რუსეთ-საქართველოს შორის პირველი პირდაპირი რეისი უკვე შესრულდა. მთავრობა და ტურიზმის სექტორი უკვე ანგარიშობენ თუ რა დამატებითი შემოსავალი შეიძლება გაჩნდეს „ჰაერიდან“. თუკი მათ ოპტიმისტური განწყობა აქვთ, ავიასექტორში პოზიტიურად სულაც არ აფასებენ აღნიშნულ მოვლენას.
რასაკვირველია, ზაფხულის სეზონზე ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ტურისტი შემოვა. არსებული მოვლენებისა და დატვირთვის გათვალისწინებით აქამდეც არსებობდა მოლოდინი, რომ 2023 წლის საკურორტო სეზონი კიდევ უფრო დატვირთული და ძვირი იქნებოდა, თუმცა ეჭვებს კიდევ უფრო ამყარებს ახალი გარემოებებიც. სეზონი როგორ ჩაივლის ამის თქმა ჯერ რთულია, თუმცა უკვე შეიძლება ითქვას, რომ დატვირთვა ბევრად მაღალი იქნება.
„სეზონზე ზღვისპირეთში ნაკადის გამო, ფასები ისედაც ყოველთვის მატულობს ხოლმე. დამსვენებლები სხვადასხვა ქვეყნებიდან მუდმივად შემოდიან, რაც თავისთავად მოქმედებს ტარიფზე. ახლა, მიჭირს იმაზე საუბარი, თუ რამდენად ძვირიანი სეზონი იქნება, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ მოთხოვნამ კიდევ მოიმატოს, მაგრამ ამ გადმოსახედიდან შემიძლია იმის თქმა, რომ ფასებში და შემოსავლებში განსხვავება შარშანდელთან შედარებით დიდი არ იქნება“ - განაცხადა ბათუმში მდებარე ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელმა მაია დავითაძემ.
რასაკვირველია რუსეთიდან პირდაპირი ფრენა ტურისტულ ნაკადს გაზრდის. სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში ეკონომიკის მინისტრს, როდესაც ივარაუდა, რომ ავიამიმოსვლის განახლებით ქვეყანა დამატებით 300-40 მლნ დოლარს მიიღებს. ლევან დავითაშვილის შეფასებით, ეს სწორედ ტურსიტული ინდუსტრიის ხარჯზე მოხდება, სადაც დატვირთვა გაიზრდება. ამ ყველაფრიდან გამომდინარე კი ქვეყნის ეკონომიკური სარგებელიც მოიმატებს, მთავრობაში ვარაუდობენ, რომ პარალელურად ეს გავლენას იქონიებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე და მოსახლეობის შემოსავლებზეც, რომელიც რამდენიმე თვეში ადვილად დათვლადი იქნება.
სპეციალისტები კი ასე სულაც არ ფიქრობენ. ავიაციის სფეროს ექსპერტმა იასე ზაუტაშვილმა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა შეაფასა. მისი აზრით, ფრენის აღდგენას საქართველოს ეკონომიკაზე ექნება ნული შედეგი და ქართული კომპანიები უფრო მეტ კრიზისში აღმოჩნდებიან და შესაძლოა, დაკარგონ ის ისტორიული ევროპული რეისებიც, რომლებიც დღეს გააჩნიათ.
„გამოვიდა ეკონომიკის მინისტრი და რაღაც 300-400 მილიონის შემოსავალზე ისაუბრა. სტატისტიკასაც რომ გადავხედოთ, ამ ტურისტებს ისედაც ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ საქართველოში შემოსულიყვნენ. რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების რაოდენობა საკმაოდ დიდია. მათ შეძლეს ის, რომ სერვისის და უძრავი ქონების ფასი ასწიეს.
თუ ეკონომიკის მინისტრი გულისხმობდა იმას, რომ ეს იქნებოდა დამატებით შემოსავალი ქართულ ავიაკომპანიისთვის, ამაშიც ვერ ვეთანხმები და ამის საფუძველს მაძლევს წინა პერიოდი, როდესაც 2014 წელს საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ რუსეთს ცალმხრივად გაუხსნა ცა და ყველა რუსული თვითმფრინავი შემოვიდა საქართველოში. დაგვიდგა ის დილემა, რომ შემდეგ მათ დემპინგურად დასწიეს ფასები და თუ ჩვენი ბილეთი ფასი იყო 160 დოლარი, მათ მომხმარებელს შესთავაზეს 60 დოლარად და შესაბამისად, მგზავრები გადავიდნენ მათთან და ჩვენ გამოვედით ბაზრიდან“, - აღნიშნა იასე ზაუტაშვილმა.
მისივე თქმით კომპანია „აზიმუტი“ არის პირველი სატყუარა, რომელიც რუსეთმა გამოუშვა და მას აუცილებლად მოჰყვება სხვა ავიაკომპანიებიც.
„არ გავა ერთი თვეც და „აზიმუტს“ მოჰყვება სხვა ავიაკომპანიებიც. ისინი შემოვლენ „ბოინგებით“ და კომფორტული ბორტებით და ამის შემდეგ მოახდენენ ბაზრის მონოპოლიზებას და თუ არ შედგა რამე კარტელური გარიგება ქართულ და რუსულ კომპანიებს შორის, ისინი ფასებს ისევ დასწევენ და მთლიანად ექსკლუზიურად გახდებიან ამ მიმართულების შემსრულებლები.
თვითმფრინავი არ არის მხოლოდ სამგზავრო დანიშნულების, მისი გამოყენება სატვირთო გადაზიდვებისთვისაც შეიძლება, როცა საუბარია დღეში 2 ან 3 რეისზე, თქვენ წარმოგიდგენიათ, რამდენი სახის ტვირთი შეიძლება იქნეს აქეთ-იქით გაგზავნილ-გამოგზავნილი და მათი ლეგალურობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მე ვფიქრობ, რუსებმა გაიხსნეს ის ფანჯარა, რომელიც ძალიან ბევრ ქვეყანაში დაკეტილი ჰქონდათ. მათ არ იციან, თუ რა იქნება ხვალ და ზეგ თურქეთთან, დუბაისთან და ისრაელთან მიმართებით და სამხრეთ კავკასიაში მათ ეს შესაძლებლობა აქვთ, ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე ეკონომიკური“, - აღნიშნა „კომერსატთან“ საუბრისას ზაუტაშვილმა.