გორბაჩოვის ტიპის პრობლემები

გორბაჩოვის ტიპის პრობლემები

ბოლო თვეების განმავლობაში, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ძლივს ახორციელებს საკუთარ საკანონმდებლო გეგმებს, მისმა პარტიამ კი წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობა დაკარგა, ექსპერტებმა ათასგვარ ისტორიულ ანალოგიებსა და მეტაფორებს მიმართეს. რა თქმა უნდა, ობამას შედარება ამერიკის ყოფილ პრეზიდენტებთან ტრუმენთან, კარტერთან, ჯონსონთან, რეიგანთან და კლინტონთან საინტერესოა; მაგრამ ერთი დამაინტრიგებელი პარალელი ყველას გამორჩა – ობამას შედარება მიხეილ გორბაჩოვთან. აქ კი საყურადღებოა ორი მსგავსება. პირველი, ობამას და გორბაჩოვის პოლიტიკურ ინსტიქტებს, ღირსებებს და მარცხს ეხება, მეორე კი ავღანეთის პრობლემას და ზოგადად საგარეო პოლიტიკას.

ობამა და გორბაჩოვი ხელისუფლებაში იმიტომ მოვიდნენ, რომ მათ ქვეყნებში საზოგადოებებს ცვლილებებისკენ ერთსულოვანი მისწრაფება გაუჩნდათ, მათი თავდაპირველი მიმზიდველობა კი ნაწილობრივ იმას ეფუძნებოდა, რომ ამ ადამიანებს მთელი პოლიტიკური სპექტრის მხარდაჭერის მოპოვების უნარი გააჩნდათ. რაც შეეხება გორბაჩოვს, მას მხარს უჭერდა ყველა – დაწყებული „კონსერვატიული“ რეფორმატორებით, რომლებიც შეზღუდულ ეკონომიკურ რეფორმებს ემხრობოდნენ, მაგრამ არა პოლიტიკურ ლიბერალიზაციას, დამთავრებული კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის და საბჭოთა მთავრობის ყველაზე ლიბერალი და დასავლეთზე ორიენტირებული წევრებით. ანალოგიურად, ობამამ შეძლო როგორც „დამოუკიდებელი“ ამომრჩევლების და განათლებული ადამიანების გულის მოგება, რომლებიც უმნიშვნელო ავტონომიურ რეფორმებს ემხრობოდნენ, ასევე პროგრესის აქტიური მხარდამჭერებისაც, რომლებსაც უფრო მასშტაბური გეგმები ჰქონდათ.

გორბაჩოვი, ისევე როგორც ობამა, ბუნებით მშვიდობისმყოფელია, და შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ოქროს შუალედს ეძებდა. ეკონომიკის, საგარეო პოლიტიკისა და პოლიტიკური ძალაუფლების პრობლემების გადაწყვეტისას, ის მაქსიმალურად ცდილობდა კონსენსუსის მიღწევას იმის ნაცვლად, რომ მისი ყველაზე ლიბერალი მხარდამჭერების იდეები წაეწია წინ. ობამას დამოკიდებულება ეკონომიკის სტიმულირებისა და ჯანდაცვის რეფორმის ზომების მიმართ, ძალიან გავს გორბაჩოვის მიდგომებს - იმის ნაცვლად, რომ ერთი პროგრამის დამტკიცებისთვის მიეღწია, ის ისეთ კომპრომისებს ეძებდა, რომლებიც რესპუბლიკური პარტიის ნაწილს მაინც მიიმხრობდა.

გარკვეული დროის განმავლობაში გორბაჩოვი ახერხებდა საკუთარ წრეში ძველი კომუნისტური გვარდიის ისეთი კონსერვატორი წევრების შენარჩუნებას, როგორებიც იყვნენ ეგორ ლიგაჩოვი და საბჭოთა უშიშროების („კაგებე“) ხელმძღვანელი ვლადიმერ კრიუჩკოვი. სანამ ამ ადამიანებს სჯეროდათ, რომ გორბაჩოვი მათ ძირითად მიზნებს დიდწილად იზიარებდა, საბჭოთა ხელმძღვანელი მათი უწყებებისა და პარტიის რიგითი წევრების მხარდაჭერით სარგებლობდა. მაგრამ გორბაჩოვის მისწრაფებამ ეპოვნა ოქროს შუალედი, საბოლოოდ მას უამრავი უასიამოვნება და გართულებები მოუტანა. მისი პოლიტიკა იყო არეული, ხშირად წინააღმდეგობრივი და მალე გორბაჩოვის მხარდამჭერებს მასზე იმედი გაუცრუვდათ. გორბაჩოვის ეპოქის შესანიშნავმა მცოდნემ, ისტორიკოსმა ვლადისლავ ზუბოკმა 2007 წელს წიგნი A Failed Empire („არშემდგარი იმპერია“) დაწერა, რომელშიც აღნიშნავს რომ რუსულ ზღაპრებში გზაჯვარედინთან მყოფი რაინდი იძულებულია სამიდან ერთი გზა აირჩიოს, გორბაჩოვი კი სამივე გზის გავლას ერთდროულად ცდილობდა.

ასეთი შეფასება ყველაზე მეტად შეეფერება გორბაჩოვის მმართველობის ბოლო სამ წელიწადს, როდესაც ქვეყნის მართვის სადავეები ხელიდან უსხლტებოდა, ეკონომიკური სიტუაცია კი უარესდებოდა. მან ვერ შეძლო ეკონომიკური რეფორმის რომელიმე ვარიანტის არჩევა, ასევე იმაზეც წუხდა თუ რამდენად რეალიზებადი იყო ისინი პოლიტიკური თვლასაზრისით, ამიტომ ხან ერთ წინადადებას უჭერდა მხარს, ხან მეორეს და არასდროს მისდევდა ერთიან პროგრამას.

1990 და 1991 წლებში გორბაჩოვმა „მარჯვნივ გადაუხვია“. ამ პერიოდში მან ლიტვაში დამოუკიდებლობისთვის დაწყებული მოძრაობის ჩახშობის ბრძანება გასცა, რის გამოც დაკარგა იმ ლიბერალების მხარდაჭერა, რომლებიც უკვე ავლენდნენ ეკონომიკური და სოციალური რეფორმების ნელი ტემპებით უკმაყოფილებას. შედეგად, საბჭოთა მემარცხენეები ბორის ელცინისკენ მიბრუნდნენ, რომელიც იმ დროს პოლიტიკის ამომავალი ვარსკვლავი გახლდათ.

ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ობამაც სამივე გზაზე ერთდროულად სიარულს ცდილობს. ეს ეხება ავღანეთს, ირანს, ჯანდაცვის რეფორმას, ეკონომიკურ სტიმულებს და საბანკო სექტორის რეფორმას. ობამას მოქმედება, ბევრ მის მხარდამჭერს ნახევარზომებს აგონებს. პროგრესული ადამიანები ამერიკაში გრძნობენ, რომ მათ ჯანდაცვის, პროფკავშირების უფლებების, ეკონომიკური სტუმლირებისა და ფინანსური სექტორის დარეგულირების საკითხებში უღალატეს. ხოლო კონსერვატორები ამავდროულად ობამას გონზე მოსვლის და მათი შეფასებით „სოციალისტურ“ პოლიტიკაზე უარის თქმისკენ მოუწოდებენ. ჯერ-ჯერობით მემარცხენეებს არ აქვთ ისეთი მასშტაბური ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი (საკუთარი ელცინი) ვის ირგვლივ დაჯგუფებასაც შეძლებდნენ.

ობამას და გორბაჩოვის პოლიტიკური ინსტიქტები განსაკუთრებით ჰგავს ერთმანეთს საგარეო პოლიტიკაში. ორივე ლიდერი ხელისუფლებაში იმ დროს მოვიდა, როდესაც მათი ქვეყნების პრესტიჟი და პოზიციები მსოფლიოში შესუსტებული იყო ამ სახელმწიფოთა პოლიტიკის გამო, რომელიც აღიქმებოდა, როგორც ქედმაღლური და მილიტარისტული. რაც შეეხება აშშ-ს, ერაყში და ავღანეთში შეჭრა, ასევე იმის საყოველთაო განცდა, რომ ვაშინგტონი საგარეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევად ზედმეტად იყო მზად სამხედრო რესურსის გამოსაყენებლად, ამერიკელ მოკავშირეებს აშფოთებდა, ამერიკის მტრებს კი - აგულიანებდა.

1970-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირმა უცხოეთში საკუთარი ძალები ზედმეტად დაძაბა. ამ პროცესის კულმინაცია ავღანეთში, თავისი შედეგებით კატასტროფული, ინტერვენცია იყო. 1985 წელს, როდესაც 73 წლის კონსტანტინე ჩერნენკო გარდაიცვალა და გენერალური მდივანი გორბაჩოვი გახდა, ავღანეთის კონფლიქტი ხუთი წლის დაწყებული იყო. საბჭოთა კავშირის ექსპანსიის გამო განვითარებად სამყაროში დასავლეთთან განმუხტვის პროცესს ზიანი მიადგა, ხოლო ავღანეთში შეჭრა ნამდვილ დიპლომატიურ კატასტროფად იქცა, რადგან ამან სსრკ–ს ყველაზე მტკიცე მოკავშირეებიც კი შოკში ჩააგდო.

გორბაჩოვს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში დაძაბულობის შემცირება, დასავლეთ ევროპასთან კავშირების გაუმჯობესება და განვითარებად სამყაროსთან თანამშრომლობა სურდა. ობამას მსგავსად ის ხელისუფლებაში იმის რწმენით მოვიდა, რომ მისი ქვეყნის გეოპოლიტიკურ მეტოქეებთან დიალოგის დაწყებით, ის საბჭოთა კავშირის საერთაშორისო ურთიერთობების ტრანსფორმაციას შეძლებდა. გორბაჩოვისთვის ეს ჩინეთთან და აშშ–სთან ურთიერთობების ნორმალიზაციას, ასევე „საერთოევროპული სახლის“ კონცეფციის წინ წაწევა ნიშნავდა, რომლის მიზანიც ცივი ომის მოძველებული წინააღმდეგობების აღმოფხვრა იყო.

თუმცა ბევრი თვალსაზრისით, გორბაჩოვი ძალიან ფრთხილად უდგებოდა საბჭოთა საგარეო პოლიტიკის გარდაქმნის მცდელობებს, ისევე როგორც საკუთარი ინიციტივების უმრავლესობას. ის აკრიტიკებდა სსრკ–ს ძველ პოლიტიკას განვითარებად ქვეყნებთან მიმართებაში, მაგრამ ისევე როგორც ადრე, სჯეროდა, რომ საბჭოთა კავშირს იქ წამყვანი როლი უნდა ეთამაშა. ამავდროულად, მას მიაჩნდა, რომ მოსკოვს ძალისხმევა იმ ქვეყნებისკენ უნდა მიემართა, რომლებსაც რეალური ღირებულება გააჩნდათ, და არ უნდა დაეხარჯა ფული არამიმზიდველ რეჟიმებზე, როგორებიც იყო ეთიოპია მენგისტუ ჰაილე მარიამის დროს. ის მიისწრაფვოდა მისი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებისკენ ისეთ სახელმწიფოებთან, როგორებიცაა ირანი და ინდოეთი, თუმცა განაგრძობდა მოსკოვის ძველი მოკავშირეების მხარდაჭერას განვითარებადი სამყაროდან. გორბაჩოვი აღიარებდა, რომ საბჭოთა კავშირის ლეგიტიმურობა და სტატუსი, ყოველ შემთხვევაში ნაწილობრივ მაინც, მსოფლიოს ყველაზე ღარიბი ქვეყნების მხარდაჭერას ეფუძნებოდა, იმ შემთხვევაშიც, თუკი ისინი სსრკ–სთვის სტრატეგიულად ღირებულ ქვეყნებს არ წარმოადგენდნენ.

თავის საგარეო პოლიტიკაში ობამაც იდეალიზმისა და პრაგმატიზმის ერთგვარი ნაზავის დემონსტრირებას ახდენს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს მან პირობა დადო, რომ ამერიკის მტრებთან საერთო ენას გამონახავდა; 2009 წლის ივნისში ობამა სიტყვით გამოვიდა ქაიროში; მან ხელი გაუწოდა ირანს და, რაღა თქმა უნდა, მთავარ ამოცანად ბირთვული იარაღის განადგურება გამოაცხადა, რისკენაც თავის დროზე გორბაჩოვიც მიისწრაფვოდა. თითქოს ყველაფერი საგარეო პოლიტიკის ჭეშმარიტ გარდაქმნას მოასწავებდა. მაგრამ მისი პრეზიდენტობიდან ორი წელი გავიდა, და ობამას ზოგიერთი ოპონენტი დღეს აცხადებს, რომ მისი პოლიტიკა – ახალ ბოთლებში ძველი ღვინის ჩამოსხმას ჰგავს. მაგალითად, იმის გამო, რომ ობამას ირანთან კონტაქტის დამყარების მცდელობა ჩაეშალა და ეს ინიციტივა მარცხით დასრულდა, დღეს ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს. მთელი რიგი ცხადი წარმატებების მიუხედავად (რუსეთთან „გადატვირთვა“ და START–ის ახალი ხელშეკრულება), მემარჯვენეები ობამას გულუბრყვილობაში სდებენ ბრალს, ხოლო ლიბერალურ ფრონტზე მისი იმედგაცრუებული მხარდამჭერების შეძახილები სულ უფრო ხმამაღლა ისმის.

ყველაზე კარგად გორბაჩოვის და ობამას მსგავსება ავღანეთის მაგალითზე ჩანს. გორბაჩოვი მისი წინამორბედების შეცდომებს აღიარებდა, მაგრამ ამავდროულად იმასაც აცნობიერებდა, რომ საბჭოთა მარცხის შედეგები უკიდურესად ნეგატიურად აისახებოდა როგორც ქვეყნის საერთაშორისო პოზიციაზე, ასევე ქვეყნის შიგნით მის მხარდაჭერაზეც. მან არ დაუთმო იმ ადამიანებს, რომლებიც ურჩევდნენ რაც შეიძლება სწრაფად დაეტოვებინა ავღანეთი. პოლიტბიუროს ერთ–ერთ მწვავე სხდომაზე მან განაცხადა: „ამბობენ, რომ თუკი ავღანეთში იმპერიალიზმი გაიმარჯვებს, შემდეგ ის შეტევაზე გადავა“. გორბაჩოვი რეფორმატორი იყო და არა რევოლუციონერი; ის არ აპირებდა საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკის საფუძვლიან შეცვლას. სამი წლის განმავლობაში ავღანეთიდან გამოსვლის გზებს ეძებდა ისე, რომ იქ გარანტირებულად შენარჩუნებულიყო და გადარჩენილიყო პროსაბჭოთა რეჟიმი. და მხოლოდ მას შემდეგ გამოიყვანა ჯარები ავღანეთიდან, როდესაც დარწმუნდა, რომ საბჭოთა ჯარების იქ ყოფნა უპერსპექტივო იყო.

ზოგადად, ობამაც ანალოგიურად ფიქრობს. როგორც ბობ ვუდვორდი წერს თავის წიგნში Obama’s Wars („ობამას ომები“), პრეზიდენტს არ სურს ავღანეთში მარცხის აღიარება და ამავდროულად ცდილობს არ აიღოს საკუთარ თავზე დროში შეუზღუდავი სამხედრო ვალდებულებები. ის უპასუხისმგებლო ადამიანებად მიიჩნევს მათ, ვინც მხარს უჭერს ავღანეთის სრულად დატოვებას და კონტიგენტის რადიკალურად შემცირებას, და აცხადებს, რომ ასეთი ქმედებები დარტყმას მიაყენებს არამხოლოდ პაკისტანს, არამედ აშშ–ს რეპუტაციას მსოფლიოში.

ავღანეთმა ობამას მხარდამჭერებში განხეთქილება შეიტანა, ისევე როგორც გორბაჩოვის მომხრეებში თავის დროზე. როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში ოქროს შუალედის ძიებას ურთიერთგაგების ნაცვლად, გაუცხოება მოჰყვა. იმან, რომ 1989 წელს ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის დროს, გორბაჩოვმა დამანგრეველი ძალის ტაქტიკა გამოიყენა, შოკში ჩააგდო ისეთი ადამიანები, როგორებიც იყვნენ საგარეო პოლიტიკის საკითხებში მისი მრჩეველი ანატოლი ჩერნიაევი და სხვა ლიბერალი მხარდამჭერები. მაგრამ უშიშროების კომიტეტი ხისტი სამხედრო ტაქტიკის გამოყენებას ემხრობოდა და გორბაჩოვი გრძნობდა, რომ ის ამას უნდა დათანხმებოდა იმისთვის, რომ ქაბულში პრომოსკოვური რეჟიმის გადარჩენის საკითხში ქედმაღალი და გულგრილი არ გამოჩენილიყო.

1987 წელს, ანუ გორბაჩოვის ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი წლის შემდეგ, მისი შიდა რეფორმები და მასშტაბური საგარეოპოლიტიკური ინიციატივები შეფერხდა. ამავე წლის ზაფხულში მან საკუთარ თანაშემწეებს განუცხადა, რომ რადიკალური ცვლილებების აუცილებლობა გააცნობიერა და მზადაა ამ მიმართულებით „ძალიან, ძალიან შორს წავიდეს“. ობამა დღეს ანალოგიურ გზაჯვარედინთან აღმოჩნდა. უმუშევრობის დონე ჯიუტად არ იკლებს, უთანასწორობა ძლიერდება, მისი საგარეოპოლიტიკური პროგრამის დიდი ნაწილი ჩიხში მოექცა. ობამა არჩევანის აუცილებლობის წინაშეა. დაუგდებს კი იგი ყურს თავის ლიბერალ მხარდამჭერებს, გამოიყვანს ჯარებს ავღანეთიდან, დაიწყებს პიდაპირი კონტაქტების დამყარებას ირანთან, დაიკავებს უფრო აქტიურ და მტკიცე პოზიციას ისრაელის დასახლებების საკითხში? თუ ძველებურად განაგრძობს შუაში სვლას?

ასეა თუ ისე, ეს შედარებები მხოლოდ დროებითია. ყველა პრობლემის მიუხედავად, დღევანდელი შეერთებული შტატები 1987 წლის საბჭოთა კავშირი არ არის. თუმცა ობამას და გორბაჩოვის შედარება იძლევა იმის ერთგვარ შესაძლებლობას, რომ დავინახოთ მათი მმართველობის სტილის ხარვეზები და უპირატესობები. იყო გამაერთიანებელი ფიგურა – ღირსეული მიზანია, მაგრამ ურთულეს პერიოდში ქვეყნის მართვას მხარდამჭერების გარეშე ცდილობდე – დროთა განმავლობაში მარტო დარჩენას ნიშნავს. ნაწილობრივ, გორბაჩოვის ტრაგედია იმაში მდგომარეობდა, რომ მან კოალიციების შექმნის შესაძლებლობა დაკარგა, მაშინ როდესაც სწორედ ეს ნიჭი დაეხმარა მას ხელისუფლებაში ყოფნის პირველ წლებში. დარჩა რა მხარდაჭერის საკუთარი ბაზის გარეშე, ის ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ჯგუფების და სხვადასხვა ინტერესის მქონე პოლიტიკოსთა მძევალი გახდა.

ობამას ჯერ კიდევ აქვს იმის შანსი, რომ ასეთ ხვედრს გადაურჩეს. თუკი გორბაჩოვის გამოცდილება მისთვის ორიენტირი გახდება, ობამა საკუთარ პროგრამასთან დაკავშირებით უნდა ჩამოყალიბდეს და ყველას აჩვენოს, რომ მან ეს გააკეთა. ობამას მხარდამჭერები შეერთებულ შტატებში მას ჯერ კიდევ ენთუზიაზმით, როგორც ლიდერს ისე აღიქვამენ. და მათ ურჩევნიათ მის გარშემო გაერთიანდნენ, ვიდრე გაიყონ და შემდეგ პატარ–პატარა გუნდებად დაჯგუფდნენ ნაკლებად ქარიზმატული ფიგურების ირგვლივ. 1990 წლისთვის გორბაჩოვი ფაქტობრივად აღარ განსაზღვრავდა საკუთარი ქვეყნის მიმართულებას. ობამას ეს ჯერ კიდევ შეუძლია.
[foreignpress.ge]