თურქეთში პუტინს და ზელენსკის ელოდებიან

თურქეთში პუტინს და ზელენსკის ელოდებიან

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში ჯერ რუსეთის, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი იგეგმება. თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ვლადიმერ პუტინის და ვოლოდიმერ ზელენსკის შეხვედრები ცალ-ცალკე გაიმართება. მედიის ცნობით, პუტინი თურქეთს სპეციალური ვიზიტით ერდოღანის ინაუგურაციის შემდეგ ეწვევა, თუმცა ვიზიტის ზუსტი დრო ამ დროისთვის უცნობია. ოფიციალური ინფორმაციით, პუტინისა და ზელენსკის ვიზიტებზე განხილული იქნება ომისა და მარცვლეულის დერეფნის საკითხები.

კრემლში ადასტურებენ, რომ ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი უახლოეს მომავალში ერთმანეთს შეხვდებიან, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმებული არ არის თუ როდის და სად გაიმართება შეხვედრა. ოფიციალურმა ანკარამ დიპლომატიური ბალანსი აირჩია მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში გასული წლის თებერვალში შეიჭრა. თურქეთი უპირისპირდება დასავლურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ინარჩუნებს ახლო კავშირებს როგორც მოსკოვთან, ისე კიევთან. როგორც ცნობილია, თურქეთმა რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლა და აგრეთვე, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას შუამავლობდა.

ამ ეტაპზე რთულია პროგნოზირება, გახდება თუ არა თურქეთი შუამავალი სახელმწიფო, იმ ფონზე, როდესაც მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა და რომელსაც რუსეთმა ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. უკრაინაში კი, თავდასხმაში კიევის მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფენ.

მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატურით უტევენ, მოსკოვის გარეუბნებში და ქალაქებში მასიურად ხანძრებს ებრძვიან. ამ დრომდე რთული რჩება ვითარება ბელგოროდის რეგიონში. გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე სოფლებიდან ბავშვების ევაკუაციას განახორციელებენ.

ოფიციალურად არ დასტურება, რომ პარტიზანული მოძრაობა რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებს, თუმცა, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინას აქვს უფლება, გამოიყენოს ძალა თავისი საზღვრების მიღმა, რათა ძირი გამოუთხაროს რუსეთის უნარს, გამოიყენოს ძალები უკრაინაში. როგორც კლევერლიმ განაცხადა „ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები“ უკრაინის საზღვრის მიღმა უკრაინის თავდაცვის ნაწილია.

შექმნილი ვითრებიდან გამომდინარე, დიპლომატს, ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ირაკლი მენაღარიშვილს არ აქვს განსაკუთრებული მოლოდინი, რომ თურქეთის პრეზიდენტთან დაგეგმილი აუდიენციის შემდეგ რამე შეიცვლება, თუმცა დარწმუნებულია, რომ ანკარაში მარტო მარცვლეულზე არ იქნება საუბარი. ალბათ, საუბარი იქნება კონფლიქტის მომავალზე, იმაზე თუ როგორ უნდა მოიძებნოს გამოსავალი ამ შექმნილი უმძიმესი მდგომარეობიდან.

„ორი პრეზიდენტის ვიზიტი ახლადარჩეულ თურქეთის პრეზიდენტთან ამისი შესანიშნავი საფუძველი იქნება. ეს არის კარგი პლატფორმა და გარდა ამისა, კარგი საბაბიც. მეტის თქმა ჯერჯერობით ნაჩქარევი იქნება. მე, განსაკუთრებით, პუტინის დამოკიდებულება მაფიქრებს. არ მგონია იგი განწყობილი იყოს ახლა მაინც და მაინც რაღაცა განსაკუთრებულად კონსტუქციული ნაბიჯი გადადგას. თუმცა, ეს გამორიცხული არ არის, უბრალოდ, მე ამის დიდი იმედი არ მაქვს.

ამ შეხვედრაზე უამრავი სხვადასხვა საკითხი შეიძლება გადაწყდეს. ან, ყოველ შემთხვევაში განხილულ იქნას, მაგრამ ის, რაც მთავარია ახლა, რომ დასრულდეს ომი, დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს პრობლემა ახლა ამ ვიზიტების დროს დასრულდება, თუმცა, ღმერთმა ქნას, რატომაც არა. ომის დასრულება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის იმაზე, რამდენად კონსტრუქციული იქნება რუსეთი. ის არის აგრესიის წყარო და შესაბამისად, მან უნდა გადადგას ის ნაბიჯი, რომელმაც ეს უბედურება უნდა დაასრულოს უკრაინაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი მენაღარიშვილი.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ამბობს, რომ რუსეთმა ძალიან მაღალ დონეზე დააზიანა უკრაინის ინტერესები და გარკვეულწილად რუსეთმა თავის სადაზვევრო მიზანს მიაღწია. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი ერთობა არის რუსეთის საწინააღმდეგოდ, რუსეთმაც თავისი სტრატეგიული პარტნიორები ამ სიტუაციაში მოიძია.

„ვერ ვიტყვი, რომ სუსტი პარტნიორები მოიწვია. აქედან გამომდიანე, ეს არ არის მხოლოდ რუსეთისათვის პრობლემა. მე ვთვლი, რომ თვითონ რუსეთშიც განვითრებული მოვლენებიც შეიძლება მთელს ევროპასაც კი პრობლემად ექცეს. აქედან გამომდინარე, კონფლიქტის დარეგულირება და ყოველ შემთხვევაში ომის შეწყვეტა არის არა მარტო რუსეთის ინტერესებში, არამედ ეს არის ევროპის ინტერესებში და ყველა იმ მხარის ინტერესებში, რომელმაც უკვე სარგებელი მიიღო ამ საომარი მოქმედებებისგან.

რაც შეეხება თურქეთის ჩართულობას, ფაქტობრივი მდგომარეობა, რომ ორივე მხარე თანახმა არის ერდოღანთან შესახვედრად, ეს კარგია. არსებობს გარკვეული ალბათობა იმისა, რომ შესაძლებელია, თურქეთმა მოირგოს დამრეგულირებლის როლი, მას ამის შესაძლებლობები გააჩნია. პრაქტიკულად, ჩვენ ვსაუბრობთ რეგიონში დომინირებისათვის მებრძოლ სახელმწიფოზე, რომელსაც საკმაოდ ძლიერი სპეცსამსახურებიც გააჩნია და პოზიციებიც“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით კუხალაშვილმა.

ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე დარწმუნებულია, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს არ შეხვდებიან თურქეთში, ვინაიდან ეს პირდაპირ წინააღმდეგობაში მოვა დეკლარირებულ სამშვიდობო გეგმებთან და ორივე ქვეყანაში, როგორც რუსეთში, ასევე უკრაინაში აღქმული იყნება როგორც ქვეყნის ინტერესების ღალატი.

„შესაძლებელი არის უფრო ქვედა დონეზე შეხვედრა, ასევე ნაკლებად რეალურად მეჩვენება თურქეთის მინდორზე საგარეო საქმეთა მინისტრების - კულებას და ლავროვის შეხვედრა. ცხადია, თეორიულად შესაძლებელი არის ე.წ. მარცვლეულის გარიგების საფუძველზე გარკვეული საკონსულტაციო ჯგუფების შეხვედრა, ასევე შესაძლებელია ცალ-ცალკე ერდოღანთან, ან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრები, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჯერ, ამ ეტაპზე, არარეალისტურად მიმაჩნია პრეზიდენტების, ან საგარეო სამქეთა მინისტრების დონეზე შეხვედრა თურქეთის შუამავლობით“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.