საქართველოს მთავრობა, იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით, 5 თვის ვადით, საიმპორტო საფასურის დაწესებას გეგმავს. 1 ტონაზე 200 ლარის მოჭრილი განაკვეთი დაწესდება და ფქვილი გაძვირდება, თუმცა ძირითადი მოხმარების პურის ფასი უცვლელი დარჩება. სანაცვლოდ ამუშავდება წისქვილკომბინატები, რომლებიც ჩაიბარებენ როგორც შარშანდელ, ასევე წლევანდელ მოსავალს, რომელიც რაოდენობის თვასაზრისით ბოლო წლებში საუკეთესო იქნება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მარცვლეულის, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების და პურის მრეწველთა კავშირის წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრა გაიმართა. მინისტრმა ოთარ შამუგიამ ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და, შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის გაზრდის მნიშვნელობას.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ადგილობრივი ხორბლის წარმოება 60 %-ით არის გაზრდილი და არსებობს მოლოდინი, რომ არსებული დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება.
„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ინტენსიური შეხვედრები გვქონდა დარგში ჩართულ ყველა წარმომადგენელთან და შევჯერდით ისეთ პირობებზე, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში შენარჩუნდესს პურის ფასი, მეორე მხრივ კი, წინსქვილკომბინატებმა კონკურენტულ პირობებში შეძლონ მუშაობა. რაც მთავარია, ფერმერებმა მოსავალი შეუფერხებლად უნდა დააბინაონ.
შესაბამისად, მომავალ კვირას, საქართველოს მთავრობას წარედგინება დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც, ფქვილის იმპორტზე დაწესდება დამატებითი საფასური 5 თვის ვადით. ჩვენ მუდმივად დავაკვირდებით ბაზარზე არსებულ სიტუაციას და შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა პურზე ფასი იყოს შენარჩუნებული და შეუფერხებლად განხორციელდეს ახალი მოსავლის რეალიზაცია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მხარეები ადასტურებენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება შეჯერებული პოზიციაა და არსებულ ვითარებას ისე დაარეგულირებს, რომ პურის ფასი არ გაიზრდება. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას თქმით, ქვეყანაში იმპორტირებულ ფქვილზე დროებით საიმპორტო საფასურის დაწესება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რადგან ბაზარზე კონკურენციის პირობები თანაბრდება.
„ქვეყანაში იმპორტირებულ ფქვილზე დროებით საიმპორტო საფასურის დაწესება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, იქიდან გამომდინარე, რომ არის სამმხრივი ეფექტის მომტანი. პურის ფასთან მიმართებით კითხვის ნიშნები არ არსებობს. დღეს არის ის სიტუაცია, როდესაც წისქვილკომბინატებს აქვთ საშუალება, ამუშავების პირობებში პირველი ხარისხის ფქვილი ფიქსირებულ ფასად, დაახლოებით 52 ლარის ფარგლებში მიაწოდონ პურის ქარხნებს, რომლებიც სოციალურ პურს აცხობენ, რაც უზრუნველყოფს პურის ფასის შენარჩუნებას.
აგრეთვე, წისქვილკომბინატები ვალდებულებას იღებენ, წინა მოსავლის ადგილობრივი ხორბალი მიიღონ სულ მცირე თვითღირებულების ფასად, რომელიც ფერმერებისთვის იქნება ძალიან დიდი შვება. ერთი კილოგრამი დაახლოებით 70 თეთრის ფარგლებში იქნება და ეს მნიშვნელოვანია ახალი ხორბლის მოსავლის მიღებასთან დაკავშირებითაც. ამ გადაწყვეტილების ძირითადი აქცენტი ის არის, რომ ფაქტობრივად, კონკურენციის პირობები ბაზარზე თანაბრდება.
ჯერ კიდევ ორი წლის წინ, სამეზობლოში შემოღებულ იქნა ფქვილისა და ხორბლის იმპორტზე ასიმეტრიული გადასახადებ. სწორედ ამან გამოიწვია დისბალანსი და წისქვილების გაჩერება, ყველა პრობლემა, რომელიც შეიქმნა საქართველოს ბაზარზე. შესაბამისად, შემოღებული იქნება გადასახადი, ანუ საპიწრონედ ვთქვათ იმ გადასახადის, რომელიც იქნება საექსპორტო რუსეთიდან და აქედან გამომდინარე, გათანაბრებულ, კონკურენციის პირობებში უკვე წისქვილებს მიეცემათ საშუალება, იმუშაონ და კონკურენციაში შევიდნენ ფქვილის იმპორტთან“, – განაცხადა სილაგავამ.
პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, მალხაზ დოლიძეც ადსტურებს, რომ ამ ეტაპზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, სოციალურ პურზე ფასი არ გაიზრდება.
„ეს იდეა როცა გაჩნდა და მოთხოვნას აყენებდნენ კონკრეტული ასოციაციები, უნდა ითქვას, რომ სამთავრობო უწყებები ხაზგასმით იცავდნენ პოზიციას, რომ პური არ უნდა გაძვირებულიყო. ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ ერთი ტომარა ფქვილის ფასის ოპტიმალური ფასი 50 ლარი უნდა ყოფილიყო, მეხორბლეები 55 ლარს ასახელებდნენ. საბოლოოდ შეჯერება მოხდა 52 ლარზე. დროებითი გადასახადი წესდება 200 ლარის ფარგლებში 1 ტონაზე ფქვილზე.
მესმის, ადგილობრივი წარმოების განვითარება რომ აუცილებელია, თუმცა მე აქამდე მეტი მოგება მრჩებოდა ძალიან მოკლე დროის განმავლობაში და ჩნდებოდა შანსი, ისევ წარმოებაში ჩაგვებრუნებინა, განგვევითარებინა ქარხნები. მით უფრო, რომ სულ მალე ჩვენთან ჰასპის სტანდარტი უნდა დაინერგოს. თუმცა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო.
ჯერჯერობით ჩვენი ქვეყანა არ არის სრულად თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაზე გადასული, არადა ჯერ ამაზე უკეთესი არავის არაფერი მოუგონია. თავისუფალ პირობებში გაქვს როგორც ფასში, ასევე ხარისხში არჩევანის საშუალება“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში, სავარაუდოდ, 10 ივნისიდან შევა. მანამდე კი იაფი ფქვილი საქართველოში ისევ უპრობლემოდ შემოვა და სავარაუდოდ, გარკვეული მარაგიც შეიქმნება.