„უკრაინის ომის დამთავრებისა და მსოფლიოს ახალი გადანაწილების შემდეგ დავინახავთ, ვის ჯიბეში აღმოჩნდება ევროკავშირი“

„უკრაინის ომის დამთავრებისა და მსოფლიოს ახალი გადანაწილების შემდეგ დავინახავთ, ვის ჯიბეში აღმოჩნდება ევროკავშირი“

გიორგი ვაშაძის რიტორიკა, რომ სამაჩაბლოში სულ რაღაც სამი ტანკი დგას და რუსეთს ჩვენი თავი არ აქვს, პირდაპირი პროვოკაციაა, რომ ხელისუფლება წამოაგონ და ქვეყანა ჩამოშალონ. როგორ შეიძლება ასე ფიქრობდეს ადამიანი, როგორც ვაშაძე ფიქრობს, სულ რომ ინფორმაცია არ გააჩნდეს, როცა ხედავს, რა ხდება უკრაინაში, მთელი მსოფლიო ებრძვის რუსეთს და რუსეთი კიდევ წინ მიიწევს 40-მილიონიან უკრაინაში“,-აცხადებს for.ge-სთან საუბარში „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

„სულ სამი ტანკი დგას სამაჩაბლოში“, - ეს „უშიშარი“ გიორგი ვაშაძის სიტყვებია, რომელიც დარწმუნებულია, რომ რუსეთს ახლა არაფრის თავი არ აქვს, მისი თქმით, „ქართული ოცნება“ დაინტერესებულია რუსეთთან ომით, რათა ამით გაამართლოს საგარეო ვექტორის ცვლილება. როგორ ფიქრობთ, უკრაინაში ომის გამო რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ ძალა არ შერჩა და მართლაც ასე უმნიშვნელოა სამი ტანკის დგომა სამაჩაბლოში? ეს იმ ფონზე, როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს არ აქვს დაცვის გარანტია, არც ნატოს ქოლგა იცავს, არც ევროკავშირის ეკონომიკური ბერკეტები, რუსის ჯარი კი ჩვენს ტერიტორიაზეა.

- დღევანდელ ოპოზიციას არანაირი ხედვა არ გააჩნია, ისინი ხელისუფლებისგან განსხვავდებიან არა ხედვებით, არამედ ძალაუფლების მიღწევის სურვილით ნებისმიერი მეთოდით და არა არჩევნებით, ან კონსტიტუციით. ვინაიდან ძალაუფლების მიღწევა არჩევნებით გამოირიცხა და უკვე 9-10 არჩევნებია, ოპოზიციონრები დამაჯერებლად აგებენ, ისინი ცდილობენ, სხვა მეთოდით იმოქმედონ. მით უმეტეს, ეს ის ძალაა, რომელიც გადატრიალებით, კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვით მოვიდა ხელისუფლებაში 2003 წელს. მაშინაც იმიტომ მოვიდნენ ძალადობრივი გზით, რომ ზუსტად იცოდნენ, არჩევნებში ვერასოდეს გაიმარჯვებდნენ საქართველოში. ქართველი ხალხის ნდობა და მხარდაჭერა ამ ძალას არ აქვს თავისი მენტალობიდან, პიროვნული თვისებიდან და ქმედებიდან გამომდინარე. ისინი იმდენად მოწყვეტილნი არიან ქართულ რეალობას და ტრადიციებს, ყველაფერს, რასაც საქართველო ჰქვია, რომ ამ ქვეყანაში მხარდაჭერა არ აქვთ. ამდენად, ცდილობენ ძალაუფლების წართმევას. რაც შეეხება „სამი ტანკის“ რიტორიკას, რასაც ვაშაძე ლაპარაკობს, ესეც იმ კონტექსტში ზის, რომ მას არანაირად არ ენაღვლება, ენაღვლება კი არა, პირიქით, მიესალმება, თუკი საქართველოს ხელისუფლება გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებს, ჩაებმება ისეთ სიტუაციაში, რასაც მეორე ფრონტი ჰქვია, რაც ჩამოშლის, ჩამოანგრევს სახელმწიფოს. მაშინ იძულებული იქნება ეს ხელისუფლება, წავიდეს მმართველობიდან, ჩამოშლილ და დანგრეულ ქვეყანაში კი თევზის დაჭერას ელოდებიან ოპოზიციონრები, რადგან ვიმეორებ, სტაბილურ და განვითარებად ქვეყანაში მათ ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შანსი არ აქვთ. როგორ შეიძლება ასე ფიქრობდეს ადამიანი, როგორც გიორგი ვაშაძე ფიქრობს, სულ რომ ინფორმაცია არ გააჩნდეს და სრულ იზოლაციაში რომ იჯდეს, როცა ხედავს, რა ხდება უკრაინაში, მთელი მსოფლიო ებრძვის რუსეთს და რუსეთი კიდევ წინ მიიწევს, რუსეთს კიდევ აქვს გამარჯვების იმედი. ფაქტია, მთელმა მსოფლიომ ვერ დაამარცხა რუსეთი. როდესაც 40-მილიონიან უკრაინაში, ევროპის შუაგულში ასეთი რამ ხდება, როცა ხედავ, როგორი ინტერესი აქვს ევროპას, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და მაინც ვერაფერს შველიან, ფაქტობრივად, მტვრად ქცეულია ქვეყანა, ამ ფონზე რის იმედად უნდა იყოს საქართველო, რომელმაც 2008 წელს გამოსცადა რუსეთის ომი და გამოსცადა ისიც, რომ უკრაინიდან დაწყებული, ჩვენთვის არავის სოლიდარობაც კი არ გამოუცხადებია, არათუ სანქციები არ დაუწესებიათ რუსეთისთვის?!

მართალს ამბობს ჩვენი ხელისუფლება, რომ არანაირი ქოლგა არ გვიცავს, არც ნატოსი, არც ევროკავშირის, საერთოდ, არაფერი არ გვიცავს, ეს დაუცველობა ჩვენ უკვე გამოვცადეთ და დავინახეთ, რაზე გადიოდა ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა-შეშფოთებულ და აღშფოთებულ განცხადებებზე, რომელიც კლიმატს არ ქმნიდა არავისთვის, განსაკუთრებით, რუსეთისთვის. ამ ფონზე ასეთი მოწოდებები, სამი ცალი ტანკი დგას სამაჩაბლოშიო, ეს არის პირდაპირი პროვოკაცია, რომ ამაზე წამოაგონ ხელისუფლება, ან აიყოლიონ ხალხი და ქვეყანა ჩამოშალონ.

თუკი რუსეთი თავის კაცს დასვამს საქართველოში, როგორც წესი, რუსის მიერ ხელდასხმული ჩინოვნიკი არასდროს არ მიდის დაპყრობილი ქვეყნიდან, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ძნელია მისი მოშორება. ეს ხომ არ არის ოპოზიციის მცდელობა, მოიყვანონ ხელისუფლებაში რომელიმე პრორუსი იმ იარლიყით, თითქოს პროევროპელი მოიყვანეს, რადგან ზუსტად ასე მოხდა სააკაშვილის დროსაც?

- საქართველოს ხელისუფლებას ომში ჩართვა რომ უნდოდეს და არ უწევდეს სერიოზულ წინააღმდეგობას ომის მოსურნე ძალებს, აქამდე აქ მეორე ფრონტი იქნებოდა გახსნილი და დაქცეულიც იქნებოდა ქვეყანა. ხელისუფლებას ომი უნდაო, რომ ამბობს ვაშაძე, ეს იმ „სამ ტანკზე“ უარესი აბსურდია. თუ ომი უნდა ხელისუფლებას, რა უშლის ხელს და ვინ უშლის ხელს? პირიქით, ყველა მხრიდან მოწოდებებია საქართველოს მიმართ, მეორე ფრონტი გახსნას, გინდ უკრაინის ხელისუფლებისგან, გინდ დასავლეთის ზოგიერთი წარმომადგენლისგან, გამუდმებით გვესმის, აბა, შედით აფხაზეთში.

საქართველოს ხელისუფლება თავისი ძალაუფლების რისკის ხარჯზე ინარჩუნებს მშვიდობას ქვეყანაში. იმიტომ დგას ეს ქვეყანა ფეხზე, რომ როგორღაც სამშვიდობო პოლიტიკა გვაქვს და არ ვერევით არაფერში, რაც რუსეთის გაღიზიანებას და მეორე ფრონტის გამოწვევას განაპირობებდა. რაც შეეხება საგარეო ვექტორის ცვლილებას, არანაირი ვექტორის ცვლილება არ იგეგმება, ახლანდელი ხელისუფლება ორიენტირებულია ქართველი ხალხის და საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებზე და მასზე აქვს მორგებული პოლიტიკა. უმძიმესი პერიოდია, ბეწვის ხიდზე გადის დღეს მთელი ქვეყანა, ერთი ოდნავი შეცდომა და შეიძლება გამოუსწორებლად გადავიჩეხოთ.

მეუფე იაკობი ამბობს, რომ ევროპარლამენტმა მიგვაგდო რუსეთზე, როცა კანდიდატის სტატუსი არ მოგვცა, ამიტომ ჩვენი თავი რამით ხომ უნდა გადავირჩინოთ?! თუკი ასე დგას საკითხი, რომ არც ნატოს ვჭირდებით, ევროკავშირიც თავს იკავებს ჩვენს მიღებაზე, იქნებ მართლაც დაგვთმეს რუსეთთან? ევროკავშირისა და ნატოსგან განსხვავებით, რუსეთმა ნამდვილად იცის, რით დაგვაინტერესოს - აფხაზეთით და სამაჩაბლოთი. როდესაც გავრილოვი ჩაჯდა სავარძელში, მაშინაც შეიძლება გვეფიქრა, რომ გავრილოვის ჩასმა სავარძელში ხომ არ ნიშნავდა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების პერსპექტივას? იქნებ, მაშინაც იყო ტერიტორიების დაბრუნებაზე მინიშნება?

- რუსეთი ისევე, როგორც ყველა დანარჩენი სახელმწიფო, ამერიკა, თუ ევროპული სახელმწიფოები მოქმედებს საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არავინ არ მოქმედებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არც ის, ვინც გვეუბნება, თქვენი პარტნიორი ვარო და არც ოკუპანტი. რუსეთის ინტერესებში დღეს ცალსახად არის საქართველოსთან სიახლოვე ისევე, როგორც დასავლეთის ინტერესებშია, რომ მათთან ვიყოთ, რადგან ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა ამისკენ უბიძგებს დასავლეთს. რუსეთმა გააცნობიერა ომის შემდგომი პერიოდის საჭიროებები, სატრანზიტო გზები და ის გეოპოლიტიკური მდებარეობა, რომელიც საქართველოს გააჩნია. აქედან გამომდინარე, რუსეთმა აირჩია შერბილებული პოლიტიკა და დგამს ჩვენსკენ ნაბიჯებს - უვიზო რეჟიმი, პირდაპირი ფრენები, გახსნილი ბაზარი, ეკონომიკური კავშირები. ეს ყველაფერი რუსეთის ინტერესებითაა ნაკარნახევი, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებსაც ესადაგება. თუკი რუსეთს კიდევ უფრო მეტი დათბობა და სიტუაციის დალაგება დასჭირდება საქართველოსთან, არ გამოვრიცხავ, აფხაზეთისა და ცხინვალის თემა განიხილონ. პირველივე ავიაკომპანიამ, რომელიც ჩამოფრინდა საქართველოში, საკუთარი ჩამონათვალიდან ამოიღო დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის და ცხინვალის რესპუბლიკის დასახელება. როდესაც ბილეთებს იძენენ და რეკავენ, ვერ ვპოულობთ ე.წ. სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთსო, მათ ეუბნებიან, მიუთითეთ „გრუზია“, ანუ მიუთითეთ საქართველოო, ეს უკვე ძალიან სერიოზული სიგნალია რუსეთის მხრიდან, რადგან ვერც ერთი ავიაკომპანია ამას თავისი ინიციატივით ვერ გაბედავდა, რუსეთის დიქტატურის პირობებში, ეს რომ არ იყოს რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი. ყველაფერი ეს ერთობლიობაში იძლევა იმის იმედს, რომ მსოფლიოს ახალი გადანაწილების შემდგომ მართლაც შეიძლება ჩვენი ტერიტორიები დავიბრუნოთ.

თუმცა გამოცანად რჩება, ერთ დღეს შეიძლება დაგვიბრუნონ ტერიტორიები რუსებმა და მეორე დღეს წაგვართვან. რამდენად სანდოა მათი კეთილი ნება?

- ეს ჩვენს პოლიტიკაზეა დამოკიდებული, ჩვენ თუ დავაბალანსებთ რუსეთის და დასავლეთის ინტერესებს ჩვენივე ინტერესების გათვალისწინებით და გვეყოლება კარგი პოლიტიკოსები, რომლებიც ამას შეძლებენ, რატომ უნდა წაგვართვან რუსებმა ტერიტორიები, ასე მარტივი არ არის წართმევა. დღეს გაძლევს და ხვალ წაგართვას, ამას კიდევ ახალი ომი სჭირდება.

ნიშნავს ეს ევროკავშირისგან დისტანცირებას და გაწევრიანებაზე უარის თქმას?

- მოვლენებს ნუ გავუსწრებთ, უკრაინის ომის დამთავრებისა და მსოფლიოს ახალი გადანაწილების შემდეგ დავინახავთ, ვის ჯიბეში აღმოჩნდება ევროკავშირი. დღეს მათ მართავს ამერიკის ჰეგემონია. ახალი მსოფლიო გადანაწილების შემდეგ ვნახოთ, ვისი გავლენის ქვეშ აღმოჩნდება ევროპა და იმის მიხედვით შეიძლება გადაწყდეს ჩვენი მდგომარეობა. ჯერ უნდა დამთავრდეს უკრაინის ომი, გაირკვეს, ვინ რას ღებულობს ამ ომიდან, ვინ რა მოიგო, რა წააგო, ვინ რა ტერიტორიას ითვისებს, ვინ რას თმობს და ამის მერე აღმოჩნდება, ევროპა ვისი გავლენის ქვეშ იქნება.