პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისას დებატებში მონაწილეობის უფლებას უფრაქციო დეპუტატებსაც მისცემენ.
როგორც "რეზონანსს" უმრავლესობიდან განუცხადეს, ეს გადაწყვეტილება პარლამენტის ხელმძღვანელობას პრეზიდენტთან შეთანხმებით აქვს მიღებული. თუმცა, ჯერჯერობით გაურკვევლად რჩება ის საკითხი, ამ დებატებს თავად პრეზიდენტი დაესწრება თუ არა. საინტერესო კი ის არის, რომ ეს საკითხი თორთლაძეს და ლორთქიფანიძეს შორის მორიგი დაპირისპირების საფუძველი აღმოჩნდა.
საქმე იმაშია, რომ ლორთქიფანიძეს სააკაშვილის ანგარიშით წარდგომისას სიტყვით გამოსვლა სურს და სხდომათა დარბაზში მყოფი საკუთარი ფრაქციის თავმჯდომარისთვის უთხოვია, რომ 15-წუთიანი რეგლამენტიდან 5 წუთი მას დაუთმოს. მაგრამ, თორთლაძეს მისთვის კატეგორიული უარი უთქვამს, რაზეც დიმიტრი ლორთქიფანიძე გაბრაზებულა და რომ არა "ქრისტიან-დემოკრატები", შესაძლოა, მათ შორის დაპირისპირებას უფრო მწვავე ფორმები მიეღო.
ცხადია, თორთლაძის და ლორთქიფანიძის კამათი მიკროფონების გარეშე მიმდინარეობდა და მედიისთვის გაურკვეველი დარჩა, რა ჰქონდათ მათ გასაყოფი. მაგრამ, ისიც ცხადია, რომ სხდომათა დარბაზში საქმეების გარჩევა გაუხმაურებელი არ დარჩება და მათი დაპირისპირების მიზეზებზე ის დეპუტეტები საუბრობდნენ, რომლებიც ამ კამათის დროს მათ ახლოს იმყოფებოდნენ.
მათი თქმით, ლორთქიფანიძე თორთლაძეს სთხოვდა, რომ 5 წუთი მისთვის დაეთმო, მაგრამ თორთლაძეს "ქვა აუგდია", სიტყვა უკვე დაწერილი მაქვს და ვერ შევცვლიო.
ამის გამო კი ლორთქიფანიძე გაბრაზებულა, ეს ფრაქცია რას მიკეთებს და საერთოდ რას აკეთებს, სიტყვით გამოსვლის საშუალებას რომ არ მაძლევო.
მათი დაპირისპირება კი ხელჩართულ ჩხუბამდე იმის გამო არ მისულა, რომ "რეზონანსის" ინფორმაციით, რასაც "ქრისტიან-დემოკრატებიც" ადასტურებენ, გამოსვლის საშუალებას მას თორთლაძის ნაცვლად თარგამაძე მისცემს,
როგორც უმცირესობის ლიდერი. თარგამაძე 5 წუთს სწორედ უმცირესობის ლიდერისთვის გამოყოფილი 15 წუთიდან დაუთმობს.
ცხადია, მათი დაპირისპირება ასე მარტივად არ დასრულდება. მით უმეტეს, რომ ლორთქიფანიძე უკვე დიდი ხანია თორთლაძის მიმართ უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამს. სხვათა შორის, ჯერ კიდევ საშემოდგომო სესიაზე იყო იმაზე საუბარი, რომ იგი ფრაქციას დატოვებდა, თუმცა მან ეს გადაწყვეტილება რიგი მიზეზების გამო არ მიიღო. ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი ის ფაქტორი სახელდებოდა, რომ ფრაქციას რეგლამენტით გათვალისწინებული გარკვეული პრივილეგიები გააჩნია. მაგრამ, ფაქტია, რომ ამ პრივილეგიას ლორთქიფანიძე მაინც ვერ იყენებს, უფრო სწორედ, არ აყენებინებენ.
სხვათა შორის, გუშინ სესიაზე მან უკმაყოფილება იმის გამოც გამოთქვა, რომ საარჩევნოდ შექმნილ ინტერფრაქციულ ჯგუფში ვერ მოხვდა. თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარემ დელიკატურად მიუთითა, ჩვენი რა ბრალია, თქვენ თქვენი ფრაქციის მიერ არ იყავით დასახელებულიო.
სწორედ ამიტომ, მოულოდნელი არ იქნება, თუ იგი ფრაქციას დატოვებს. მით უმეტეს, რომ "რეზონანსის" ინფორმაციით, მას ალასანიას პარტიაში სურს გაწევრიანება და გამორიცხული არ არის, კონსულტაციები ამ მიმართულებითაც დაიწყოს.
რაც შეეხება თავად პრეზიდენტის გამოსვლას, ამ საკითხს კონსტიტუცია და რეგლამენტი ავალდებულებს. როგორც წესი, პრეზიდენტი პარლამენტს ანგარიშს საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე წარუდგენს. წელს კი პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე პარასკევის სესიაზე, 26 თებერვალს წარსდგება.
რეგლამენტით რეგულირდება ანგარიშის მოსმენის პროცედურაც. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ იმართება დებატები, მაგრამ პრეზიდენტი ამ დებატებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ეს ჯერჯერობით ცნობილი არ არის. სხვათა შორის, წინა გამოსვლისას, რომელიც ზაფხულში, დიდი აქციების შემდეგ გაიმართა, პრეზიდენტმა დებატებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. ამიტომ წელსაც არსებობს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი გამოსვლის შემდეგ სხდომათა დარბაზში დარჩება და დებატებს პირადად მოისმენს.
სწორედ ამიტომ პარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლებსაც დებატებში მონაწილეობის უფლება არ გააჩნიათ, ამ უფლების მიცემას ითხოვენ.
ეს საკითხი პირველმა გია ცაგარეიშვილმა დააყენა და პარლამენტის თავმჯდომარეს საგანგებო თხოვნითაც მიმართა, რომ 5-წუთიანი სიტყვით გამოსვლის საშუალება მისცეს.
აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით "ქრისტიან-დემოკრატ" ლევან ვეფხვაძეს საგანგებო საკანონმდებლო ინიციატივაც გააჩნია. მაგრამ, ვიდრე ეს კანონპროექტი განიხილება და ძალაში შევა, მანამდე პრეზიდენტის გამოსვლა გაიმართება.
სწორედ ამიტომ უფრაქციო დეპუტატები საკითხის პარლამენტის ხელმძღვანელობის დონეზე გადაწყვეტას ითხოვენ. ოფიციალური განმარტებით, ამ გადაწყვეტილებას პარლამენტი პარასკევის სესიაზე, პრეზიდენტის გამოსვლამდე მიიღებს. მაგრამ, როგორც "რეზონანსს" უმრავლესობაში უთხრეს, პარლამენტი უფრაქციო დეპუტატების ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებს და 5-5 წუთიანი სიტყვით გამოსვლის საშუალება ექნება ცაგარეიშვილს, კოპალიანს, ბაღათურიას, მამრაძეს - უმრავლესობის და ლორთქიფანიძეს - თარგამაძის წყალობით.