მოლდოვაში კომუნისტების სენსაციური გამარჯვებას (რის შედეგადაც ფარატინა ქაღალდად იქცა სტამბოლის შეთანხმება მოლდოვიდან რუსეთის ჯარის გაყვანის შესახებ) საქართველოში აზრთა ჩვეულებრივი გაცვლა-გამოცვლა არ მოჰყოლია მხოლოდ.
პრობლემის ანგაჟირებას ხელი შეუწყო იუსტიციის მინისტრის მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის შესაძლო აკრძალვის შესახებ. ფორმალურ მიზეზად იქცა პანტელეიმონ გიორგაძის დაქადნება „მუშურ-გლეხური“ რაზმების შექმნის შესახებ. პანტელეიმონმა ეს დუშეთის პლენუმზე დაიქადნა და გარკვეული დაინტერესების შემთხვევაში, მართლაც შესაძლებელია ამ მუქარის ინტერპრეტირება ცნობილი „მუხლის“ რაკურსში.
თუმცა, იუსტიციის მინისტრის პოლიტიკური „ანგაჟმენტი“ მაინც კიშინიოვში დატრიალებულ ამბებს დაუკავშირდა. სხვა საკითხია, რამდენად აქვს ყოველივე ამას საფუძველი და რამდენად შესაძლებელია პანტელეიმონ გიორგაძის კომპარტიამ არათუ „გადატრიალება“ მოაწყოს, არამედ მოლდოვური სცენარი გაიმეოროს.
კაცმა რომ თქვას, მეორე უფრო ნაკლებსავარაუდოც კია, ვიდრე პირველი, მაშინ, როდესაც პირველის ალბათობა, ალბათ ნულს უახლოვდება.
სწორედ ამიტომ, გიორგაძის „ინიციატივა“ მუშურ-გლეხური რაზმების შექმნის თაობაზე სერიოზულად არავინ აღიქვა. ასევე არასერიოზულია იმის პროგნოზირება, თითქოს საქართველოს ერთიანმა კომუნისტურმა პარტიამ, სუუამის (ყოფილი) წევრი მოლდოვის მსგავსად, საქართველოშიც შეიძლება მოაწყოს „საპარლამენტო გადატრიალება“: მოლდოვაში კომუნისტური პარტია არ იყო მარგინალური პოლიტიკური ძალა და არ შედგებოდა მარგინალებისგან - მასში გაერთიანდნენ ყოფილი მოლდოველი პარტნომენკლატურა და ინტელიგენციის ნაწილი, ანუ მოლდოვეთის კომპარტია მოლდოვური ელიტის მნიშვნელოვან სეგმეტს აერთიანებდა.
საქართველოში ასე არ არის. რატომ არ არის, სხვა საკითხია. ალბათ, უპირველესი მიზეზი აქ მენტალურ სხვაობაში უნდა ვეძებოთ. ოღონდ ეს არ ნიშნავს, თითქოს ქართულ ელიტაში არ არსებობს შესაბამისი „პრორუსული“ და „მემარცხენე“ სეგმენტი. არსებობს, როგორ არ არსებობს, მაგრამ ისე არ არის ინსტიტუირებული, როგორც მოლდოვაში. ეს სეგმენტი მომავალი არჩევნების მოახლოებასთან ერთად შეიძლება გაერთიანდეს, გაფორმდეს, მაგრამ მას არც პანტელეიმონის „ერთიან კომპარტიასთან“ ექნება რაიმე საერთო და არც „კომუნისტურს“ დაირქმევს - ისევ და ისევ მენტალურ სხვაობათა გათვალისწინებით, მას სხვა სახელი ერქმევა.
ამიტომ პანტელეიმონ გიორგაძის „კომპარტიის“ აკრძალვა არანაირ შედეგს არ გამოიღებს ამ თვალსაზრისით - ეს იქნება „ფუჭი“ გასროლა მაშინ, როდესაც „მოლდოვას სინდრომი“ საქართველოში სხვა ძალებში განეფინება (ჯერჯერობით, მხოლოდ პოტენციურად) და მის ინსტიტუციურობამდე დაახლოებით ერთი წელი დარჩა.
ფიგურანტებიც ცნობილია, მაგრამ ყველა მათგანი ოფიციალურად გაემიჯნება კომუნისტურ იდეოლოგიას. ამგვარად, „კომუნისტური რენესანსი“ საქართველოში გამორიცხულია, „პრორუსული“ და „კრემლისმიერი“ - შესაძლებელი. მაგრამ, არა წითელი დროშით და „ნათლია“ მარქსის სახელით.