რისთვის დაიწყო ომი პუტინმა უკრაინაში?!

რისთვის დაიწყო ომი პუტინმა უკრაინაში?!

„ყველა, ვინც დაიღუპება დღევანდელი დღიდან მოყოლებული, დაიღუპება თქვენს გამოც, თქვენი სისუსტის და დაქსაქსულობის გამო“, - ეს პრეზიდენტ ზელენსკის შარშანდელი სიტყვებია ნატოს მიმართ, რომელმაც უკრაინის თავზე ცის დაკეტვა ვერ გაბედა და რუსებს დააბომბინა უკრაინული ქალაქები. თუმცა ის, რაც ეპატიება ზელენსკის, არ ეპატიება ღარიბაშვილს, რომელმაც რუსეთისთვის ომის დაწყების ერთ-ერთ საფუძვლად სწორედ უკრაინის ნატოსკენ სწრაფვა დაასახელა.

ზელენსკი ერთადერთი არაა, რომელმაც ნატო დაადანაშაულა უკრაინაში მოწყობილი სასაკლაოს გამო და მოითხოვა, ან მიეღოთ უკრაინა ნატო-ში, ან უარი ეთქვათ, რადგან ამ გაურკვევლობით სარგებლობდა რუსეთი. ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა რასმუსენმაც აღიარა: „თუ უკრაინას მოუწევს მშვიდობის ფასად ნატოზე თქვას უარი, გამოვა, რომ პუტინმა თავისას მიაღწია და მან გაიმარჯვა ევროპაზე“.

იმისთვის, თუ რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში, საკმარისია გავიხსენოთ ის ფაქტი, რა მიზეზით შემოიჭრა რუსეთი საქართველოში. მიზეზი ერთი და იგივეა.

ჯერ კიდევ შარშან ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აღიარებდა ნატოს „წვლილს“ რუსეთისთვის აგრესიის გაცხოველებაში. რასმუსენი არ მალავდა, რომ 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის მაპის მიუცემლობა და უბრალო დაპირება, რომ გახდებოდნენ ნატოს წევრები, სიგნალი იყო პუტინისთვის, რომ ნატოში უთანხმოებაა და ის საქართველოში მალევე შეიჭრა.

უფრო მეტიც, რასმუსენი იმასაც ნანობდა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ კიდევ ერთი დიდი შეცდომა დაუშვა ალიანსმა, როცა 2009 წელს, ყველასდა გასაკვირად, ოკუპანტ რუსეთს ნატოს სტრატეგიული პარტნიორობა შესთავაზა.

„როცა ალიანსის გენერალური მდივანი გავხდი, დავუკავშირდი რუსებს და ვუთხარი, ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტია სტრატეგიული პარტნიორობის შემუშავება-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინ ისინი საქართველოს დაესხნენ თავს... მაგრამ პუტინმა არასწორად წაიკითხა ჩვენი წინადადება. თუ რამე ვისწავლეთ ამ ისტორიისგან, არის ის, რომ დიქტატორებთან მაამებლობა არ მუშაობს“, - იხსენებს წარსულ შეცდომებს ანდერს ფოგ რასმუსენი.

ქრონოლოგიურად გავიხსენოთ, როგორ მივედით აგვისტოს ომამდე: 2008 წლის 3 აპრილს ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გზავნილი გააჟღერა, რომ საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდება. სულ რამდენიმე დღეში, 2008 წლის 8 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჩვეული რიტორიკით უპასუხა ალიანსს, რომ რუსეთი ყველაფერს გააკეთებდა, რათა არ დაეშვა უკრაინა-საქართველოს გაწევრიანება ნატოში. იმავე წლის 16 აპრილს პუტინმა გამოსცა განკარგულება სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი ურთიერთობების დამყარების შესახებ.

2008 წლის 15 ივლისს პუტინმა ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნა „კავკასია- 2008“ დაიწყო, წვრთნებში მონაწილეებს დაურიგდათ ბროშურები, სათაურით „მებრძოლო, იცნობდე შენს მტერს“, ამ ბროშურებში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ იყო მონაცემები.

ზელენსკისა და რასმუსენის თვითაღიარებების მიუხედავად, მსოფლიოში მაინც ვერ ჩამოყალიბებულან, რისთვის დაიწყო პუტინმა ომი და რატომ შეიჭრა მაინცდამაინც უკრაინაში? ზოგი ამას პუტინის ახირებას მიაწერს, რომ მას ერთ დღესაც გაეღვიძა და უკრაინელი ნაციონალისტების წინააღმდეგ გაბრძოლება გადაწყვიტა, ზოგი ფიქრობს, რომ პუტინი პეტრე პირველს ედრება და „რუსული მიწების“ შემოკრება განიზრახა, ზოგი საბჭოთა იმპერიის აღდგენის მცდელობად აღიქვამს პუტინის ამ აგრესიულ ნაბიჯს უკრაინაში, რადგან რუსებს დღემდე აქვთ საბჭოეთის ნოსტალგია და ვერ უპატიებიათ გორბაჩოვისა და შევარდნაძისთვის „რეიგანის დაკრულზე ცეკვა“ და იმპერიის დანგრევა. რაც შეეხება პრემიერ ღარიბაშვილს, ის პუტინის მიერ უკრაინაში შეჭრის ერთ-ერთ და არა მთავარ მოტივად ნატოს გაფართოებას ასახელებს, რის გამოც ღარიბაშვილი შიდა და გარე ძალების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ პუტინს ძალიან მარტივად აქვს გაცხადებული, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა ეს იყო დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა. თანაც, ეს ახლა კი არა, 10-15 წლის წინ განაცხადა პუტინმა. შესაბამისად, პუტინი ახლა ცდილობს, აღადგინოს იმპერია.

„საბჭოთა კავშირი კი დაიშალა, მაგრამ რუსეთს იმპერიალიზმზე უარი არ უთქვამს. ომის დაწყება საშინელებაა, მაგრამ სტრატეგიულად სწორი გათვლა იყო, რომ თუკი პუტინი უკრაინას ომს მოუგებდა, მაშინ საქართველო ისედაც კაპიტულანტურ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, სომხეთი ისედაც დსთ-ში შემავალია, აზერბაიჯანი იზოლაციაში აღმოჩნდებოდა, შუა აზიის რესპუბლიკებზე რუსეთს ისედაც აქვს გავლენა, ბელარუსის შესახებ აღარაფერს ვამბობთ. ამიტომ უკრაინაში ომის დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის იმპერიის აღდგენაზე იყო და არის საუბარი. ნატო ეს არის მომიზეზება პუტინის მხრიდან, თორემ ესტონეთი ნატოს წევრია და პეტროგრადიდან რამდენიმე ასეული კილომეტრი აშორებს. დღემდე რუსეთი თვლიდა და ახლაც თვლის, რომ ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები მისი გავლენის ქვეშ უნდა იყვნენ. ამიტომაც უკრაინა შეარჩია სამიზნედ, რადგან უკრაინაში გამარჯვების შემთხვევაში, დანარჩენ რესპუბლიკებში, ფაქტობრივად, არანაირი გადამჭრელი ზომების მიღება არ დასჭირდებოდა. უკრაინას თუ აიღებდა, საქართველოსაც აიღებდა“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

trampi ,,ერთ პლაშადკაზე,, მეზობლის კარებიდან მას თოფი რომ არ ჰქონოდა დამიზნებული, იმის თავიდან ასაცილებლად დაიწყო რუსეთმა ომი
არადა ეგ გარდაუვალი იყო......
ან კი ვის მოეწონებოდა მეზობელმა ფანჯრიდან თოფი რომ გიმიზნოს და თან იძახოს არა .... არა შენ არ გიმიზნებო.......ვინ ჭამს ეხლა მაგას?
თავის ჭკვაში ამერიკა ეხლა ჩინეთსაც მასე უპირებს
მერე იძახოს არა... არა .... ეს თქვენ სწორედ ვერ გაიგეთ..... ეს თქვენი კეთილდღეობის და დემოკრატიისთვის გვინდაო...
ხალხი იმათ დებილები ჰგონიათ------ მაგათი ჩოილარი არაააა კიტრი არა, ჩოილარი ჩოილარია
ხოოდა იძახონ მაგათ კიტრიაო.... ვნახოთ ერთი ჩოილარი კიტრად თუ გადაიქცევა....
9 თვის უკან