ვინ „კრიშავს“ ქართულ ფეხბურთს?

ვინ „კრიშავს“ ქართულ ფეხბურთს?

რა გვაქვს სატრაბახო? რა ხდება ქართულ ფეხბურთში? ამაზე „ქრონიკა“ მთელი წლის მანძილზე წერდა. იმითაც დავინტერესდით, ვინ რამდენს დებს ფეხბურთში და ზოგადად, ვინ „კრიშავს“ სპორტის ამ ყველაზე პოპულარულ სახეობას ჩვენში?

მაგალითად, ბადრი პატარკაციშვილს „დინამოსთვის“ 11 მილიონი გამოუყვია. „სიონის“ საპატიო პრეზიდენტი დავით კირკიტაძეა და ერთი წლის მანძილზე ამ კლუბმა მილიონი ლარი დახარჯა.

„ზესტაფონს“ ილია კოკაია „კრიშავს“. გორის „დილაში“ სახსრების ჩადებას საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე აპირებდა, მაგრამ როგორც კი სოლიდური მსურველების შესახებ შეიტყო, ბატონმა ქარელმა „დილას“ უსაშველოდ მეწველი ძროხის ფასი დაადო და 300 ათასი დოლარი დააფასა.

ფოთის „კოლხეთისთვის“ მხოლოდ 200 ათასი ლარი ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი, როცა ფოთის პორტი და მისი მაშინდელი თავკაცი, ვალერი გეგიძე, მილიონ ლარსაც არ იშურებდა „კოლხეთისთვის.“

ქუთაისის „ტორპედოს“ გიორგი ხურციძე ხელმძღვანელობს. თბილისური „სპარტაკი“ - აკაკი ჩხაიძის ღვიძლი ძმის, როლანდის, გატაცება და შვილობილია.

მოგვიანებით, „ქრონიკამ“ ფოთის „კოლხეთის“ დაშლის ამბავიც შეგატყობინათ. ფეხბურთის ფედერაციაში განაცხადებისა და სამონაწილეო თანხის შეტანის ვადა (ადრე რომ 22 ათასი ლარი იყო და ახლა ორჯერ მეტი უნდა იყოს), 28 ივლისის 18 საათზე იწურებოდა და როგორც აღმოჩნდა, სწორედ ამ დროს დასრულდა საქართველოში უძველესი გუნდის არსებობაც. მოთამაშეებს განთავისუფლების ფურცლები დაუბრუნეს, ოთხი თვის დავალიანებაზე ხელი დააბანინეს და სხვადასხვა კლუბში გზა დაულოცეს. დაიწყო სტადიონის დაშლაც, როგორც „ქრონიკა“ წერდა, „ოპერატიულად“ მოიპარეს 35 ათას დოლარად ნაყიდი სტადიონის საათი.

იმ დროს, როცა ფოთში კოლხი ფეხბურთელების ცოდვით ზღვა იწვოდა, თბილისის ყურისძირში, შიდა ქართლში, სამაჩაბლოს ფეხბურთის ნამუსი და ფორპოსტი, საფეხბურთო კლუბი „ცხინვალი“ გაიმეტეს - გასულ სეზონზე თითქოსდა მხარის გუბერნატორ ქარელის მიერ ხელდასმული კლუბი ზუსტად ფოთელთა დღეში ჩავარდა და გადაუხდელი სამონაწილეო თანხის გამო, უმაღლესი ლიგის გათამაშებიდან მოიკვეთა.

ისე, ვისაც მახსოვრობა არ ღალატობს, დამეთანხმება, რომ „ცხინვალი“ და „სოხუმი“ პოლიტიკური მოსაზრებით გაამწესეს უმაღლეს ლიგაში, საყოველთაო მხარდაჭერასაც დაჰპირდნენ და სეზონის გახსნის პირველ მატჩშიც ერთმანეთს შეახვედრეს, ახლა კი...