სასამართლო ხელისუფლების მისამართით ხშირად ისმის პრეტენზიები პოლიტიკოსებისა თუ უბრალო მოქალაქეების მხრიდან. რადგან საქართველოში არსებულ ვერც ერთ ინსტანციაში სამართალს ვერ პოულობენ, მის საძებნელად სტრასბურგის სასამართლოს აკითხავენ, რომელიც მათთვის უკანასკნელ იმედად რჩება. მაინც რატომ არის სტრასბურგის სასამართლო დაზარალებულთათვის საბოლოო ვერდიქტის გამომტანი და მიუკერძოებელია ის თუ არა, ამაში ადვოკატი ლია მუხაშავრია უკეთ გაგვარკვევს.
– ბოლო დროს საქართველოს მართლმსაჯულების სერიოზულმა დაკნინებამ გაახშირა სასამართლოს ზემდგომ ინსტანციებში საქმის გასაჩივრება. რადგან უზენაესი სასამართლოს მერე საქართველოს მოქალაქეს ამოწურული აქვს ყველა შესაძლებლობა, სამართლებრივი გზით იპოვოს სამართალი. ამიტომ, ყველა ადამიანი, ნებსით თუ უნებლიეთ, იმედიანად იყურება სტრასბურგის სასამართლოსკენ. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ბუნებრივია, სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო გახლავთ, ყველაფერი არ საჩივრდება. მხოლოდ ევროკონვენციით დაცული ფუნდამენტურ უფლებათა დარღვევა შეიძლება, გასაჩივრდეს. ყველაზე მაღალი ინსტანცია ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებისთვის გახლავთ ევროპული სასამართლო. ჩვენ შეგვიძლია, მივმართოთ მას იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული საქმე 1999 წლის 20 მაისის შემდგომაა მომხდარი. სწორედ ამ რიცხვიდან საქართველო გახდა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა.
საინტერესოა, სხვა რა შემთხვევაში არ საჩივრდება საქმე სტრასბურგის სასამართლოში?
– ყველაფერი ვერ გასაჩივრდება, რადგან საქმე უნდა ეხებოდეს ევროკონვენციის დარღვევას, როგორიცაა სიცოცხლის ხელყოფის, წამების, არაადამიანური მოპყრობის ფაქტები, უკანონო დაპატიმრება, აღმსარებლობის თავისუფლება ან მედიის თავისუფლების შეზღუდვა. საქმე იმგვარად უნდა გასაჩივრდეს, რომ ჩანდეს ევროკონვენციის დარღვევის ფაქტი.
სამართლიანი და მიუკერძოებელია სტრასბურგის სასამართლო?
– იმ სასამართლოშიც ადამიანები მუშაობენ და სამყაროში და ბუნებაში იდეალური არაფერია. თუმცა, ბრიტანელი, ფრანგი და მით უმეტეს ამერიკელი ამგვარად არ დასვამს კითხვას, რადგან მათ სწამთ, რომ მართლმსაჯულება არსებობს. ჩვენთან კი ადამიანები ფიქრობენ, რომ მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში შეიძლება სამართლიანი გადაწყვეტილების გამოტანა. ეს პრეზუმფცია, რომ ხანდახან მართლმსაჯულებას რაღაცეები ეშლება, რა თქმა უნდა ევროსასამართლოსაც მიესადაგება. პრაქტიკულ შემთხვევებში ძალიან მნიშვნელოვანია პრეცედენტული ხასიათის საქმეების განხილვა. მაგალითად, ჩვენ გავასაჩივრეთ ერთი საქმე 8 მარტს. ეს გახლავთ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გორელი, 50 წლის ქალბატონის გაუპატიურების ფაქტი, რომელიც მართლაც პრეცედენტული საქმე იქნება მრავალი გარემოების გამო. ერთი – ის, რომ 1990 წლის შემდგომ ჩვენ რამდენიმე შეიარაღებული კონფლიქტის თუ პირდაპირი ომის და აგრესიის მსხვერპლი ქვეყანა ვართ, ამის მიუხედავად, ამ კატეგორიის საქმე ევროპის სასამართლოში ჯერ არ გასაჩივრებულა.
ქალბატონო ლია, რით არის ეს საქმე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი?
– რადგან ომის პროცესში გაუპატიურება ითვლება უმძიმეს დანაშაულად, წამებად. მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა, მისი უსაფრთხოება და ქონებრივი უსაფრთხოების დაცვა არის კონფლიქტში მონაწილე ყველა სახელმწიფოს ვალდებულება, რაც გამომდინარეობს ჟენევის კონვენციიდან. ამ კატეგორიის ადამიანების მიმართ მოპყრობა უნდა იყოს განსაკუთრებული. მაგალითად, გამოძიების პროცესში გამომძიებელი და მოსამართლე ორივე უნდა იყოს ქალი, რადგან მამაკაცი მსგავსი კატეგორიის დაზარალებულისთვის ასოცირდება როგორც მოძალადე და კიდევ დამატებით პრობლემას ქმნის მისთვის. მოსამართლე უნდა ენდოს სამედიცინო დოკუმენტაციას და თუკი ის არსებობს, აღარ არის საჭირო მსხვერპლის ხელმეორედ დაკითხვა. გაუპატიურებულმა ქალბატონმა ზუსტად არ იცის დამნაშავის ეთნიკური წარმომავლობა. ეს გახლავთ პირველი საქმე, რომელიც გავაგზავნეთ სტრასბურგში ომის თემაზე. დანარჩენებს ამ დღეებში გავგზავნით, რადგან აქამდე ამოვწურეთ ქვეყნის შიგნით არსებული სამართლებრივი მექანიზმები. ამ საქმის გასაჩივრება იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აგვისტოს ომის დროს გაუპატიურების ათეულობით ფაქტი მოხდა, რომელიც დოკუმენტირებულია. ამის შესახებ იციან სარეაბილიტაციო ცენტრის ფსიქოლოგებმა და ექიმებმა, მაგრამ დაზარალებულებს არ გამოუთქვამთ სურვილი, ეს საკითხი გაესაჩივრებინათ. ერთი მხრივ დაზარალებულ ქალბატონებს არ უნდოდათ ამ საქმის გახმაურება და ასევე არ იყვნენ დარწმუნებულნი იმაში, რომ გამოძიება შედეგებს მოიტანდა და დამნაშავე დაისჯებოდა. აფხაზეთის ომის დროსაც გაუპატიურება ბევრი მსგავსი ფაქტი იყო, მაგრამ არც ერთი მათგანი მაშინ არ ყოფილა გასაჩივრებული და მით უფრო – გამოძიებული. ის, რომ ჩვენ ტრადიციულად მსგავს თემებზე არ ვსაუბრობთ, ძალიან დიდი დამაბრკოლებელი გარემოებაა. სხვა საკითხია იმ გაუპატიურებულ მსხვერპლთა საქმე, რომელთანაც, ზოგიერთი ქორწინებაში არ იმყოფება და ეს მათთვის ძალიან დამაბრკოლებელია – საზოგადოება როგორ გაიგებს ამას და მათი პირადი ცხოვრება როგორ წარიმართება შემდგომში. ამიტომ, ამ დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრება ორივე სახელმწიფოს – რუსეთსა და საქართველოს.
კონკრეტულად როგორ, რა სახით მოხდება დაზარალებულისთვის ზარალის ანაზღაურება სასამართლოს მოგების შემთხვევაში?
– უპირველესად, აუცილებელია, გამოძიების ჩატარება, რომ დამნაშავე ნამდვილად იქნეს დადგენილი და დაისაჯოს. ამ ქალბატონმა მიიღოს ზიანისთვის მატერიალური კომპენსაცია. მისი ოდენობა ამ ეტაპზე არ არის წარდგენილი. ამას მოგვიანებით გავაკეთებთ. კონკრეტული თანხა რუსეთსაც და საქართველოსაც ექნება გადასახდელი იმის მიხედვით, სტრასბურგის სასამართლო – ვის რამდენს დაუწესებს, რა მტკიცებულებები იქნება წარდგენილი. ხარჯებში იგულისხმება, მატერიალური ხარჯები – შემოსავლები, რომელიც ვერ მიიღო ადამიანმა; ქონება, რომელიც გაუნადგურდა და ზიანი მიადგა; მკურნალობის ხარჯები, რომელიც მან გასწია; ექსპერტიზის და სასამართლოს ხარჯები, რომელიც მან გაიღო. გარდა ამისა, შეიძლება, ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მსხვერპლს მიეცეს ანაზღაურება სამკურნალო ხარჯებისთვის, რომელიც მთელი სიცოცხლე შეიძლება დასჭირდეს და საკურორტო დასვენებისთვის, თუ ესეც აუცილებელი იქნება.
ქალბატონო ლია, თქვენ წარსულში მართლაც გქონდათ გახმაურებული საქმეები, რომლებიც სტრასბურგში მოიგეთ...
– თენგიზ ასანიძის საქმე იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მას უნივერსიტეტებში ევროპული სამართლის სახელმძღვანელოს მეშვეობით ასწავლიან. მაშინ დადგინდა, რომ ასანიძის მიმართ საქართველოს მთავრობამ დაარღვია ევროკონვენციის მუხლები. ის იყო უკანონო პატიმარი სამი წლის განმავლობაში და თითოეულ წელზე მას მიეცა 50 000 ევრო, ჯამში – 150 000 ევრო და პლუს 50 000 ევრო იურიდიული მომსახურების ხარჯების საკომპენსაციოდ. ამ თანხის მიღება იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ დავასაბუთეთ, რომ ის გახლდათ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე, ბათუმის მერი და ითვლებოდა მაღალი რანგის ჩინოვნიკად. შეგახსენებთ, რომ მას ბრალად დასდეს სახელმწიფო ქონების არამიზნობრივად გაფლანგვა. მას ასევე დააბრალეს აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის გოგიტიძის მკვლელობის ორგანიზება. გახმაურებულია კიდევ შამაევი და თორმეტი სხვა, რომელიც ჩეჩნების საქმით არის ცნობილი. ისიც მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლოში, რითაც დაზარალებულები გადავარჩინეთ რუსეთში ექსტრადიციას, თორემ გაუსწორდებოდნენ და ისე დახვრეტდნენ, არც კი დაფიქრდებოდნენ. საქართველოს მხარე ჩეჩნებს ედავებოდა საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, რუსეთის მხარე კი – ბანდიტობასა და შეიარაღებული ფორმირებების შექმნაში. რუსეთს დააკისრეს 2 000 ევრო, ეს თანხა მათ არ გადაუხდიათ. მნიშვნელოვანია ის, რომ რუსეთი ჩემი მოვალეა და მე ვიმედოვნებ, დროულად გადამიხდიან კუთვნილ თანხას.
ჩემი აზრით, ასევე არანაკლებ რეზონანსულია კოხრეიძისა და რამიშვილის საქმეც, სადაც თავისუფალ მედიაზეცაა საუბარი...
– რამიშვილი და კოხრეიძე ედავებიან საქართველოს ხელისუფლებას იმაში, რომ მათი პატიმრობა უკანონოდ მოხდა, როცა ისინი წინასწარი გამოძიების პროცესში დააკავეს. ასევე ის ფაქტიც გასათვალისწინებელია, რომ შალვა რამიშვილი ერთი თვე იყო მეხუთე იზოლატორის კარცერში. მე დარწმუნებული ვარ, მისი დანგრევა პირდაპირ კავშირშია ამ საქმის მოგებასთან ევროსასამართლოში. კოხრეიძისა და რამიშვლის საქმე კი მიმართული იყო იმისკენ, რომ სატელევიზიო ეთერიდან გამქრალიყო ტელეკომპანია „202.” ამ საქმის მოგებაში მე ეჭვიც არ მეპარება.
ქალბატონო ლია, ბოლო რამდენიმე წელია, სტრასბურგი ქართველებისთვის ერთობ პოპულარული ადგილი გახდა, სადაც სამართლის საძიებლად მიდიან. აქედან გამომდინარე, ცხადია მაინტერესებს, რამდენი საქმე აქვს წაგებული ან მოგებული საქართველოს?
- სტატისტიკის თვალსაზრისით, ყველაზე მეტი საჩივარი სტრასბურგში რუსეთიდან მიდის. საქარველოს მხარეს დაახლოებით 40 საქმე აქვს მოგებული, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა საქართველოს მთავრობას მოუგეს ისინი. წაგებული საქმეების რიცხვი კი გაცილებით მეტია, დაახლოებით, 8-9-ჯერ მეტი მოგებულ საქმეებზე. ეს იმიტომ მოხდა, რომ რაღაც ეტაპზე ვერ გაიარა სასამართლოს ფილტრი და კონკრეტული საქმე დაუშვებლად სცნეს, შეწყდა მისი განხილვა. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება 5-ჯერ მეტი საქმის გასაჩივრება და მოგება. ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ევროპის სასამართლო ამ მაჩვენებლით შეშფოთდებოდა. ამ პატარა ქვეყანაში, როცა ასეთი რაოდენობის საქმეები დასაბუთებულად საჩივრდება და იგებს მხარე, მაშინ უფრო დიდ ყურადღებას მოგვაქცევდნენ. მე ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია სწორედ იმითი მაღლდება, რომ კერძო პირი უგებს სახელმწიფოს. სწორედ იმიტომ უნდა არსებობდეს მართლმსაჯულება, რომ რიგითმა მოქალაქემ სახელმწიფოს ან ძალიან მაღალი თანამდებობის პირს მოუგოს, მაშინ არის ქვეყანაში დემოკრატია, კანონის უზენაესობა და მართლმსაჯულება და არა პირიქით. ევროპული სახელმწიფოების მოქალაქეებიც ასაჩივრებენ კონკრეტულ საქმეებს, რითაც მათ სახელწიფოს ჩრდილი არ ადგება. იმ ქვეყნებში, სადაც არ არის კანონის უზენაესობა და დემოკრატია, სწორედ სტრასბურგის მსგავსი სასამართლოა საჭირო, რომელიც აიძულებს ქვეყანას უკეთესი გახდეს. ჩვენი ქვეყნის ინტერესებს მაშინ დავიცავთ, თუ მოვიგებთ ომის საქმეებს, სწორედ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, რომ მან სხვა დროს ომი არ წამოიწყოს, ან არ ჩაებას ისეთ ომში, რომელიც დამარცხებისთვისაა განწირული, ამით კი დაიცვას თითოეული მისი მოქალაქის სიცოცხლე და თავისუფლება.