ბოლო 3 კვირის განმავლობაში ლარი თითქმის 20 პუნქტით გაუფასურდა. ფუნდამენტური მიზეზი არ არსებობს გარდა ერთისა, ეროვნული ბანკი არანორმალური რაოდენობით დოლარს იღებს ბრუნვიდან და კურსს ხელოვნურად აუფასურებს. მისი გადაწყვეტილების ახსნაც შეუძლებელია. ამასობაში კი ეროვნული ვალუტისადმი უნდობლობამ ისევ იჩინა თავი როგორც მოსახლეობაში, ისე ბიზნესში.
ეკონომისტი აკაკი ცომაია ლარის ბოლოდროინდელ მერყეობას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს.
„სავალუტო ბაზარზე საკმაოდ მერყევი ტენდენციები შეინიშნება, რაც ლარის ასეთ მერყეობას იწვევს. გამყარების მთავარი ფაქტორი იყო საგარეო მოთხოვნის ზრდა, ანუ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა. დაიწყეს ბიზნესების დარეგისტრირება და ქართულ ეკონომიკაში უცხოური ვალუტის ჩადება. ასევე გაჩნდა მოლოდინი და ხალხმა დაიწყო დანაზოგების კონვერტირება ლარში. ეს კიდევ უფრო მეტად ამყარებდა კურსს.
კიდევ ერთი ფაქტორი არის, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, თუმცა მას შემდეგ, რაც დაიწყო რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, ეს, პირველ რიგში, აისახა საფინანსო ბაზარზე, რადგან პროცენტის შემცირება ავტომატურად უბიძგებს ინვესტორებს, რომ დანაზოგები შეინახონ არა ლარში, არამედ უცხოურ ვალუტაში, რადგან მათ უჩნდებათ მოლოდინი, რომ მომავალში ლარი გაუფასურდება. გამომდინარე იქიდან, რომ ლარი მისი წონასწორობის ნიშნულთან იყო უფრო მეტად გამყარებული, ბუნებრივია, რომ ეს პროცესი ახლა უნდა წამოვიდეს უკან გაუფასურებისკენ“, - აღნიშნა ცომაიამ.
განსხვავებული მოსაზრებისაა საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე. მან დაადასტურა, რომ ზაფხულში მკვეთრი რყევები მოსალოდნელი არ იყო, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. რაც შეეხება გამომწვევ ფაქტორებს, ძნელაძის შეფასებით, კურსზე ერთობლივად იმოქმედეს ისეთმა გარემოებებმა, როგორიცაა ტურისტული ნაკადების ტემპის შესუსტება, იმპორტის გააქტიურება, სებ-ის ინტერვენციები და სხვა.
„ბევრი ნიუანსია, რაც ლარის გაუფასურებას განაპირობებს. ცალსახად რომელიმე ფაქტორის გავლენაზე საუბარი გამიჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ უცხოური ვალუტის შემოდინების კუთხით ტემპი შენელებულია. რეზერვების შევსების მხრივ გარკვეულწილად ეროვნულმა ბანკმაც მიიღო ჭარბი მონაწილეობა.
მაისი ყოველთვის გამოირჩევა იმპორტის გააქტიურებით, რაც ასევე განაპირობებს რყევებს. რამდენიმე ფაქტორმა ერთობლივად იმოქმედა. მნიშვნელოვანია, რომ სხვა პერიოდში თუ ტურისტული ნაკადების ზრდა შეიმჩნეოდა მაისში, ახლა დინამიკა თანაბარია. ტენდენციას უნდა დავაკვირდეთ. წესით, ეროვნული ვალუტა ზაფხულის პერიოდში გამყარებაზე იყო ორიენტირებული იყო, მაგრამ წელს მოცემულობა შეიცვალა“, - განუცხადა „ბიზნეს ინსაიდერს“ ძნელაძემ.
როგორ შეიძლება შეიცვალოს ვითარება და რამდენ ხანს გასტანს რყევები, საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი პროგნოზს ჯერჯერობით ვერ აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ აშშ დოლართან მიმართებით 2,70-2,80-იან მაჩვენებელს კურსი არ უნდა გასცდეს.
„ვერ გეტყვით, რა ნიშნულს დაუბრუნდება ლარი. მცურავი კურსია, მთლიანად მოთხოვნა-მიწოდებაზეა დამოკიდებული. მთავრობაც და სებ-იც ორიენტირებულია, რომ კურსი იყოს სტაბილური, მაგრამ პირდაპირი ჩარევა არ ხდება. პროგნოზი მიჭირს, თუმცა შემიძლია ვივარაუდო, რომ 2,70-2,80 ის ზღვარია, რასაც ლარის გაუფასურების მაჩვენებელი ჯერჯერობით არ უნდა გაცდეს“, - დასძინა ძნელაძემ.
ეკონომისტთა ნაწილი კი ხელს პირდაპირ ეროვნული ბანკისკენ იშვერს და კურსის ხელოვნურად გაუფასურებაში ადანაშაულებს. ანალიტიკოს ოთო აბესაძის შეფასებით, ეროვნულ ბანკს, როგორც უნდა, ისე ჭრის და კერავს ლარის გაცვლით კურსს და ეს ყველაფერი გადადის უდიდეს მავნებლობაში.
„ქვეყანაში გვაქვს უდიდესი მონეტარული ტურბულენტობა. ეროვნულ ბანკს როგორც უნდა ისე ჭრის და კერავს ლარის გაცვლით კურსს და ეს ყველაფერი გადადის უდიდეს მავნებლობაში. საქართველოს ისტორიაში რეკორდული თანხა, 300 მილიონ დოლარზე მეტი ამოიღო ეროვნულმა ბანკმა აპრილში (ყოველგვარი მიზეზის გარეშე) ბაზრიდან და ამან გამოიწვია ის, რასაც ხედავთ, ანუ 10-14 თეთრით გაუფასურდა ლარი.
რასაკვირველია ეს მომენტალურად აისახებოდა ფასებზე როგორც საწვავზე, ისე პროდუქტებზე, რადგან სამომავლო რეზერვები იმპორტიორებმა უნდა შეავსონ.
თუ იმპორტიორს საწვავი თუ მაკარონი ნაყიდი აქვს 2.50-იან კურსზე და უცებ 2.64 ხდება დოლარი, ისიც მომენტალურად აწევს ფასს, რათა მომდევნო რეზერვების შეძენისას დანაკლისი არ გაუჩნდეს. შესაბამისად, ამ ფასნამატებზე პასუხისმგებელია მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული ბანკი და მთავრობის ეკონომიკური გუნდი. უნდა მოვითხოვოთ ჩვენი შემოსავლის შესაბამისი ფასები როგორც საწვავზე, ისე სურსათზე“, - აღნიშნა აბესაძემ.
ჯერჯერობით არც ეროვნულ ბანკში და არც მთავრობის ეკონომიკურ განდში შეფასებები არ გაკეთებულა. ლარის ერთწლიანი ნდობა კი თვალსა და ხელს შუა ქრება.