკუსია დღემდე ბოლომდე პასუხგაუცემელ კითხვებზე.

დისკუსიას, რა თქმა უნდა, სიმძაფრეს შემატებს უკრაინაში მიმდინარე ომი, ასევე დაძაბული სიტუაცია ჩვენთან, სადაც რუსეთუმეობის ერთმანეთზე გადაბრალებამ, ლამის, ეროვნული ფსიქოზის ფორმა შეიძინოს.

დღეს დასავლეთში ვეღარ უარყოფენ იმას, რომ საქართველოში „იოლად გასეირნებამ,“ რასაც რუსეთისთვის სანქციების დაწესების ნაცვლად, დასავლეთთან ურთიერთობების „გადატვირთვა“ მოჰყვა, მოსკოვს სტიმული მისცა უკრაინისაც გადაწვდომოდა, თუმცა საქართველოსთვის ეს დიდი ვერაფერი შეღავათია. რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ 2008 წლის აგვისტოს ომზე, ფაქტი ფაქტად რჩება - სწორედ მაშინდელი ხელისუფლების - „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში მოხდა ქვეყნის ტერიტორიის 22%-ის დაკარგვა, გამომდინარე მძიმე შედეგებით.

როგორც აღვნიშნეთ, აგვისტოს ომთან დაკავშირებით საზოგადოებაში დარჩენილ კითხვებსა და ეჭვებს დღემდე ვერ გაეცა ადეკვატური და დამაკმაყოფილებელი პასუხები. საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკური წრეების ერთი ნაწილი უკვე დიდი ხანია აყენებს აგვისტოს ომის ყველა მიზეზ-გარემოების ხელახლა შესწავლის ან გამოძიების საკითხს.

როგორც ცნობილია, „ნაცმოძრაობის“ მმართველობის პირობებში, მათ მიერვე შექმნილი და კონტროლირებადი აგვისტოს ომის შემსწავლელ კომისიას არც ერთი მაღალი თანამდებობის სამოქალაქო თუ სამხედრო პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დაუყენებია. სხვა შედეგს ამ „კომისიისგან“ არც არავინ ელოდა.

თუმცა, კომისიის დაწყობილ მუშაობაში დისონანსი შეიტანა რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩის, აწ გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის ჩვენებამ. ის ამბობდა, რომ საქართველოს ხელმძღვანელობაში იყო მაღალჩინოსნების ჯგუფი, რომელიც აცხადებდა, რომ აშშ-მ მწვანე შუქი მისცა თბილისს „სამხრეთ ოსეთში“ საომარი მოქმედებების დაწყებაზე. კომისია იძულებული გახდა გენერალურ პროკურატურისთვის კიწმარიშვილის განცხადებების დამატებითი გამოძიება დაევალებინა. თუმცა, ჩატარდა თუ არა გამოძიება უცნობია.

2014 წელს მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას წარუდგენდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ კვლევის შედეგებს, სადაც გაანალიზებული იქნებოდა ომში დაშვებული ყველა შეცდომა. დოკუმენტი არ გასაჯაროებულა. ასევე უცნობია მასზე საქართველოს მთავრობის რეაქციაც. როგორც ჩანს, სენსიტიური და სკანდალური თემის ხელახლა აგორება არავის უნდოდა. თან კიდევ აგვისტოს ომის საქმეს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი იძიებდა.

2022 წლის ბოლოს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა, დაარსებიდან ოცი წლის შემდეგ, უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება დასრულებულად გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ იმ პირთა გარდა (ცხინვალის სამიოდე მაღალჩინოსანი), ვისზეც უკვე გაიცა დაპატიმრების ორდერი, სხვა პირთა სავარაუდო დანაშაულებთან დაკავშირებით, გამოძიება აღარ იქნება.

ჰააგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, დღის წესრიგიდან არ ხსნის და აქტუალობას არ უკარგავს იმ კითხვებს და ეჭვებს, რაც ქართველი საზოგადოების დიდ ნაწილს გააჩნია აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, ჰააგის სასამართლომ, უბრალოდ, ჩაფარცხა საქმე. სწორედ აქ ჩნდება დამატებითი კითხვები და ეჭვები - ხომ არ მიიღო ჰააგის სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება და დაინდო ცალკეული პირები?!

გასულ წელს, საზოგადოებრივმა პლატფორმამ, „დაიცავი მშვიდობა“ პროკურატურას 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მარცხის გამომწვევი მიზეზების შესწავლისა და დამნაშავე პირების გამოკვეთის მიზნით გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.

როგორც ინიციატივის ერთ-ერთმა ავტორმა, ლევან მამალაძემ აღნიშნა, აგვისტოს ომის დროს ქვეყნის მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის მიმართულებით უნდა დაიწყოს.

აპრილში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია, რომელიც პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა, საბოლოოდ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წინააღმდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნას გამოჰკრავდა ხელს. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ჩადენილ დანაშაულების გამოძიებაზე საუბრისას, კობახიძემ ხაზი გაუსვა 2008 წლის 7-8-9 აგვისტოს მოვლენებს და „ნაცმოძრაობის“ ლიდერების როლს ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვაში. კერძოდ, მან ისაუბრა „დაგეგმილ ავანტიურაზე.“ ჩვენი საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს სხვადასხვა, ხშირად დიამეტრალურად განსხვავებული რაკურსით აფასებენ. თუმცა, საზოგადოების ანგარიშგასაწევ ნაწილში, როგორც ჩანს, არსებობს, შეიძლება ხმამაღლა არტიკულირებული არა, მაგრამ მოთხოვნა სიმართლის ბოლომდე დადგენაზე.

რა ხდებოდა კულისებს მიღმა

აგვისტოს ომზე ერთ-ერთი მთავარი პასუხგაუცემელი კითხვა საგამოძიებო კომისიაზე ეროსი კიწმარიშვილის განცხადებას უკავშირდება, რომ აშშ-ს ადმინისტრაციამ წააქეზა სააკაშვილის მთავრობა ცხინვალში „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაზე“. ბუნებრივია, ჩვენ არ მიგვიწვდება ხელი იმ დახურულ კომუნიკაციაზე, რაც ამ თემის ირგვლივ იყო პირადად სააკაშვილსა და აშშ-ს ადმინისტრაციის წევრებს შორის, ასევე მისი უახლოესი გარემოცვის წევრების კომუნიკაციაზე ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მსჯელობა და ვარაუდი შეიძლება მხოლოდ ღია წყაროებში არსებულ ინფორმაციაზე.

ერთ-ერთ ასეთს ვხვდებით აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ამჟამინდელი შეფის და აშშ-ს დიპლომატიის ვეტერანის უილიამ ბერნსის მემუარებში - „უხილავი ძალა - როგორ მუშაობს ამერიკული დიპლომატია“. 2005-2008 წლებში ბერნსი აშშ-ს ელჩი იყო რუსეთში. ის იხსენებს, რომ 2006 წლიდან მოყოლებული, პუტინი ამერიკელებთან საუბრებში არ მალავდა უკმაყოფილებას სააკაშვილის ხელისუფლების გეგმებზე NATO-ში საქართველოს ინტეგრაციასთან დაკავშირებით. როგორც ბერნსი წერს „კრემლს აცოფებდა ის სიამოვნება, რომლითაც სააკაშვილი აღიზიანებდა რუსულ დათვს“. ბერნსი ვაშინგტონში წერდა, 2006 წლის ივნისში სააკაშვილთან პუტინის შეხვედრის შესახებ. ის აღნიშნავდა, რომ „ამ დღეებში არავინ იწვევს მოსკოვში ისეთ ნევრალგიას, როგორც სააკაშვილი“. ბერნსის აზრით, პუტინის არაორაზროვანი გზავნილი სააკაშვილისადმი გამოიხატებოდა შემდეგში: „შეგიძლია გქონდეს ან ტერიტორიული მთლიანობა ან NATO-ში გაწევრიანება, მაგრამ არ შეიძლება გქონდეს ორივე ერთად“. საგულისხმოა, რომ სწორედ ამ პერიოდში სააკაშვილი აცხადებდა, რომ საქართველო უარს იტყოდა NATO-ზე ტერიტორიების დაბრუნების სანაცვლოდ, თუმცა საქმით საპირისპიროს აკეთებდა.

მემუარებში აღნიშნულია, რომ პუტინი აშშ-ს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უმცროსს აფრთხილებდა, რომ სააკაშვილი მოსკოვის საპასუხო ნაბიჯებზე პროვოცირებას ცდილობდა. იქვე აღნიშნულია, რომ ამ საკითხში სააკაშვილი ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინზე და მის აპარატზე იყო ორიენტირებული, რომლებიც ფაქტობრივად, აქეზებდნენ მას და იწონებდნენ მის პროვოკაციებს.

აქ არ შეიძლება არ გავიხსენოთ, ცნობილი ეპიზოდი, რომელიც საკუთარ მემუარებში აღწერილი აქვთ ყოფილ სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს და სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწეს რონალდ ასმუსს. აგვისტოს ომის დღეებში ბუშთან გამართულ საგანგებო თათბირზე ადმინისტრაციის გარკვეულმა წევრებმა მოითხოვეს საქართველოსთვის სამხედრო დახმარება ამერიკული ავიაციით როკის გვირაბის დაბომბვით, რუსეთის ჯარის შემოსვლის შესაჩერებლად. მაღალი ალბათობით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს სწორედ ჩეინის ჯგუფის წარმომადგენლები იყვნენ, რომელთაც გულწრფელად სურდათ დახმარებოდნენ მათ კლიენტს სააკაშვილს, თუმცა მათი წინადადება უარყოფილ იქნა.

ბერნსის აზრით, სწორედ ვიცე-პრეზიდენტი ჩეინი და უწყებათაშორისი ბიუროკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი მოწადინებული იყო უკრაინისა და საქართველოსთვის NATO-ს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების რეალიზაციით 2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტზე.

2008 წლის 8 თებერვალს კონდოლიზა რაისისთვის მიწერილ წერილში უილიამ ბერნსი წერდა, რომ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) და კოსოვოს პრობლემა იყო იმ მთავარ პრობლემებს შორის, რომლებიც მისივე სიტყვებით „კატასტროფულ შედეგებს“ გამოიღებდა რუსეთთან ურთიერთობაში. ის აფრთხილებდა, რომ საქართველოს შემთხვევაში, კოსოვოს აღიარება და MAP, გამოიწვევდა რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და გაზრდიდა რუსეთსა და საქართველოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის ალბათობას. ბუქარესტის სამიტზე საქართველომ MAP-ს ნაცვლად მიიღო, როგორც „ნაციონალები“ ხარობდნენ, „MAP-ზე უფრო მეტი“. კერძოდ, ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებოდნენ NATO-ს წევრები. ეს იყო ერთგვარი კომპრომისი ამერიკელებთან, რომლებიც დაჟინებით ცდილობდნენ MAP-ის საკითხის გატანას. თუმცა, ამ ერთი შეხედვით ზოგადი ჩანაწერით NATO-მ რუსეთს მთავარი სათქმელი უთხრა. 2021 წლის დეკემბერში, რუსეთი NATO-ს ბუქარესტის სამიტის კომუნიკედან სწორედ ამ ჩანაწერის ამოღებას ითხოვდა!

2008 წლის მარტში, ბუქარესტის სამიტამდე ერთი თვით ადრე, ბერნსი ხვდება მაშინ ჯერ კიდევ პრეზიდენტ პუტინს, და გადასცემს პრეზიდენტ ბუშის გზავნილს, რომელშიც სხვა თემებთან ერთად აღნიშნული იყო, რომ უკრაინისა და საქართველოს NATO-ში ინტეგრაციისკენ წინსვლა რუსეთს არ უნდა განეხილა საფრთხედ(?!). რთული წარმოსადგენი არ არის, თუ რა რეაქცია ექნებოდა ამაზე პუტინს!

რუსეთში არსებულ სიტუაციაში კარგად ჩახედულ ბერნსს, მიაჩნდა, რომ ყველაზე ცუდი რაც ბუქარესტის სამიტზე გააკეთეს ამერიკელებმა, იყო ის, რომ ფუჭი იმედები გაუჩინეს საქართველოს და უკრაინას. სამაგიეროდ, მისი აზრით, გააძლიერეს რუსეთის და პუტინის რწმენა, რომ NATO-ს კურსი საქართველოსა და უკრაინის მიმართ საფრთხეს უქმნიდა რუსეთის არსებობას. ბერნსი იხსენებს, რომ პუტინი „ღრმად აღშფოთებული“ იყო იმით, რომ NATO-მ უკრაინასა და საქართველოს „კარი გაუღო,“ და ფიქრობდა როგორ „მიეჯირყვნა“ ეს სახელმწიფოები, თან ისე, რომ „მისი უკმაყოფილება თვალსაჩინო ყოფილიყო“ ყველასათვის. როგორც ბერნსი წერს, პუტინს განსაკუთრებით სურდა სააკაშვილის „ჭკუაზე მოყვანა.“

ბერნსი თვლის, რომ NATO-ს ბუქარესტის სამიტის შემდეგ სააკაშვილს შესაძლოა ჰქონოდა მოტივაცია უფრო აქტიურად ემოქმედა სამხრეთ ოსეთში.

ძალიან მნიშვნელოვანია ბერნსის ინფორმაცია, რომ, როდესაც 2008 წლის 10 ივლისს თბილისში კონდოლიზა რაისი ჩამოვიდა და მკაცრად გააფრთხილა სააკაშვილი არ წამოგებოდა პროვოკაციებს, ამ დროს სააკაშვილს ვაშინგტონიდან „სხვა ხმებიც ესმოდა, რომლებიც მას მოქმედებისკენ აქეზებდნენ.“ ამ ხმებს შორის ის ასახელებს ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის ოფისს. ბერნსი წერს, რომ „სააკაშვილის იმპულსურობა მხოლოდ აუარესებდა სიტუაციას.“

ბერნსის პროგნოზები, შეიძლება ითქვას, 100%-ით გამართლდა. კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებას მოჰყვა ცხინვალისა და აფხაზეთის სახელმწიფოებად აღიარება, ხოლო ბუქარესტის სამიტის კომუნიკემ რუსეთს ჯერ საქართველოს, შემდეგ კი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიისკენ უბიძგა.

ჩვენ არ გთავაზობთ ზემოთმოყვანილი ფაქტების სუბიექტურ ანალიზს, რადგანაც მთავარი მიზანია ამ ფაქტების საზოგადოების განხილვასა და სამსჯავროზე გამოტანა.

მიშა დიკ ჩეინი არ ვიცი და 2008 წლის ნოემბერში ამერიკის პრეზიდენტის არჩევნები იყო და სააკას ფავორიტი მაკ კეინი იყრიდა კენჭს. ,,ქორების" წარმომადგენელი.
ჩვენი ომი რამდენიმე საარჩევნო პროცენტიან მატებაში წაადგა მაკკეინის ელექტორალურ შედეგებს.
1 წლის უკან