გამოიკვეთა, რომ ქვეყანაში კომუნალური ტარიფების შემცირების რესურსი უკვე ნამდვილად არსებობს. ამაზე აპელირებენ როგორც პოლიტიკოსები, ასე ენერგეტიკოსები და ამ მოცემულობის უარყოფა არ შეუძლია მარეგულირებელსაც. სემეკში ადასტურებენ, რომ კომპანიები ნორმირებულზე ბევრად მეტ მოგებას იღებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ლევან ხაბეიშვილის თქმით, იმის გამო, რომ ლარი გამყარდა, შესაძლებელი გახდა, რომ ფასმა ელექტროენერგიაზე 4 თეთრით, ხოლო ბუნებრივ აირზე 6-7 თეთრით დაიკლოს.
„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ მოვითხოვეთ დოლარის კურსის ცვლილების პარალელურად, შემცირებულიყო ტარიფები ელექტროენერგიაზე, გაზზე და წყალზე, რადგან როცა მოუმატეს მოსახლეობას ელექტროენერგიის და გაზის გადასახადი, მაშინ აუწყეს, რომ დოლარის კურსი ძალიან მაღალიაო და შესაბამისად, ამიტომ მოიმატა ტარიფმა. თუმცა, როგორც კი ლარმა გამყარება დაიწყო, ეს არ შეეტყო არავის. მოსახლეობას ჭირის დღესავით სძულს ქვითრის მოსვლა, იმიტომ, რომ ამ ქვითრის გადახდა მერე ძალიან უჭირს.
დავით ნარმანიამ, სემეკის თავმჯდომარემ, დაადასტურა, რომ ტარიფების შემცირება შესაძლებელია, მაგრამ არ ამცირებენ იმიტომ, რომ არ იციან, როგორ გაგრძელდება სიტუაცია ქვეყანაში და დოლარის კურსი რა მდგომარეობაში იქნება.
„დღესვე შესაძლებელია დოლარის კურსის შესაბამისად, მინიმუმ 4 თეთრით - ელექტროენერგიის და 6-7 თეთრით გაზის გაიაფება. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ სემეკისგან სასწრაფოდ სხდომის ჩატარებას და გუშინ რომ დაადასტურა დავით ნარმანიამ, რომ შესაძლებელია ფასის კლება, ოფიციალურად მოახდინონ ტარიფების კლება ჩვენი მოსახლეობისთვის“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
უნდა ითქვას, რომ სემეკში ნამდვილად აღიარებენ, რომ კომპანიები ზემოგებაზე მუშაობენ. 2020 წელს, როცა ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებისთვის ტარიფები განისაზღვრა, მაშინ კომისიამ იმაზე დაბალი ტარიფი დაადგინა, ვიდრე ამას კომპანიები ითხოვდნენ, მერე კი ვითარება კარდინალურად შეიცვალა.
„2020 წელს ელექტროენერგიის მიმწოდებელ კომპანიებს ტარიფების გაზრდის კიდევ უფრო მეტი მოლოდინი ჰქონდათ, თუმცა მათ პოზიციას კომისია არ დაეთანხმა. მოთხოვნა რომ გაგვეთვალისწინებინა, დაახლოებით კიდევ 2 თეთრით გაიზრდებოდა ელექტროენერგიის ტარიფი, თუმცა კომისიამ კარგად „გაწურა“ კომპანიების ხარჯები.
ამის შემდგომ ლარის კურსი კიდევ იზრდებოდა და დოლართან მიმართებით 3.40 ლარსაც გადასცდა, თუმცა შემდგომ დაღმასვლა დაიწყო. ახლა ნამდვილად არის გარკვეული „პლუსები“ დარჩენილი და მათ ეს ბანკის ანგარიშზე უდევთ, შესაბამისი სარგებელი ერიცხებათ და ეს სარგებელიც ტარიფისთვის შვებაა. მარეგულირებელმა კომისიამ ახლა ტარიფი რომ შეამციროს და კურსი გაუარესდეს, დეკემბრის ბოლოს ელექტროენერგიაზე ტარიფი ისევ გასაზრდელი გვექნება. აქედან გამომდინარე, კომისია ამ ნაბიჯის გადადგმას ერიდება.
ერთი მხრივ, სარგებელს, რომელიც მათ ერიცხებათ ბანკში, კარგად ვიყენებთ ტარიფის ტვირთის შესამსუბუქებლად და თუ ლარის კურსი კიდევ დაბლა წამოვა, ოდესღაც ამ ტარიფებს გადავხედავთ და ეს „ოდესღაც“ დიდი ხანი არ იქნება“, - განაცხადა „ბიზნეს მედიასთან“ ნარმანიამ.
ფაქტს, რომ კომპანიები ჭარბ მოგებაზე მუშაობენ, ენერგეტიკოსებიც ადასტურებენ და ხაზს უსვამენ, რომ ახლა ყველაზე ხელსაყრელი დროა ტარიფების შესამცირებლად. ენერგეტიკოს თემურ ჭიჭინაძეს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე გადასახადის გაიაფების ყველა წინაპირობაა, ამიტომ სემეკმა როგორმე უნდა დაიცვას მოსახლეობის ინტერესები.
„დენის ტარიფის გადახედვა როცა მოხდება, ყველა შესაძლებლობაა, შეამცირონ, ლარის სტაბილურობა ამის საშუალებას იძლევა, თუკი კურსის მიზეზით იზრდებოდა გადასახადი, კეთილი ინებონ და ამავე მიზეზით მოხდეს გაიაფებაც. თავის დროზე, როცა ტარიფი ძვირდებოდა, ერთადერთ არგუმენტად სახელდებოდა ლარის კურსი, რომელიც 3,30-მდე იყო გაუფასურებული. ამიტომ დათვლა 2,97-იან ნიშნულზე მოახდინეს, ჯერ დენი გაძვირდა, მოგვიანებით - გაზი.
ახლა კურსი 2.50-2,55-ის ფარგლებშია, ეროვნული ვალუტა საკმაოდ სტაბილურია და ნდობაც მაღალია, თუმცა მოსახლეობას მაინც მაღალი გადასახადის გადახდა უწევს“, - განაცხადა ჭიჭინაძემ და დასძინა, რომ ლარის გამყარების პროცესი დიდი ხანია გრძელდება, ამიტომ ტარიფების საკითხი ადრეც უნდა დაესვათ.