3 წლის შემდეგ რუსეთმა საქართველოსთან ავიაემბარგო გააუქმა და ფრენა აღადგინა. მოსკოვის გადაწყვეტილებით უქმდება სავიზო რეჟიმიც, რომელიც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ დაწესდა. შესაბამის ბრძანებას რუსეთის პრეზიდენტმა ხელი გუშინ მოაწერა. საქართველოს მოქალაქეები 15 მაისიდან რუსეთში შესვლასა და გასვლას ვიზების აღების გარეშე შეძლებენ.
ვიზები იმ მოქალაქეებისთვის მოიხსნება, რომლებიც რუსეთის ფედერაციაში ვიზიტს 90 დღის პერიოდით გეგმავენ. იმ შემთხვევაში, თუ ვიზიტი სამუშაო მიზნებით ან 90 დღეზე მეტ ხანს გაგრძელდება, მაშინ საქართველოს მოქალაქეებს ვიზების აღება მოუწევთ.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, რუსული ავიახაზები უკვე ემზადებიან საქართველოს მიმართულებით ფრენების აღსადგენად. კომპანია „რედ ვინგსმა“ საქართველოსთან ფრენის დაწყება ავიამიმოსვლის აღდგენისთანავე დააანონსა. კომპანიაში აცხადებენ, რომ „საქართველოში ფრენის განხორციელება ავიაკომპანიის ძირითადი საოპერაციო ბაზებიდან იგეგმება“. ისინი საქართველოში რეისებს პერსპექტიულად მიიჩნევს არა მხოლოდ ტურისტული, არამედ საქმიანი ურთიერთობებისა და გასტრონომიული ტურიზმის თვალსაზრისითაც.
ჯერჯერობით რუსულ ავიაკომპანიებს ფრენის დაწყებაზე საქართველოსთვის არ მოუმართავთ, თუმცა კომპანიები, რომლებიც სანქციების მიღმა არიან, ამის უფლება ექნებათ.
„საქართველოში ვერ იფრენს ვერც ერთი ავიაკომპანია და ხომალდი, რომელიც სანქცირებული იქნება. რაც შეეხება არასანქცირებულ ავიაკომპანიებს, მათ შესაძლებლობა ექნებათ პირდაპირი რეისები შეასრულონ. ამ ეტაპზე, საქართველოს მხრიდან არავითარი ნებართვა გაცემული არ არის, რადგან რუსულ ავიაკომპანიებს ჩვენთვის არ მოუმართავთ. მომართვის შემთხვევაში ყველა კომპანია, რომელიც სანქცირებული არ იქნება, პირდაპირი რეისების შესრულებას შეძლებენ, ისევე როგორც ისინი ოპერირებენ ისრაელში, აზერბაიჯანსა და გაერთიანებულ საემიროებში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა და დასძინა, რომ გადაწყვეტილება რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოსთან კავშირს წაადგება.
„2010 წლიდან რუსეთის ფედერაციასთან უვიზო რეჟიმი ცალმხრივად გვაქვს ამოქმედებული. აქვე უნდა განვმარტოთ, რომ 2019 წელს რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოსთან ავიამიმოსვლა შეზღუდა. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთის ფედერაციამ ასევე ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება და გააუქმა შეზღუდვა პირდაპირ მიმოსვლაზე და მოხსნა სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ჩენი ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს მოსახლეობა და მათი კეთილდღეობა და ყველაფერი ის, რაც ემსახურება მათ ეკონომიკურ გაძლიერებას. აქვე მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ ჩვენი ქვეყნის მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში და ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს მათ მოგზაურობას საქართველოში და კავშირს სამშობლოსთან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ექსპერტთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენის განახლება რთული იქნება. როგორც საავიაციო საკონსულტაციო ჯგუფის მმართველი პარტნიორი გიორგი მოლოდინაშვილი აცხადებს, რუსეთის მიერ ავიამიმოსვლის აღდგენა არ ნიშნავს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენა განახლდება.
„რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამ შეზღუდვის მოხსნა არ ნიშნავს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები განახლდება, რამეთუ ჩვენ ახალ რეალობაში ვცხოვრობთ. განახლების შემთხვევაში, რაშიც ეჭვი მეპარება, ძალიან ბევრი პრობლემები ექნებათ ქართულ ავიაკომპანიებს, რადგან ის საერთაშორისო დაზღვევები, რომლებიც მათ აქვთ, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ მოქმედებს.
ასევე ძალიან რთული მდგომარეობა იქნება ტექნიკური მომსახურების გაწევის კუთხით, რაც კონკრეტულ ქვეყანაში ავიამიმოსვლისთვის არის საჭირო; მესამე და ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, არის ის, რომ ყველა ქართული ავიაკომპანია ექსპლუატაციას უწევს დასავლური კომპანიების ბორტებს. როგორიც არის „ეარბას“, „ბოინგი“, რომელთა ექსპლუატაცია, რუსეთის ფედერაციაში სანქციების ქვეშაა. შესაბამისად, რუსეთის მიმართულებით ფრენების შესრულებაზე არც ერთი სალიზინგო კომპანია არ იქნება თანახმა. აქ პრობლემები იქმნება თვითმფრინავების მწარმოებელთან, რადგან მას შემდეგ, რაც რუსეთმა თვითმფრინავების ნაციონალიზაცია მოახდინა, ამაზე მწარმოებლებმა კონკრეტული სანქციები შემოიღეს.
წმინდა საავიაციო კუთხით შემიძლია გითხრათ, რომ სხვა ავიაკომპანიები რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირ რეისებს ვერ შეასრულებენ, რადგან იგივენაირი პრობლემები დაუდგებათ, რაც ქართულ კომპანიებს“, - განაცხადა გიორგი მოლოდინაშვილმა „ბიზნეს მედიასთან“.
საქართველოში სამოქალაქო ავიამიმოსვლის შესრულებაზე პასუხისმგებელი უწყება სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ჯერჯერობით კომენტს არ აკეთებს. ავიაციის ექსპერტი ირაკლი ნასიძე კი ამბობს, რომ მთავრობამ პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მისცემს თუ არა საშუალებას რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში იფრინონ.
„რუსულ ავიაკომპანიებს სავარაუდოდ, იმ პროცედურების გავლა მოუწევთ, რაც სხვა ავიაკომპანიებს უწევთ ხოლმე. საუბარია ფრენის დაწყებისა და სიხშირეები განაცხადზე და სხვა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, სადაც ამ დოკუმენტებს წარადგენენ, არ არის პოლიტიკური ორგანო, რომელიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს. თუ დოკუმენტები წესრიგში იქნება მათ ფრენების ნებართვას მისცემენ. ვფიქრობ, გარკვეული პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული, რასაც სხვადასხვა სახელმწიფო ორგანო მაგალითად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და აეროპორტები შეასრულებენ.
რუსული ავიაკომპანიები ბევრ ქვეყანაში სწორედ პოლიტიკური მიზეზებით ვერ დაფრინავენ და სანქცირებულები არიან. თუ „მოპარული თვითმფრინავები“ ჩამოვლენ ისინი აუცილებლად უნდა იქნან „დაპატიმრებული“ და გადაცემული საერთაშორისო ორგანიზაციებს. ვიმეორებ, თუ მთავრობა გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რუსული ავიაკომპანიები შეიტანენ ფრენებზე განაცხადს და დაიწყებენ ფრენას“, - თქვა ნასიძემ.
რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს მთავრობის მხრიდან, პრაქტიკულად, არ გაკეთებულა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი თითქოს რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ ვიზიტორების მომატებული რაოდენობა შემოვა, გაუგებარია.
„დღეს ქვეყანა ღიაა და რუსეთთან საავტომობილო მიმოსვლა არსებობს. ზედმეტი აჟიოტაჟი, რომ პირდაპირი ავიამიმოსვლით ვიზიტორების მომატებული რაოდენობა შემოვა საქართველოში, სრულიად გაუგებარია. ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც სურვილი აქვთ იმოგზაურონ თავის ახლობლებთან რუსეთის ფედერაციაში ისარგებლებენ უვიზო რეჟიმით“, - განაცხადა მან.
ქვეყნის პირველმა დიპლომატმა სანქციების შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა და ხაზი გაუსვა, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების ერთგული რჩება.
„საქართველო ერთგული რჩება იმ პოლიტიკის, რომელიც ეხება საერთაშორისო სანქციებს და საერთაშორისო თანამეგობრობის მიდგომებს. საქართველო ღიად ახორციელებს ყველა სავაჭრო ოპერაციას და ჩვენს პარტნიორებს აქვთ ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით.
ჩვენი დამოკიდებულება სანქცირებულ ტვირთებთან დაკავშირებით ყოველთვის ცალსახა იყო და ჩვენ ამას ხშირად ვამბობთ, რომ საქართველო მჭიდრო თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან რომ არ მოხდეს სანქციების გვერდის ავლა და ამ კონტექსტში საქართველო მჭიდრო კოორდინაციაში იქნება საერთაშორისო პარტნიორებთან“, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
ავიაკომპანიები ყოველ კვირას მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით 7 პირდაპირ რეისს შეასრულებენ. კონკრეტულად თარიღი დადგენილი ჯერ არ არის. მოსკოვსა და თბილისს შორის მიმასვლა რუსული თვითმფრინავებით შესრულდება.
ვინც თქვენ ექსპერწობა დაგაბრალათ, იმათი კვალიფიკაცია არ გაიშვას.
მოლოდინაშვილო, მიხედე შენს დილის გასართობ გადაცემებს და შეეშვი და ნუ "აბინძურებ" ავიაციას არაკომპეტენტურობით.
რა არის რუსეთში სანქციის ქვეშ?
ბოინგი, ეარბასი?
სუპერჯეტი და ტუპოლევიც ილიუშინთან ერთად?
ან იქნებ რუსეთი აღარ არის გაეროს წევრი და მასზე აღარ ვრცელდება იკაოს მოთხოვნები?
თუ რუსეთმა თქვა უარი იკაოს სტანდარტებზე?