საქართველოში ინფლაცია, როგორც იქნა, განსაზღვრულ ჩარჩოებში მოექცა, თუმცა რისკები მაინც რჩება. პირველ რიგში, ეს უკავშირდება რუსეთ-უკრაინის ომს, საერთაშორისო ბაზრებზე ზოგიერთი ფართოდ მოხმარებადი საქონლის დეფიციტს და ჩვენთან კი ლარის სტაბილურობას, რომელიც ბოლო 2-3 კვირაა არასასურველად უფასურდება.
სწორედ ამიტომ ხელისუფლების წარმომადგენლები თავს მშვიდად ვერ გრძნობენ, მით უფრო, რომ არჩევნები სულ უფრო ახლოვდება. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე პირდაპირ ამბობს, რომ მართალია ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს, თუმცა რისკები მაინც რჩება.
„ფასების სტაბილურობა ეროვნული ბანკის მთავარი მანდატია. ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. მიღწეული შედეგი დადებითია, თუმცა პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, გაურკვევლობა კვლავაც მაღალია. არის ფაქტორები, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს, როგორც ინფლაციის მატება, ისე დეფლაცია“, - განაცხადა პაატა კვიჟინაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიში განიხილეს.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაღალი ინფლაციის მიზეზად კოვიდპანდემია, რუსეთ-უკრაინის ომი, მიწოდების ჯაჭვების დარღვევა და გლობალური გაურკვევლობა დაასახელა, რაც მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკაზეც აისახა. გარკვეული გამოწვევების ფონზე მიმდინარე ეკონომიკური პროცესები საჭიროებს დამატებით სიღრმისეულ ანალიზს, შესაბამის დაბალანსებულ მონეტარულ პოლიტიკას და მომავალზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების მიღებას.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლარის კურსზე და ამ კუთხით ეროვნული ბანკის როლზეც ისაუბრა.
„წლის განმავლობაში ლარის კურსი ძირითად ვალუტებთან მიმართებით მყარდებოდა, ეს ტენდენცია მიმდინარე წელსაც გრძელდება. გაცვლითი კურსის სტაბილურობა მნიშვნელოვანი და სასურველი მიზანია საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობისა და საერთაშორისო ვაჭრობისათვის“, - განაცხადა კვიჟინაძემ.
ამჟამად ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში მიზნობრივზე დაბლა დაეშვა და 2.7%-ის ფარგლებშია. ეროვნულ ბანკში ირწმუნებიან, რომ წლის დარჩენილ პერიოდში ფასების საერთო დონის ინდექსი დაბალ ნიშნულზე დარჩება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ამ კუთხით განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება.
„2022 წელს როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში პროგნოზირებული იყო, რომ ინფლაცია შემცირდებოდა, რომელიც 2021 წელს დაიწყო და გამოწვეული იყო პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემებით. 2021 წელს პანდემიიდან სწრაფად გამოვიდა მსოფლიო, რამაც მოთხოვნა გაზარდა, თუმცა მიწოდების ჯაჭვები კვლავ მოშლილი იყო. ასევე იყო ლოგისტიკური პრობლემები, გაძვირებული ტრანსპორტირება და ამან 2021 წელს გაზარდა ინფლაცია.
მიუხედავად ამისა, მოლოდინი იყო რომ 2022 წელს ისევ შემცირდებოდა ინფლაცია და საერთაშორისო ბაზრებზე ფასები დაუბრუნდებოდა მის გრძელვადიან ტენდენციას. ასეთივე მოლოდინი ჰქონდა საქართველოს ეროვნულ ბანკსაც, თუმცა ჩვენ 2021 წელს დავიწყეთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და 2021 წელს უკვე გვქონდა მკაცრი პოლიტიკა.
2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ შეცვალა სიტუაცია. რუსეთიც და უკრაინაც საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქტების მსხვილი მიმწოდებელი ქვეყნებია. ომს მორყვა რუსეთის მიმართ სანქციები რამაც თავისი დამატებითი გავლენა იქონია ენერგომატარებლების ფასებზე. ეს იყო დამატებითი შოკი და გლობალურად ინფლაციის ტემპის შენელებამ ცოტა გადაიწია და უკვე გლობალურ ბაზრებზე ჩვენ ფასების დაღმავალი ტრენდი 2022 წლის მეორე ნახევარში დავინახეთ. ამ დროს უკვე გამოჩნდა, რომ გლობალური ტრანსპორტირების ფასებიც მცირდებოდა და დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ ტემპს და ეტაპობრივად ეს საგარეო ტენდენციები ჩვენ ბაზარსაც გადმოეცემოდა.
საქართველოში ინფლაციას 2022 წელს შემცირების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა ეს მაჩვენებელი მაინც ძალიან მაღალი იყო და ამიტომ ჩვენ ვინარჩუნებდით გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას. წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი 9.8 პროცენტამდე შემცირდა თუმცა, საშუალოდ, 11.5 პროცენტის ფარგლებში იყო. ინფლაციის ტემპის შემცირება წელსაც გაგრძელდა და აპრილის მონაცემებით 2.7 პროცენტი იყო. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წლის დარჩენილ პერიოდში ინფლაცია დაბალ დონეზე დარჩება“, - აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა.