„არასდროს თქვა არასოდეს“ - განაწყენებული ადვოკატი თუ პოლიტიკური ამბიციები?

„არასდროს თქვა არასოდეს“ - განაწყენებული ადვოკატი თუ პოლიტიკური ამბიციები?

„არასდროს თქვა არასოდეს“, - ასე ეხმაურება კითხვას პოლიტიკაში მოსვლის შესახებ ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი. ყიფიანის პოლიტიკაში შემოსვლაზე საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ბიძინა ივანიშვილისგან დისტანცირდა და ე.წ. რუსულ კანონთან დაკავშირებით „ოცნება“ გააკრიტიკა. რამდენიმე დღის წინ კი ყიფიანის და საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, კახა კუჭავას ფოტო გავრცელდა. ამის შემდეგ გაჩნდა ინტერესი და კითხვა, ყიფიანი ხომ არ აპირებს კუჭავასთან ერთად პოლიტიკურ აქტივობას?

„სელფი“ არაერთ პირთან გადამიღია და მიკვირს, რატომ მანამდე არ გაჩნდა ასეთი ეჭვი? არაერთი მათგანი გამორჩეული სახელმწიფო მოღვაწე იყო, მათ შორის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაშინ რატომ არ გაჩნდა ასეთი კითხვები?“ - ასე გამოეხმაურა „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი ამ თემაზე დასმულ კითხვას.

რაც შეეხება პოლიტიკაში უშუალოდ ყიფიანის შესაძლო მოსვლის გადაწყვეტილებას, მან განაცხადა: „არასდროს თქვა - არასოდეს“. ჩვენ ზომაზე მეტად ნუ დავწვრილმანდებით ჩვენს პასუხში და ჭარბ მოკრძალებასაც ნუ გამოვიჩენთ“.

მისი თქმით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ასეთი გადაწყვეტილების მიღება უნდა იყოს აღქმული როგორც ამ პირის სამოქალაქო გმირობა და გამბედაობა, საკუთარ მხრებზე აიღოს ძალიან კონკრეტული და ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა.

„საზოგადოებას აქვს მოთხოვნა ახალ მოთამაშეებზე, ახალ სახეებზე, თუმცა აქ ახალ მოთამაშეებზე, არა როგორც სუბიექტებზე, არამედ, როგორც ახალ ხელწერაზე, ახალ მიდგომაზე. ჩემი აზრით, საზოგადოება ძალიან გადაიღალა იმ ვითარებით, რომელსაც ის ხედავს და ამას, სხვათა შორის, ეს ყბადაღებული NDI – IRI-ის გამოკითხვები არ სჭირდება“, - ამბობს ყიფიანი.

გაჩნდა ეჭვები, რომ ვიქტორ ყიფიანი შესაძლოა კონკრეტული მიზნით იქნას შემოყვანილი პოლიტიკაში. მაგალითად ოპოზიციის წარმომადგენლები და ზოგიერთი ანალიტიკოსი არ გამორიცხავს იმასაც, რომ ყიფიანმა „ოცნების“ მოქმედი მთავრობა ჩაანაცვლოს. ან ის შეიქმნას, როგორც მესამე ძალა და „ოცნებას“ არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობაც კი შეუქმნას. ან სიტუაციის ცვლილების შესაბამისად, ქვეყნის შიგნით და მის გარეთ განვითარებული მოვლენების ფონზე, ის ახალ მოთამაშედ იქნას ხელისუფლებაში შემოყვანილი, თუნდაც პრემიერ-მინისტრად.

არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით პარტია უკვე დააფუძნა „ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა შოთა შალელაშვილმა. ის წინასწარ ამბობს, რომ თუ ეს მმართველ ძალას დასჭირდება, არჩევნების შემდეგ მზადაა, „ქართულ ოცნებას“ კოალიცია შეუქმნას. ვინ იქნება პარტიაში შალელაშვილის გვერდით და შესაძლოა თუ არა ყიფიანი სწორედ ამ გუნდის წევრად განიხილებოდეს, ჯერჯერობით უცნობია. მათ შორის მედიაში განიხილება „ოცნების“ ძველი სახეებიც.

რაც შეეხება ვიქტორ ყიფიანის ურთიერთობას ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მედიას „ოცნება“ არწმუნებს, რომ ვიქტორ ყიფიანთან საერთო არაფერი აქვთ. ადვოკატის კრიტიკის უშუალო ადრესატი მარტში, ირაკლი კობახიძე გახდა. მან სწორედ პარტიის თავმჯდომარე გააკრიტიკა ე.წ. რუსული კანონისა და ანტიუკრაინული განცხადებების გამო. ხოლო კობახიძემ მასზე განაცხადა, რომ ივანიშვილთან აღარანაირი კავშირი აღარ აქვს და ის სამსახურიდან გათავისუფლებულია.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ვიქტორ ყიფიანი, ადრე თუ გვიან, პოლიტიკაში შემოვა და ის ამისთვის ემზადება. ძაბირაძეს რჩება შთაბეჭდილება, რომ ყიფიანი ამისთვის გუნდსაც აგროვებს, ამიტომაც ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ის ქართულ პოლიტიკაში გამოჩნდება. თუმცა არის თუ არა ის დამოუკიდებელი მოთამაშე, ან რისთვის შეიძლება ემზადებოდეს, სხვადასხვა ვერსია შეიძლება არსებობდეს.

„ვიქტორ ყიფიანი ძალიან საინტერესო ფიგურაა. შეიძლება ითქვას, ქართული პოლიტიკისთვის სიახლე იქნება და ეს არის ადამიანი, რომელიც სრულიად სხვა კლასია თავისი განათლებით, აკადემიურობით, შეხედულებებით და ღირებულებებით. რა თქმა უნდა, ის ივანიშვილის და სააკაშვილის მსგავსი ფიგურა არ არის, მაგრამ ამომრჩეველი მასაც ეყოლება, თუკი კარგი პიარისტები დაუსხდებიან და მის ცვლილებას შეძლებენ. მას ქართველი ამომრჩევლისთვის განკუთვნილი ცოტა ქარიზმა ნამდვილად აკლია, მაგრამ ესეც გამოსწორებადია. არავინ იცის მას რა როლი ექნება დაკისრებული იქნება თუ არა დამოუკიდებელი მოთამაშე, თავად რა თამაშით შემოვა. ბევრი რამ არის განმსაზღვრელი. ჩვენს მოსახლეობას ცოტა რადიკალური პოლიტიკოსები უყვარს, მაგრამ ვნახეთ, რომ გამოკითხვების მიხედვით ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველის რიცხვი დიდია. ყიფიანი უფრო გათვლილი შეიძლება „ოცნების“ ყოფილი ამომრჩეველზეც იყოს, რომელიც პროდასავლურია. ასევე იმ ამომრჩეველზეც, რომელსაც „ნაციონალები“ არ უნდა და საერთოდ რაღაცა ახალს ეძებს“,-ამბობს ძაბირაძე.

რაც შეეხება მოსაზრებას, თითქოს ვიქტორ ყიფიანი ბიძინა ივანიშვილის კოზირია, რომელიც არსებული ხელისუფლების და მთავრობის ჩასანაცვლებლად სჭირდება, ძაბირაძე ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია. მისი აზრით, ივანიშვილი კარგი მოთამაშეა და ხშირად გათვლებს ოპოზიციაზე ადრე აკეთებს. ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ის მოვლენების განვითარებას დაელოდება და თუკი საჭირო გახდება, მთავრობას რიგგარეშე არჩევნებით სხვა გუნდით ჩაანაცვლებს. ეს ყველაფერი კი დამოკიდებულია, როგორც ქვეყნის შიგნით განვითარებულ მოვლენებზე, ასევე ქვეყნის გარეთ არსებულ სიტუაციაზე.

„ძალიან რთულია საუბარი იმაზე, არის თუ არა ვიქტორ ყოფინი ივანიშვილის მოთამაშე საჭადრაკო დაფაზე. თუმცა გამორიცხვით არაფერი უნდა გამოირიცხოს. ანალიზის დონეზე თუ გავყვებით, ყიფიანის ფიგურა თუკი საჭირო გახდება, ჩასანაცვლებლად საკმაოდ კარგია. აქ საუბარია იმაზე, თუკი ქვეყანაში მოვლენები დაიძაბება, ვგულისხმობ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ასევე შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებას, არ არის გამორიცხული რიგგარეშე არჩვენებიც დანიშნოს. ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ ყიფიანი შესაძლოა სწორედ პოლიტიკაში ღიად მაშინ გამოვიდეს. მისი საუბრიდან, გამოქვეყნებული წერილებიდან და იმ გუნდიდან, როემლთანაც ის ტრიალებს, ჩნდება ეჭვი, რომ რაღაცისთვის მზადება მიდის. ასევე ბევრი რამ უკრაინის ომზეც იქნება დამოკიდებული. ალბათ, თუ საჭირო გახდება, „ოცნების“ რიტორიკის შესაცვლელად თამაშში ყიფიანი შემოვა თავისი გუნდით. ხელისუფლებას სჭირდება ისეთი მესამე ძალა, რომელიც თუნდაც კოალიციას შეუქმნის. ესეც არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციურ ველზე სწორედ ყიფიანი გამოვიდეს, რომელიც „ოცნებისთვის“ უფრო სანდო დასაყრდენი იქნება. „ნაციონალები“ ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც გინდა გაიყონ, პარლამენტში მაინც შევლენ. ამიტომაც ჩნდება რისკი, რომ უმრავლესობის ვერაღების შემთხვევაში „ოცნებას“ მასთან კოალიციური მთავრობის შექმნა მოუწევს. ეს კი რასაც ნიშნავს ვიცით. ამიტომ ამისთვის მზადებაც შესაძლოა იყოს“, - ამბობს ძაბირაძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ „ოცნებას“ ამ ეტაპზე ე.წ. სამაშველო რგოლი არ სჭირდება და ხვალ რომ არჩევნები დაინიშნოს, ოპოზიცია იმდენად ცუდ მდგომარეობაში იმყოფება, რომ ისევ ხელისუფლებაში უმრავლესობით მოვა. საყვარელიძე for.ge-სთან ფიქრობს, რომ ვიქტორ ყიფიანი პოლიტიკაში შემოსვლას დამოუკიდებლად ფიქრობს. ხოლო ის ნამდვილად არის იმ ტიპის ფიგურა, რომელსაც ამომრჩევლის დაინტერესება შეუძლია.

„მართალია, ქართველებთან ასეთი აკადემიური სტილით საუბარი გაუჭირდება, მაგრამ მგონია იმდენად ჭკვიანი კაცია, სიტუაციაზე მორგებას შეძლებს. ჯერ, ალბათ, ასე სჭირდება. ნამდვილად საინტერესო ფიგურაა და მგონია ის დამოუკიდებელი მოთამაშეა, რომელიც ქართულ პოლიტიკაში, ადრე თუ გვიან, გამოჩნდება. მისი ამომრჩეველი, ალბათ, უფრო „ოცნების“ ყოფილი ამომრჩეველი იქნება. ყიფიანი წარსულში მაინც ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული და მისი ადვოკატი იყო, ამიტომ მის მიმართ ინტერესი ამ კატეგორიის ამომრჩეველს ექნება. მეორეც, მას არა აქვს პოლიტიკური წარსული, სადაც რაღაცა შავი ლაქების პოვნა შეგვიძლია.

თუ პოლიტიკაში შემოსვლას გადაწყვეტს, ის ამას სუფთა ფურცლიდან დაიწყებს. ალბათ, გვერდით ისეთ პოლიტიკოსებსაც და გუნდს დაიყენებს, რომელთა ბეგრაუნდიც პოლიტიკურად სუფთაა. ჩვენს ქვეყანას ახალი პოლიტიკური სახეები ნამდვილად სჭირდება და ამის მოთხოვნა არის. ამიტომ ყიფიანის პოლიტიკაში შემოსვლა საინტერესო იქნება. რაც შეეხება იმას არის თუ არა ის ივანიშვილის კოზირი, არ მგონია. ამის მიზეზი ისაა, რომ ხელისუფლება ამ ეტაპზე ფეხზე ძალაინ მყარად დგას, ხოლო მყარად მდგარს მაშველი რგოლის გადაგდება არაფერში სჭრიდება“, - ამბობს საყვარელიძე.