წელს ავტომობილებზე მოთხოვნა რეგიონსა და შუა აზიის ქვეყნებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც საქართველოს რეექსპორტის მკვეთრი ცვლილება გამოიწვია. თანაც აღსანიშნავია ისიც, რომ მეზობელ ქვეყნებში უკვე შედარებით ძვირადღირებული მანქანები გადის, რაც შემოსავლიანობას საგრძნობლად ზრდის.
კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის“ ხელმძღვანელი გიორგი სურგულაძე რეექსპორტის ზრდის მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ტრენდი საშუალო და გრძელვადიან პერიოდშიც შენარჩუნდება.
„ავტომობილებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ყაზახეთი, ყირგიზეთი და სხვა ქვეყნები, ძირითადად, შუა აზიის მიმართულება, მეორადი ავტომობილებით რუსეთიდან მარაგდებოდა. ახლა რუსეთს უკვე თვითონ აქვს დეფიციტი და ამ ქვეყნების ბაზრებზე ავტომობილებს ვეღარ გზავნის.
ჩამოთვლი ქვეყნებში მოთხოვნა გაიზარდა, რასაც საქართველოს ბაზრიდან იმპორტით იკმაყოფილებენ. ამიტომ მოსაზრება, რომ აზერბაიჯანის ბაზარზე მოთხოვნის ზრდა ევრო 5-თან დაკავშირებულ რეგულაციას უკავშირდება, მცდარია. აზერბაიჯანში, მანამდეც ძირითადად 2013 წლის შემდეგ გამოშვებული მანქანები იგზავნებოდა და ძველი ავტომობილების წილი ძალიან მცირე იყო, ამიტომ რეგულაცია ვერ იქონიებს გავლენას. რეექსპორტის დინამიკა დადებითია, რომელიც შენარჩუნდება და უფრო მზარდიც იქნება“, - განუცხადა „ბიზნეს-ინსაიდერ ჯორჯიას“ სურგულაძემ.
თუკი შარშან ცენტრალური აზიის ბაზარზე, საშუალოდ, 10 ათასი დოლარის ღირებულების ავტომობილები გადიოდა, წელს ეს ფასი 17 ათას დოლარამდეა გაზრდილი. საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელი ალექსი ნონიაძე ადასტურებს, რომ შუა აზიის ქვეყნები საქართველოდან მაღალბიუჯეტიანი ავტომობილების იმპორტს ახდენენ.
„შუა აზიის ქვეყნებში ყველაზე მოთხოვნადი ბიზნეს კლასის, ჰიბრიდული ავტომობილებია და სწორედ ამ ტიპის მანქანები გადის ექსპორტზე საქართველოდან. მაგალითად, სომხეთსა და აზერბაიჯანში, უფრო დაბალ საფასო სეგმენტში არსებულ ავტომობილებს ყიდულობენ, საშუალოდ, 12-13 ათასი დოლარის ღირებულების. თუმცა, ასე ვერ განვაზოგადებთ, ყველა ბაზარზე გადის როგორც ეკონომ, ისე ბიზნეს კლასის ავტომობილები“, - აღნიშნა ნონიაძემ.
საქართველოდან მანქანების ექსპორტი, ბოლო 1 წელში, განსაკუთრებით გააქტიურდა სომხეთში. ავტომობილების გაყიდვები განახლდა უკრაინაშიც. როგორც საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებელი ამბობს, საექსპორტო ქვეყნების სიაში ლიდერობენ - აზერბაიჯანი, ყირგიზეთი, ყაზახეთი და ტაჯიკეტიც.
2023 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის 595 მილიონი დოლარის ღირებულების 33 ათასი ავტომობილი გავიდა რეექსპორტზე. ეს მოცულობა წინა წელთან შედარებით 351%-ით მეტი იყო.
ავტოექსპორტის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება: აზერბაიჯანი - 150 მილიონი დოლარი - 11,663 ავტომობილი; ყაზახეთი - 136 მილიონი დოლარი - 7,719 ავტომობილი; ყირგიზეთი - 127 მილიონი დოლარი - 3,283 ავტომობილი; სომხეთი - 113 მილიონი დოლარი - 6,339 ავტომობილი; რუსეთი - 31 მილიონი დოლარი - 2,150 ავტომობილი.