საქართველოსთვის იაფი გაზის რესურსი მატულობს. შესაბამისად, მისი გამოყენება ელექტროენერგიის გენერაციისთვის სულ უფრი ხელსაყრელი ხდება. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია, რომლებიც, სწორედ ბუნებრივ აირს მოიხმარენ, წლიურად 42%-ით გაიზარდა.
2022 წელს ელექტროენერგიის წარმოების სტრუქტურაში თბოსადგურების ელექტროენერგიის წილმს, 2021 წელთან შედარებით, 26.1%-ით მოიმატა, ხოლო 2020 წელთან შედარებით 6.2.%-ით შემცირდა და ჯამურად წარმოებულ ელექტროენერგიაში აღნიშნულის წილმა 23.2% შეადგინა. გასულ წელს თბოსადგურების ჯამური გამომუშავება 3 387,73 მლნ კვტს/სთ შეადგინა.
როგორც ჩანს, საქართველოს შედარებით იაფი გაზის რესურსი გაუჩნდა, რის გამოც თბოსადგურების ამუშავება უფრო ხელსაყრელად მიიჩნევა, ვიდრე ელექტროენერგიის მეზობელი ქვეყნებიდან შემოტანა. ამას ადასტურებს მთავრობის გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც ენერგოსექტორს კიდევ ერთი ახალი თბოელექტროსადგური შეემატება. გარდაბანი 3-ის მშენებლობის დასაწყებად მალე აუქციონი გამოცხადდება, რის შედეგადაც შეირჩევა ინვესტორი, რომელსაც მშენებლობასა და სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება დაევალება.
გარდაბნის მუნიციპალიტეტში 350-430 დადგმული მგვტ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის ენერგოეფექტური თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე აუქციონი გამოცხადდება. მთავრობამ მოიწონა ინფორმაცია თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის საჭირო კერძო ინვესტიციების/ინვესტორების მოძიების მიზნით შპს გარდაბნის თბოსადგური 3-ში საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კუთვნილ წილთა 100%-ის გასხვისების თაობაზე იმ პირობით, რომ იგი კერძო ინვესტორის მიერ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხრიდან ჩამოყალიბებული და ენერგოსისტემის საჭიროებებიდან გამომდინარე მოთხოვნების (მოქნილი ოპერირების უნარი და სხვა) დაცვით აშენდება. წილის გასხვისების ერთ-ერთ აუცილებელ პირობად კი ობიექტის ექსპლუატაციაში 4 წლის ვადაში მიღება განისაზღვრება.
„გვინდა ახალი თბოსადგურის მშენებლობა მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს. როდესაც განახლებადი ენერგიის პროექტებზე ვსაუბრობთ, ხშირად მათი ინტეგრირება ქსელში შეუძლებელია, იქიდან გამომდინარე, რომ სტაბილური გენერაციის წყაროებიდან შესაბამისი სიმძლავრეები არ გვაქვს. ახალი თბოსადგური კი დაგვეხმარება ქსელში მეტი განახლებადი ენერგიის პროექტის ინტეგრირება მოვახდინოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და იმედი გვაქვს, რამდენიმე თვიანი შერჩევის შემდეგ, მუშაობას დავიწყებთ. არაუმეტს ოთხ წელიწადში კი სადგურის მშენებლობა უნდა დასრულდეს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
სიახლე ქვეყნის ენერგეტიკაზე დადებით გავლენას მოახდენს და საქართველოს იმპორტის მოცულობის შემცირებაში დაეხმარება, რომელიც ბოლო დროს ისედაც იკლებს. ძველი სიმძლავრეების ჩანაცვლებაზე საუბრობს კიდევ ერთი ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილიც და ადასტურებს, რომ ეფექტურობა უფრო მეტი იქნება.
„წესით, ახალმა სიმძლავრეებლმა უნდა ჩაანაცვლოს ის ბლოკები, რომლებიც ექსპლუატაციიდან უნდა გამოვიდნენ, ესენი არის ძველი მე-3 და მე-4 აგრეგატები. ისინი ჯერ კიდევ ექსპლუატაციაშია და მათი გამოყვანა საჭიროა, რადგან ძალიან ძველია და არაეფექტურია. უკვე მე-9 ბლოკიც მოძველებულია. ამიტომ ახალი სადგური კარგია და მისი ეფექტურობა უფრო მაღალი იქნება, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენად გაგვიზრდის საექსპორტო პოტენციალს. რას ჩაანაცვლებს გარდაბანი-3, იმის მიხედვით გვეცოდინება საბოლოო შედეგი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
2022 წელს ელექტროენერგიის წარმოება წინა წელთან შედარებით 12.5%-ით, ხოლო 2020 წელთან შედარებით 27.8%-ით გაიზარდა. ანგარიშის მიხედვით, წარმოების ზრდა კარგი ჰიდროლოგიური წლით იყო გამოწვეული. ამავე დროს საანგარიშო წელს ექსპლუატაციაში შევიდა 7 მცირე ელექტროსადგური (ჯამური დადგმული სიმძლავრე 26.92 მგვტ). 2012-2022 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება საშუალოდ 4%-ით იზრდება, რაც ჰიდროლოგიის გარდა, მიმდინარე წლებში ექსპლუატაციაში შესული და რეაბილიტირებული ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით არის განპირობებული. რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას, 2022 წელს საქართველოში იგი წინა წელთან შედარებით 3.6%-ით, ხოლო 2020 წელთან შედარებით 17.3%-ით გაიზარდა. ჯამში მოხმარებამ 14 მილიარდ კვტ.სთ-ს გადააჭარბა.