1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ჩვენს ქვეყანაში, მართალია, არჩევნები უფრო მეტჯერ ჩატარდა, თუმცა, ხელისუფლება მხოლოდ ოთხჯერ შეიცვალა: კომუნისტური პარტია ზვიად გამსახურდიას „მრგვალმა მაგიდამ“ ჩაანაცვლა, ისინი – ედუარდ შევარადნაძემ და „მოქკავშირმა“, ეს უკანასკნელები – მიხეილ სააკაშვილის „ნაცმოძრაობამ“, ზედაც, „ბურჯანაძე-დემოკრატებმა“, სულ ახლახან კი ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის „ოცნება“ მოვიდა. რაკი ოთხი ერთი არ არის, სავარაუდოა, რომ ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების ცვლაში ერთგვარი კანონზომიერებებიც გამოიკვეთა. რამაზ საყვარელიძესთან ერთად გადავავლებთ თვალს დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებათა ცვლის ისტორიას და თითოეული ძალის მმართველობის შეცვლის მიზეზების გარკვევასაც შევეცდებით.
ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურმა ძალამ დაამარცხა კომუნისტური პარტია. ეს უბრალოდ ხალხის არჩევანი იყო თუ, რადგან სისტემა ინგრეოდა, თავისთავად იგულისხმებოდა, რომ კომუნისტების საწინააღმდეგო არჩევანს გააკეთებდა ხალხი?
– უპრიანია საკითხის ასე დასმა, რადგან, რა თქმა უნდა, ბევრი რამაა ბუნდოვანი იმ არჩევნებში. მოგეხსენებათ, კომუნისტების რეაქცია: ტერმინი „გაყალბება“, ფაქტობრივად, მათ არც კი გახსენებიათ.
გაყალბება, როგორც ასეთი, ალბათ, არც არსებობდა საბჭოთა დროს, რადგან ერთი პარტიის გარდა, სხვა პარტია არ იყო. ანუ, არც სჭირდებოდათ გაყალბება?
– იყო ეს პარადოქსი საბჭოთა წყობაში: გაყალბების გარეშეც იღებდნენ ერთსახოვან შედეგს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ გაყალბება მხოლოდ ქაღალდით მანიპულაცია არ არის. თუ ტვინით მანიპულაციას მოახერხებ, ქაღალდით მანიპულაცია აღარ დაგჭირდება. კომუნისტებიც გაყალბების ამ გზას ადგნენ, ქაღალდით გაყალბების ელემენტი შემდეგ ავიდა სხვა სიმაღლეებზე. მაგრამ, იმ პირველ არჩევნებში კიდევ ბევრი რამ არის საკითხავი, რაზეც პასუხი ისტორიას ჯერ არ აქვს. საბჭოთა ხელისუფლებამ გამოაცხადა არჩევნები, როდესაც ცხადი იყო, რომ ის ძალები გაიმარჯვებდნენ, რომლებიც ებრძოდნენ საბჭოთა ხელისუფლებას. ამავე დროს, კომუნისტები საკმაოდ პასიურად ებრძოდნენ ეროვნულ მოძრაობას ყველა რესპუბლიკაში. ის პირველი არჩევნები ძალიან მშვიდობიანი იყო ხალხის სიხარულის ნიშნით.
დღეს უკვე ყოფილი მმართველი პარტია ამბობს, რომ მადლობა უნდა ვუთხრათ, რაკი მშვიდობიანად დათმეს პოზიციები. ამ ლოგიკით, პირველი სამადლობელი საქართველოს კომუნისტურ პარტიას ეკუთვნის – მან მშვიდობიანად დათმო ხელისუფლება.
– თუ ეს დემოკრატიის ნიშანია, გამოდის, რომ კომუნისტები დემოკრატები ყოფილან. ამას შემდეგ მოჰყვა ზვიად გამსახურდიას პუტჩის გზით გადმოგდება სიგუა-კიტოვანი-იოსელიანის სამეულის მიერ და ქვეყანაში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ხალხს ქუჩაში გამოსვლის ეშინოდა. ბუნებრივია, ამან ხალხში გააჩინა სასოწარკვეთა, როდესაც შევარდნაძის გამოჩენა ხსნად ჩანდა.
მე მახსოვს, უფროსი თაობის ადამიანები, შევარდნაძის მომლოდინეები, მაშინ საუბრობდნენ, გერმანიაში ჰუმანიტარული ტვირთი მზადაა, ელოდებიან, როდის ჩამოვა შევარდნაძე და წამოვა ზღვა დახმარებებიო. გულუბრყვილოდ სჯეროდათ ამის.
– აი, მაგ მხრივ ძალიან წავიწიეთ წინ – ისეთი გულუბრყვილო წარმოდგენები აღარ გვაქვს საერთაშორისო პოლიტიკის შესახებ. ასე რომ, შევარდნაძის პირველი არჩევნები ნამდვილად არ იყო გაყალბებული, თუმცა, იმ არჩევნებს უკვე ჰქონდა ისეთი შავი ლაქა, როგორიც იყო ზვიადის ჩამოგდება.
და ეს არჩევნები გაიმართა 1992 წელს, აფხაზეთის ომის მიმდინარეობისას, გაგრის დაკარგვის შემდეგ. მასში ბევრი პარტია იღებდა მონაწილეობას და თითქმის ყველა მოხვდა იმდროინდელ პარლამენტში. იმ არჩევნებში ომი იყო ფაქტორი?
– ფაქტორი იყო იმ მხრივ, რომ მაშინ შევარდნაძემ გამოაცხადა, კანონისმიერი სახელმწიფო უნდა გვქონდეს, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ არალოგიკურია ომის პირობებში არჩევნების ჩატარება, უნდა გადავდგა ეს ნაბიჯიო და ამას ყველა პოლიტიკური პარტია დასთანხმდა. 1995 წლის არჩევნებში შევარდნაძე უკვე თავისი „მოქალაქეთა კავშირით“ შევიდა. მას უკვე ჩამოესხა პარტიული ქსოვილი და ჟვანია დაინიშნა გენმდივნად. აი, იქიდან იწყება ახალი ეტაპი და არჩევნების გაყალბების მექანიზმის ჩამოყალიბება, არასამთავრობოების კონტროლის იდეა. ყველაფერ ამას „მოქალაქეთა კავშირმა“ დაუდო სათავე.
1995 წელს რაში სჭირდებოდა გაყალბება? „მოქკავშირზე“ უფრო ძლიერი პარტიები არსებობდა?
– არა, 1995 წლამდე გაყალბება იმდენად არ ყოფილა. გაყალბებები დაიწყო 1999 წელს და საკმაოდ მნიშვნელოვანიც. იმდენად, რომ, ჭორების მიხედვით, ჩხუბიც კი მოხდა შიგნით – საჯაია ამბობდა, გაყალბება არ იყო საჭირო და რატომ გააყალბეთო. ერთი მხრივ, გაყალბებაც იყო და, თან, საზოგადოებაში ლაპარაკი დაიწყო ამ გაყალბებაზე.
საინტერესო ფაქტია, რომ გაყალბების მექანიზმის შემოტანის შემდეგ პარლამენტში მოხვდნენ ასლან აბაშიძის, ანუ, „აღორძინების“ პოლიტიკური ბლოკი და შევარდნაძის „მოქკავშირი“.
– და დანარჩენმა პარტიებმა ადგილი დაიკავეს ქუჩაში.
შევარდნაძე 2000 წელს საპრეზიდენტო არჩევნებს გაყალბების გარეშე ვერ მოიგებდა?
– აი, ის შიდა ჩხუბი, რომელიც ვახსენე, სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების გამო მოხდა. მაშინ გაჩნდა პირველად ის აზრი, რომ არჩევნების გაყალბება მხოლოდ მოარული იდეა არ იყო. შემდეგ უკვე შევარდნაძეს გამოეყო რეფორმატორებად ცნობილი ჯგუფი. ისინი გადავიდნენ ოპოზიციაში და მონაწილეობა მიიღეს არჩევნებში 2003 წელს, როდესაც იმ პირობებში იდეალური კონფიგურაციის პარლამენტი მივიღეთ – თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი იყო წარმოდგენილი პარლამენტში.
„მოქკავშირს“, მგონი, არ ჰქონია ადგილების არათუ ნახევარზე მეტი, ნახევარიც კი.
– საკმაოდ სუსტი პოზიციები ჰქონდა როგორც მმართველ პარტიას 2003 წლის არჩევნებში. მაგრამ, რადგან გაყალბებაზე საუბარი 1999 წლიდან მიდიოდა, მოსახლეობამ ძალიან ადვილად დაიჯერა, რომ არჩევნები გაყალბდა და ამას მოჰყვა ვარდების რევოლუცია. შემდეგ იგივე მანქანა უცვლელი სახით გადავიდა „ნაცოინალებში“. მანქანა კი იმის მანქანაა, რომ მისთვის სულერთია, რა მიმართულებით მიდის, მთავარია, აწყობილ-გაპოხილი იყოს. არც 2004 წელს, სააკაშვილის საპრეზიდენტო არჩევნებზე გაყალბებულა ხმები, უბრალოდ, ცოტა ხალხი მივიდა არჩევნებზე. ასე რომ, სააკაშვილის შედეგი იმ პერიოდისთვის ისეთი შთამბეჭდავი არ იქნებოდა, თუ მისულების რაოდენობიდან კი არ დავითვლიდით ხმებს, არამედ, ამომრჩეველთა რაოდენობიდან. ერთი სიტყვით, თავისი საქმე იმ არჩევნებმა გააკეთა. ძალიან საინტერესო იყო 2008 წლის არჩევნები თავისი გადადგომა-გადმოდგომით. სააკაშვილი გადადგა იმიტომ, რომ „იმედი“ დაარბია, მაგრამ ხელახალი არჩევნებით აჩვენა, რომ, რეალურად, ხელისუფლებაში დარჩენა უნდოდა და ეს უცხოეთისთვის გადადგმული ნაბიჯი იყო – უცხოეთს დაანახვა, რომ მოსახლეობა უჭერდა მხარს.
მაგრამ, მოსახლეობამაც გამოხატა პროტესტი იმით, რომ ხმა მისცა ლევან გაჩეჩილაძეს, თორემ, გულზე ხელი რომ დავიდოთ, ლევან გაჩეჩილაძისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, რატომ უნდა მიგეცა ხმა?
– მოსახლეობის ამოცანა იყო, თავისი სიტყვა ეთქვა. რომ არ გაყალბებულიყო არჩევნები და მეორე ტური დანიშნულიყო, ლევანი მოიგებდა.
2008 წლის ომი რატომ არ იქნებოდა? რა შეუშლიდა ხელს რუსეთს, პროვოკაცია მოეწყო და შემდეგ ჩვენთვის დაებრალებინა?
– ლევან გაჩეჩილაძე ძნელი შესატყუებელი იქნებოდა იმ ომში, რადგან, მას არ ჰქონია ისეთი ინტიმური ურთიერთობა ამერიკასთან, როგორიც ჰქონდა სააკაშვილს და, ლევან გაჩეჩილაძეს არ ეტყოდა ბუში, შენ მიდი და ჩვენ შენ უკან ვიქნებითო. შემდეგ სააკაშვილის საყვედურებში დასავლეთის მიმართ გამოჩნდა, რომ სააკაშვილს მათი იმედი ჰქონდა. თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ, გაჩეჩილაძის გამარჯვების შემთხვევაში, გაძლიერებულიყო კრიმინალი, რადგან, როგორც წესი, ავტორიტარული რეჟიმი უკეთ იცავს წესრიგს, ვიდრე გამოუცდელი ხელისუფლება.
თუმცა, ყოველთვის ხდება ის, რაც იმდროინდელი კონტექსტითაა განპირობებული.
– ფაქტია, იმ წაგებასაც ეტყობოდა, რომ ღმერთმა გადაწყვიტა და ამ მოგებასაც ეტყობა, რომ ღმერთის ნება იყო. მას მერე, ყველა ამ ტიპის პროცედურაში, რასაც არჩევნები ჰქვია, უკვე იკითხებოდა ხელისუფლების ხელწერა და იქმნებოდა აზრი, რომ წარმოუდგენელი იყო ხელისუფლების არჩევნების გზით დამარცხება. შეიძლება ითქვას, ამ გზას შეეწირა ბურჯანაძე. ის იმის მტკიცებით იყო დაკავებული, რომ შეუძლებელია ხელისუფლების არჩევნებში დამარცხება. მაგრამ, ეს შეუძლებელი შეძლო ივანიშვილმა. ხალხის აქტივობის ხარისხმა გადაძლია და ამის ხარჯზე გადაწყდა ეს პრობლემა. დარწმუნებული ვარ და, მგონია, ბევრი დამეთანხმება, რომ „ნაციონალებისთვის“ 40 პროცენტიც ხელოვნურია, წესით, 20 პროცენტზე მაღლა ვერ უნდა ასულიყვნენ.
თითოეული არჩევნების წინ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამომრჩეველს მოუწოდებდნენ, მოდით არჩევნებზე, რადგან, მხოლოდ თქვენი აქტივობაა გაყალბების პრევენციაო. ამაში ლოგიკა არის, მაგრამ, ამომრჩეველი არ მიდიოდა. ის მხოლოდ პირველი ოქტომბრის არჩევნებზე გავიდა მასობრივად. რა მოხდა?
– დავუბრუნდეთ ზემოთ ნათქვამს: კარგი, გამოვალთ, მაგრამ, მერე ვინ გაიმარჯვებს?! ახლა კი, როგორც ჩანს, ამომრჩეველმა იფიქრა, რომ ამის გამარჯვება ღირდა. მაშინდელი ოპოზიცია არ აქცევდა ყურადღებას მნიშვნელოვან ფაქტორს: ისინი აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ მთავარია სააკაშვილის წასვლა და არა ვინმეს გამარჯვება, მაგრამ, როგორც ჩანს, ამომრჩეველი ამ ლოგიკით არ მოქმედებს.
კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: როდესაც „ნაციონალებმა“ შეცვალეს „მოქკავშირი“, მათ ცვლილება დაიწყეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან, ანუ, ქვემოდან ზემოთ მივიდნენ ხელისუფლებაში. „ოცნების“ შემთხვევაში პირიქითაა: ზემოდან დაიწყეს.
– ჟვანიას ჰქონდა ეს სტილი: ჯერ ქვედა სართულებში შეჰყავდა თავისი ხალხი და შემდეგ იწყებდა დახმარების მიღებას ქვემოდან თავის მიერ მიყვანილი ხალხით. სქემა ლოგიკურია და ამ სქემამ იმუშავა. ამ შემთხვევაში კი ქვედა სართულზე ხალხის შეყვანა არ იყო საჭირო, რადგან ხალხი ისედაც ადუღებული იყო და ცვლილებებს ელოდა. ამდენად, ფაქტობრივად, ეს ქვემოდან დაწყებული პროცესი იყო. თუმცა, ჟვანიას სქემით, მხოლოდ ქვემოთ არ შეჰყავდათ ხალხი, ზემოთაც შეჰყავდათ – მინისტრთა კაბინეტიც მათი იყო. ანუ, ეს იყო ტიპური გადატრიალების მექანიზმით გაკეთებული პროცესი. პირველი ოქტომბრის არჩევნები გადატრიალების მექანიზმი კი არ იყო, ეს იყო რევოლუცია საარჩევნო ყუთებთან.
ეს რაზე მიუთითებს: ჩამფიქრებელმა ივარგა თუ შემსრულებელმაც? ორი მოთამაშე იყო: ივანიშვილი და ამომრჩეველი?
– ოპოზიციის სხვა მოთამაშეები თავიანთი სტილით აღარ თამაშობდნენ. იმართებოდა სიტყვაძუნწი, მცირეხნიანი მიტინგები, სადაც პოლიტიკოსებს სიტყვა არ ეძლეოდათ, სადაც მხოლოდ გაკვრით წაარტყამდა ივანიშვილი ხელისუფლებას და შემდეგ სულ პოზიტივით მიდიოდა მსჯელობა. სტილი აშკარად იყო განსხვავებული იმისგან, რაც ოპოზიციას მთელი ამ ხნის განმავლობაში ახასიათებდა. ამდენად, ამ არჩევნებში ოპოზიციური ჯგუფები ძირითად ფაქტორად ვერ ჩაითვლება.
მაგრამ, მაჟორიტარები ძალიან ამუშავა.
– ყველა ამუშავა. გაკეთდა ის, რაც ყოველთვის აკლდა ქართულ პოლიტიკას. ანუ, ივანიშვილი მოქმედებდა არჩევნებისა და რევოლუციის მექანიზმით – რაც შეიძლება ფართო მასები მოვიმხროო, „ნაციონალური მოძრაობა“ კი 2003-ში მოქმედებდა გადატრიალების მექანიზმით.
რომელია უკეთესი და რას აჩვენებს ეს ჩვენს ევოლუციას?
– გააჩნია, ვის ვგულისხმობთ „ჩვენში“. რა თქმა უნდა, ივანიშვილმა უფრო ცივილიზებული მეთოდი შემოიტანა. მის პოლიტიკურ მანევრებში არ ყოფილა იმის ნიშანწყალიც, რომ ვადაზე ადრე უნდოდა ხელისუფლების ხელში ჩაგდება და, რაც მთავარია, ხალხმა ძალიან კარგად აუღო ალღო ამას. ის, რისიც სულ გვეშინოდა, რომ ქუჩაში გასული ხალხი სახლში აღარ წავაო, არ გამართლდა. ხალხი როგორც მოდიოდა, ისე მიდიოდა, თან, კარგ ხასიათზეც იყო. კულტურამ ერთბაშად აიწია როგორც პოლიტიკურ ოპოზიციაში, ისე მოსახლეობაში და, ფაქტობრივად, ამან გამოიღო შედეგი.
ისე მოხდა, რომ ყოველი მომდევნო ხელისუფლება, რომელიც წინას აგდებდა თუ ცვლიდა, წინა ხელისუფლების წიაღში იყო შობილი: სიგუა-კიტოვანი გამსახურდიას გუნდის წევრები იყვნენ, ჟვანია და სააკაშვილი – შევარდნაძის. შეიძლება, ითქვას, რომ „ოცნება“, რომელიც სააკაშვილს დაუპირისპირდა, შინაური ძალა იყო „ნაცმოძრაობისთვის“?
– გარკვეული თვალსაზრისით, შეიძლება, იყო, რადგან, ერთ დროს „რესპუბლიკელებიც“ სააკაშვილის გვერდით იდგნენ, ალასანიაც და ივანიშვილიც მას ეხმარებოდა. მაგრამ, წინა შემთხვევებისგან მაინც განსხვავებულია ეს მდგომარეობა იმით, რომ ზვიად გამსახურდიამ შეიყვანა პოლიტიკაში ის პირები, რომლებიც მას შემდეგ დაუპირისპირდნენ. ზვიადის გარეშე ის ადამიანები საზოგადოებისთვის არ იარსებებდნენ. ანალოგიურად, შევარდნაძემ შეიყვანა პოლიტიკაში შემდეგ „რეფორმატორებად“ წოდებული გუნდი და „მოქალაქეთა კავშირი“ სწორედ მათ საფუძველზე ჩამოყალიბდა, სააკაშვილს „მომავალ პრეზიდენტს“ უწოდებდა, ივანიშვილს კი თავისი წონა სააკაშვილის გარეშეც ჰქონდა; ამდენად, ამ შემთხვევაში, მგონია, რომ ანალოგია ძალიან ზედაპირული იქნება და ქართული ისტორიისთვის ამ მხრივაცაა უნიკალური ეს შემთხვევა: მუხა, ანუ ხელისუფლება, პირველად მოჭრა ისეთმა ნაჯახმა, რომლის ტარი იმ მუხისგან არ იყო გაკეთებული.