ვაზიანის ტერიტორიაზე აეროპორტის აშენება ასეულობით მილიონი დოლარი დაჯდება, თუმცა დაფინანსების მოძიება არ გაჭირდება. მთავრობის წევრები შეფასებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა საკუთარი ტექნიკური გამტარიანობის ზღვარს უკვე მიაღწია და მისი განვითარება ვეღარ ხერხდება, ამიტომ ახალი სტრატეგიული ობიექტის აშენება გარდაუვალია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ თბილისში ახალი, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენება იგეგმება და პროექტი ვაზიანის ყოფილი აეროდრომის ადგილას განხორცილდება.
„ჩვენ დავამუშავეთ ორი ვარიანტი: ერთი იყო არსებული აეროპორტის განვითარება და გაფართოება, მაგრამ ამ აეროპორტს აქვს თავისი მინუსები, შეზღუდვები და ვერ იძლევა რეალურად დიდი განვითარების შესაძლებლობას, მით უმეტეს, თუ გვინდა, რომ გავხდეთ რეგიონში საავიაციო ჰაბი, ეს აეროპორტი და მისი ტერიტორია ვერ გვაძლევს ამის საშუალებას. აქედან გამომდინარე, ეკონომიკურ საბჭოზე დავსვით ეს საკითხი და მივედით იმ დასკვნამდე, რომ თუ გვინდა 20, 30, 50, თუნდაც 100-წლიანი პერსპექტივით ვიზრუნოთ ქვეყანაზე, ჩვენს მომავალ თაობებს დავუტოვოთ გამართული ინფრასტრუქტურა და აეროპორტი, აუცილებელია ახალი ლოკაციის შერჩევა. ასეთი ლოკაცია თბილისში არის ვაზიანის ყოფილი აეროპორტი. ჩემი დავალებით ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე 3 ძირითადი აეროდრომი - ასაფრენი ზოლი მდებარეობს - ესენია თბილისის საერთაშორისო აეროპორტი; ვაზიანის სამხედრო აეროპორტი და თბილისის საავიაციო ქარხნის ასაფრენი ზოლი. თბილისის აეროპორტსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ასაფრენ ბილიკებს შორის დაშორება 8 კილომეტრს შეადგენს (სწორი ხაზი), თუმცა საავტომობილო გზა ამაზე ორჯერ მეტად დაგრძელდება. კახეთის გზატკეცილზე თბილისის აეროპორტის გადასახვევიდან ვაზიანის გადასახვევამდე მანძილი 8 კილომეტრს შეადგენს, ხოლო ვაზიანის გადასახვევიდან, სამხედრო აეროდრომამდე მანძილი 8.5 კილომეტრია. შესაბამისად, მთლიანობაში, აეროპორტამდე მისვლა 16,5 კილომეტრით დაგრძელდება.
ავიაციის სფეროს ექსპერტის, იასე ზაუტაშვილის შეფასებით, ამგვარი სტრატეგიული დანიშნულების ობიექტის მშენებლობა ასეულობით მილიონ დოლარს უკავშირდება, თუმცა დაფინანსების მოძიება არ გაჭირდება.
„ეს იქნება დაკავშირებული ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიციასთან და ხარჯთან. მე ვფიქრობ, აზიის განვითარების ბანკიც სიამოვნებით დაინტერესდება ამგვარი პროექტით, იმიტომ, რომ აეროპორტს ბიზნესად თუ განვიხილავთ, ძალიან მომგებიანია. შემიძლია გითხრათ, რომ თუნდაც „ტავ ურბანს“, საქართველოში ყოფნის განმავლობაში ასობით მილიონი დოლარის შემოსავალი აქვს მიღებული (რა აქვს ინვესტირებული, ეს მეორე საკითხია). შესაბამისად, საქართველოს ბიუჯეტიდანაც და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდანაც ძალიან დიდი თანხები დაიხარჯება ამ პროექტისთვის. სტრატეგიული პროექტი იქნება.
თუმცა, თავის მხრივ, თუ სახელმწიფო იმ ნაბიჯს გადადგამს, რომ ამ სტრატეგიული ობიექტის ძირითადი შემადგენელი კომპონენტები, როგორიც არის თვითონ აეროდრომის ტერიტორია, ასაფრენი ბილიკები დარჩეს სახელმწიფოს გამგეობის ქვეშ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. სტრატეგიული ობიექტი უნდა იყოს სახელმწიფოს გამგეობის ქვეშ, თუმცა, შიგნით, რა თქმა უნდა, ბიზნესს უნდა შეეძლოს გარკვეული საქმიანობა აწარმოოს“, - განაცხადა „პალიტრანიუსის“ ეთერში ზაუტაშვილმა.
მთავრობის წევრთა შეფასებით, თბილისის არსებულმა აეროპორტმა საკუთარი ტექნიკური გამტარიანობის ზღვარს უკვე მიაღწია. ამიტომ ჩატარდება შესაბამისი ეკონომიკური პარამეტრების კვლევა თუ რა უპირატესობა ექნება ვაზიანში ახალი აეროპორტის განვითარებას.
2022 წელს თბილისის აეროპორტი 2 998 785 მგზავრს მოემსახურა. მისი გამტარიანობის პიკი 2018 წელს იყო, როდესაც მგზავრთა რაოდენობა 3 808 619 იყო, 2019 წელს ის რუსული ავიაემბარგოს გამო 100 000-ით შემცირდა. პანდემიურ პერიოდში სამოქალაქო ავიაციაში დიდ ჩავარდნას ჰქონდა ადგილი, მაგრამ უკვე 2022 წელს მგზავრთნაკადი 78%-ით გაიზარდა.