1943 წლის 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით გაიმართა საქვეყნოდ ცნობილი თეირანის კონფერენცია. აქ, ირანის დედაქალაქში, პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ანტიჰიტლერული კოალიციის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელები: საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე ი. ბ. სტალინი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფ. დ. რუზველტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი უ. ჩერჩილი. კონფერენციის მთავარი შედეგი:
დეკლარაციები ერთობლივ მოქმედებებზე ომში გერმანიის წინააღმდეგ, ომისშემდგომ თანამშრომლობაზე, გადაწყვეტილება ევროპაში მეორე ფრონტის გახსნაზე 1944 წლის მაისის განმავლობაში, პოლონეთის ომისშემდგომ საზღვრებზე და ა. შ. გაითვალისწინა რა მოკავშირეების დაჟინებული თხოვნა, სტალინმა განაცხადა საბჭოთა კავშირის მზადყოფნაზე, დაეწყო ომი იაპონიის წინააღმდეგ ფაშისტური გერმანიის განადგურების შემდეგ.
თეირანის კონფერენციაზე, რომელმაც, ფაქტობრივად, შეცვალა მსოფლიო, ზღვა მასალა დაიწერა. მიუხედავად ამისა, „დიდი სამეული“ შეხვედრის უამრავი დეტალი დღემდე უცნობია. ამ, მართლაც რომ კაცობრიობის საბედისწერო მოვლენის უცნობ დეტალებზე ინფორმაციას მრავალი წლის განმავლობაში მარცვალ-მარცვალ ეძებს, იკვლევს და საზოგადოებას აწვდის საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ქართველი გენერალიტეტის მემატიანე, ორდენოსანი ლევან დოლიძე.
ბატონო ლევან, ზუსტად 70 წლის წინ ჩატარდა თეირანის კონფერენცია. დღეს ამ მოვლენის საიუბილეო თარიღია და გთხოვთ, კიდევ ერთხელ გაიხსენოთ ის, რაც მკითხველისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილია. ამასთან, მოუთმენლად ველით ინფორმაციას ახალ, უცნობ დეტალებზე ამ კონფერენციასთან დაკავშირებით.
– სამწუხაროდ, „დიდი სამეულის“ პირველ შეხვედრაზე ასობით წიგნი და ათიათასობით დიდი თუ პატარა წერილია გამოქვეყნებული! მიუხედავად ამისა, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია – უამრავი კითხვა პასუხგაუცემელი რჩება, რადგან ბევრი რამ საიმედოდ, გაუხსნელად ინახება უშიშროების არქივების ცეცხლგამძლე კარადებში. ამიტომაა, რომ ჩვენ არაფერი ვიცით ათეულობით ჩვენს თანამემამულეზე –მზვერავებსა და კონტრმზვერავებზე, საკავშირო შინსახკომის თანამშრომლებსა და მოსამსახურეებზე. უცნობი არიან განა მარტო ეს ადამიანები, არამედ ის ფაქტიც, რომ თვით სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის წევრი, ლავრენტი ბერია, ომის დროს ირანში იმყოფებოდა. მეტიც, ერთი სტრიქონიც არ გაიმეტეს, რომ დაეწერათ – ბერიამ ბრწყინვალედ შეასრულა თავისი ამოცანა კონფერენციის უსაფრთხოდ ჩატარებაში! და, სიმართლე გითხრათ, არც თუ ისე მალე გავიგებთ ამ და სხვა მოვლენებზე, რომლებიც დაკავშირებულია ბერიას პირად საქმესთან. როგორც თავის დროზე მითხრა საბჭოთა კავშირის სუკ-ის საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, გენერალ-მაიორმა გ. ვ. ფიფიამ (სხვათა შორის, ერთადერთი ქართველი, რომელიც მიიღეს სამუშაოდ სსრკ-ის უშიშროების ცენტრალურ ორგანოში, ხრუშჩოვის მიერ სპეცსამსახურების „წმენდის“ შემდეგ), რუსეთის ფედერაციის მთავარმა სამხედრო პროკურატურამ ლ. პ. ბერიას საქმე გრიფით „საიდუმლო“ ჯერ კიდევ 2003 წლის 23 იანვარს გადასცა შესანახად 2028 წლამდე რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურსო. ასე რომ, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ 15 წლის შემდეგ რაღაცას გავიგებთ...
მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: დიდი სამამულო ომის ყველაზე მძიმე წლებში საბჭოთა დაზვერვასა და კონტრდაზვერვაში ბევრ ხელმძღვანელ თანამდებობებზე წარმატებით მუშაობდნენ საქართველოს წარმომადგენლები. არ იქნება ურიგო, მკითხველს შევახსენოთ ის ფაქტი, რომ 1938-1953 წლების განმავლობაში მათი მხრიდან არ დაფიქსირებულა ღალატის არც ერთი შემთხვევა. ისინი ბერიას კადრები იყვნენ!
სტალინი ყოველთვის გულმოდგინედ ემზადებოდა ყოველი საუბრისთვის. ბერიას და მისი კადრების წყალობით, სტალინი ყველაზე კარგად იყო ინფორმირებული, თუ რა ხდებოდა მსოფლიოში და ანალიზის შედეგად აღწევდა მიზანს. ასევე, თეირანის კონფერენციის წინ სტალინი შესანიშნავად იყო გათვითცნობიერებული როგორც ჩერჩილის, ისე რუზველტის ჩვევებთან, გემოვნებასთან, სისუსტესთან, ოჯახურ და სხვა ამბებთან დაკავშირებით. ყველაფერ ამაზე ბელადს ატყობინებდა ბერია, რომელსაც თავის მხრივ, ლონდონიდან ცნობებს აწვდიდა „ზენკენი“ (კიმ ფილბი – ლეგენდარული საბჭოთა მზვერავი). ფილბი, ბერიას დავალებით, გადმოიბირა ერთმა პარიზში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა (ევროპაში სხვა ინფორმატორებიც იყვნენ).
ბატონო ლევან, ამერიკიდან ვინ აგზავნიდა ინფორმაციას?
– ნიუ იორკიდან ინფორმაცია მოდიოდა ამერიკაში შინსახკომის რეზიდენტისგან, ქიმიური მეცნიერების დოქტორის, უშიშროების გენერლის ჰაიკ ოვაკიმიანისგან და მისი ჯგუფისგან. ოვაკიმიანი იყო ავლაბრელი ხელოსნის შვილი. იგი, სხვა ლეგენდარულ საბჭოთა მზვერავებთან ერთად, მოსკოვში გადასცემდა მასალებს ატომურ ბომბზე. ამაზე და სხვა მოვლენებზე ბევრი რამ მიამბო თბილისში ჩამოსულმა ლავრენტი ბერიას ვაჟმა – სერგო ბერიამ.
ბატონი სერგო იყო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო რაკეტების კონსტრუქტორი. მამის მკვლელობის შემდეგ (1953 წლის 26 ივნისი), მან გამოიარა ლუბიანკისა და ბუტირკის საპყრობილეები. მოღალატე ხრუშჩოვს ძალიან სურდა სერგო ბერიას დახვრეტა, დახვრეტისგან იგი მისმა კონსტრუქტორულმა გენიამ იხსნა. მაგრამ ბატონ სერგოს შეუცვალეს გვარი და მამის სახელი, ჩამოართვეს ყველა დამსახურებულად მინიჭებული წოდება და ჯილდო. ასე იცხოვრა მან 45 უმძიმესი წელი!.. ხოლო, როცა გარდაიცვალა, გაზეთ „ნედელიაში“, 2000 წლის ნოემბერში მოთავსდა ძალზე მოკრძალებული შეტყობინება: კიევში გარდაიცვალა სკი „კომეტის“ დირექტორი, სერგეი ალექსის ძე გეგეჭკორი.
სერგო ბერიასთვის თეირანში კონფერენციაზე გამგზავრება მეორე განსაკუთრებული სპეცდავალება იყო. ჯერ კიდევ 1941 წლის ზაფხულში ლავრენტი ბერიას ერთადერთი შვილი, რომელსაც იმ დროისთვის 17 წელიც არ შესრულებოდა, გადაისროლეს ირანის ქურთისტანში, თუმცა მისი ჯგუფის პირველი დავალება იყო მოხვედრა გერმანიაში – ზესაიდუმლო ცენტრ „პეენემიუნდეში“. ამ წარუმატებელი ცდის შემდეგ, სერგოს ირანში ხუთი თვით დარჩენა მოუხდა. მან შესანიშნავად იცოდა გერმანული და სხვა უცხო ენები, დამთავრებული ჰქონდა მოკლევადიანი რადიოკავშირის კურსები. იგი ირანიდან აგზავნიდა საიდუმლო ინფორმაციას თბილისში განთავსებულ „ცენტრში“, მას კი ეგონა, რომ ინფორმაციებს მოსკოვს აწვდიდა. სხვათა შორის, ხუთი წლით ადრე სპარსეთში (ირანს მაშინ ასე მოიხსენიებდნენ) არალეგალურად იმყოფებოდა კიდევ ერთი ჩვენი თანამემამულე, მომავალი გენერალ-პოლკოვნიკი ბოგდან ქობულოვი, რომელმაც იქ შექმნა განტოტებული დაზვერვის ქსელი, რამაც შემდეგ ხელი შეუწყო ირანში ჰიტლერელთა ჯაშუშებისა და დივერსანტების გაუვნებელყოფას.
უნდა ითქვას, რომ მაშინდელ ირანში ათიათასობით სომეხი ცხოვრობდა, რომელთა წინაპრები სპარსეთის ყველაზე მრისხანე მმართველმა, აბას პირველმა, ჩაასახლა იქ. სომეხთა უმრავლესობა ვაჭრობას მისდევდა, ხშირად დადიოდნენ ავღანეთში, თურქეთში, ინდოეთსა და სხვა ქვეყნებში. ამიტომაც ჯერ კიდევ ამიერკავკასიის მმართველობის დროს ბერია მშვენივრად იყენებდა ამ ძალზე მნიშვნელოვანი რეგიონის სომხურ შესაძლებლობებს. მაგალითად, ომამდე ირანში მუშაობდა 30 წლის პროფესიონალი მზვერავი, თბილისელი სერგო კორხმაზიანი. ომის დასრულების შემდეგ სერგო არკადის ძე, ბერიას რეკომენდაციით, დაინიშნა სომხეთის უშიშროების მინისტრად და 1950 წელს გახდა გენერალ-მაიორი. ომის დასაწყისში კიდევ ერთი თბილისელი – ივანე აღაიანცი საფრანგეთიდან გაგზავნეს ირანში, სადაც დაინიშნა საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტად.
საფრანგეთში რას მოღვაწეობდა?
– საფრანგეთში იგი ოფიციალურად იყო სსრკ-ის საელჩოს მესამე მდივანი, არაოფიციალურად კი – საბჭოთა კავშირის დაზვერვის რეზიდენტის მოადგილე.
აქ აუცილებლად უნდა ვახსენო მაშინ დამწყები, შემდგომში საბჭოთა დაზვერვის ლეგენდა გევორქ ვართანიანი, რომელსაც თბილისური ფესვები ჰქონდა. თეირანის კონფერენციის დროს იგი მხოლოდ 19 წლის იყო. ვართანიანის ვინაობა გამოამჟღავნეს მხოლოდ 2000 წლის 20 დეკემბერს რუსეთის CBP-ს 80 წლის იუბილეზე. 76 წლის გევორქ ვარტანიანმა მაშინ პირველად მოყვა იმ დაუვიწყარ დღეებზე თეირანში: “მე გავხდი მზვერავი საიდუმლო სამსახურის ცნობილი პროფესიონალის – ივანე ივანეს ძე აღაიანცის გავლენით. მისივე წინადადებით, ამ საქმეში მე ჩავაბი ჩემი მეუღლე, გოარ ლევონის ასული, რომელიც შემოვიდა ჩვენს სადაზვერვო ჯგუფში – „მსუბუქ კავალერიაში“. ჯგუფს ასეთი სახელწოდება მიანიჭა აღაიანცმა. დღე-ღამის 17 საათის განმავლობაში ქუჩაში ვიმყოფებოდით, თვალ-ყურს ვადევნებდით გერმანელი აგენტების გადაადგილებას, ვაპელენგებდით მომუშავე გერმანულ რაციებს... როდესაც ფრანც მაიერმა ბერლინიდან მიიღო უარი სკორცენის ჯგუფის გამოგზავნასთან დაკავშირებით, მან გადაწყვიტა, ბრიტანეთის საელჩოში შეეღწია წყალკანალიდან ჩერჩილის დაბადების დღეს – 30 ნოემბერს და ბოლო მოეღო „სამეულისთვის“. მაშინ თეირანში არც წყალსადენი იყო და არც კანალიზაცია, ხოლო წყარო საელჩოში იწყებოდა სომხური სასაფლაოდან, საიდანაც ფაშისტები აპირებდნენ საელჩოში შეღწევას. ჩვენ მათ ეს გეგმა ჩავუშალეთ...“
გევორქ ვართანიანი გახლდათ ერთ-ერთი იმ უიშვიათესი საბჭოთა მზვერავთაგანი, რომელიც, თითქმის 50(!) წელი (1991 წლამდე) არალეგალურად მუშაობდა ირანში, ჩავარდნის გარეშე! განსაკუთრებული დამსახურებისთვის მას მიანიჭეს საბჭოთა კავშირის გმირის წოდება, რაც საკმაოდ იშვიათი მოვლენაა დაზვერვაში. გევორქ ვართანიანი შარშან გარდაიცვალა მოსკოვში, 88 წლის ასაკში. შედარებით ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან მისი დამრიგებელი – საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის პირველი მთავარი განყოფილების უფროსის მოადგილე, გენერალ-მაიორი ივანე აღაიანცი, იგი სამოცი წლისაც არ იყო. ორივე დაკრძალულია მოსკოვის ნოვოდევიჩის სასაფლაოზე...
თეირანის სადაზვერვო ეპოპეაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა (მომავალში საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა) უშიშროების გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ დეკანოზოვმა. ომის წინ იგი ხელმძღვანელობდა გერმანიაში საბჭოთა საიდუმლო სამსახურს, ანუ იყო რა გერმანიაში სსრკ-ის ელჩი, პარალელურად შინსახკომის რეზიდენტობასაც ითავსებდა. ირანში კიდევ ერთი თბილისელი – პეტრე ზუბოვი მუშაობდა. პეტრე იაკობის ძემ კარგად იცოდა ქართული ენა, ბერიაზე ერთი წლით უფროსი იყო და ლავრენტი პავლეს ძის განსაკუთრებულ ნდობას იმსახურებდა. სწორედ ბერიამ მოიყვანა ზუბოვი საიდუმლო სამსახურში. პეტრე ზუბოვმა თავი გამოიჩინა კავკასიისთვის ბრძოლაშიც, 1942 წლის ზაფხულში იგი ბერიას ჩამოჰყვა თბილისში.
რამდენიმეჯერ ჩავიდა ირანში ვარლამ ივანეს ძე ქაქუჩაია, სტალინისა და ბერიას ერთ-ერთი ყველაზე ნდობით აღჭურვილი პირი. ბატონი ვარლამი მშვენივრად ფლობდა აზერბაიჯანულ, თურქულ და გერმანულ ენებს. იგი გახლდათ უცნობი ირანული ფრონტის აქტიური მონაწილე. 1941 წლის 25 აგვისტოს ი. ბ. სტალინის ბრძანებით, დილის 5 საათზე ირანის ტერიტორიის მიმართულებით საბჭოთა არტილერიამ ყველა სახის იარაღიდან გახსნა ძლიერი ცეცხლი, ხოლო საჰაერო ძალების ნაწილებმა დაბომბეს ირანული აეროდრომები და სხვა სამხედრო ობიექტები. ირანში შეიჭრნენ 45-ე არმიის ქვედანაყოფები, რომელთა ფორმირება მოხდა ამიერკავკასიაში. შედეგად, შაჰის რეჟიმი დაეცა.
ბატონო ლევან, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საბჭოთა ჯარებს წინააღმდეგობას უწევდნენ არა ირანელები, არამედ ვერმახტისა და ლიუფტვაფეს ნაწილები, მაგრამ ძალზე წარუმატებლად. არადა, გერმანიასთან ომის დაწყებიდან რაღაც თვე-ნახევარი იყო გასული და ჩვენ ვიცით, რა სავალალო აღმოჩნდა საბჭოთა ჯარისთვის 1941 წლის 22 ივნისი. აქ კი – სრული გამარჯვება! თითქოს საბჭოთა და გერმანულმა არმიებმა ადგილი გაცვალეს! თქვენი აზრით, რა მოხდა?
– მოხდა ის, რომ მაგ დროისთვის სტალინმა მთლიანად აიღო სამხედრო სადავეები თავის ხელში. ეს იყო იძულებითი ზომა, რადგან 22 ივნისმა ბელადს დაანახა, რომ „ტუხაჩევსკის შეთქმულება“ ბოლომდე არ იყო ამოძირკვული. დასავლეთის განსაკუთრებული ოლქის მთავარსარდალმა, გენერალმა პავლოვმა ჩაიდინა აშკარა ღალატი, როცა არ შეასრულა 18 ივნისის ბრძანება და ჯარი არ მოიყვანა სრულ საბრძოლო მდგომარეობაში. როდესაც გერმანული ავიაცია ბომბავდა სსრკ-ის ტერიტორიას, საბჭოთა სამხედროებს ეძინათ... ფაქტობრივად, პავლოვმა გერმანელებს გაუხსნა ფრონტი!.. თუ ღალატი არა, დოყლაპიობა გამოიჩინეს მაშინდელმა თავდაცვის სახალხო კომისარმა, მარშალმა ტიმოშენკომ და საბჭოთა არმიის გენერალური შტაბის უფროსმა, არმიის გენერალმა ჟუკოვმა. ერთადერთი, ვინც მედგრად დაუდგნენ ფაშისტებს და მათ დიდი ზიანი მიაყენეს, იყვნენ სასაზღვრო ჯარები. სხვათა შორის, სასაზღვრო ჯარების უმაგალითო გმირობას ხრუშჩოვმა და მისმა პარტოკრატიულმა ბანდამ ტაბუ დაადო. „უხერხული“ იყო, რომ სახელგანთქმული სამხედრო გენერლების ჯარები ვერ ომობდნენ, სამაგიეროდ ფაშისტებს შავი დღე დააყარეს „ხალხის მტრის“, „უცხო ქვეყნების აგენტის“ და „პოლიტიკური ავანტიურისტის“ – ბერიას სასაზღვრო ჯარებმა!..
აღსანიშნავია, საბჭოთა ჯარმა უფრო მეტხანს დაჰყო ირანში, ვიდრე ინგლისის ჯარმა და ამერიკულმა ბატალიონებმა.
მაინც რამდენი ხანი იყვნენ ირანში?
– 1946 წლის 9 მაისამდე. ამ ღონისძიებათა წყალობით და საბჭოთა სპეცსამსახურების ძალისხმევით, ამ დროის განმავლობაში განადგურდა და დააპატიმრეს 400-ზე მეტი გერმანელი აგენტი და დივერსანტი. უსამართლობა იქნება, არ ვახსენო საბჭოთა დაზვერვის რეზიდენტი ავღანეთში მიხეილ ალავერდოვი, რომელმაც გერმანული სადაზვერვო სამსახურების ძალისხმევა – განეხორციელებინათ ძირგამომთხრელი მოქმედებები ირანში, კერძოდ, თეირანის კონფერენციის მსვლელობისას, ნულამდე დაიყვანა! მიხეილ ალექსანდრეს ძე დაიბადა თბილისში და ცხოვრობდა ყოფილ ენგელსის ქუჩაზე (დღეს ლადო ასათიანის ქუჩა). 1943 წელს იგი სათავეში ჩაუდგა სსრკ-ის შინსახკომის საინფორმაციო-ანალიტიკურ განყოფილებას.
აბვერი, გესტაპო, მესამე რაიხის პოლიტიკური დაზვერვა ყველაფერს აკეთებდა, რომ ვითარება ემართა არამარტო ევროპაში, არამედ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, რომელთა მთავარი სიმდიდრე – ნავთი, მოსვენებას არ აძლევდა ჰიტლერს და არამარტო მას.
გერმანელებმა განსაკუთრებულად ფართო სადაზვერვო ქსელი შექმნეს თურქეთში. მძიმე ვითარება შეიქმნა ავღანეთში, სადაც, უკვე 12 წელი მართვის სადავეები ხელთ ეპყრა ნადირ-შაჰის დინასტიას, რომელიც, ირანელი შაჰის მსგავსად, დიდი სიმპათიით იყო გამსჭვალული ჰიტლერისადმი. იმ წლებში საბჭოთა კავშირმა ბევრი მზვერავი დაკარგა მაგ ქვეყნებში, და, თუ საერთო ჯამში საბჭოთა დაზვერვამ და კონტრდაზვერვამ ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც აღიარებდნენ თეირანის კონფერენციაზე როგორც ჩერჩილი, ისე რუზველტიც, ამ ტრიუფმის ლომის წილი მოდიოდა საქართველოდან გამოსულ საიდუმლო სამსახურის მუშაკებზე! კიდევ ერთხელ გამოვთქვამ მწუხარებას, რომ მათზე ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით. ბევრი სახელი დავიწყებულია, არქივები გაფანტულია და, საუბედუროდ, განადგურებულიც. ერთი რამის თქმა შეგვიძლია თამამად: ჩეკისტების ის ბრწყინვალე კოჰორტა საქართველოდან და საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებიდან, რომელმაც სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში სძლია ვერაგ, დაუნდობელ მტერს, ლავრენტი ბერიას გამოზრდილი იყო!
ზუსტად 50 წლის წინ, 1963 წელს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დაზვერვის თავკაცმა ჰეინხარტ გელენმა გააკეთა შოკისმომგვრელი განცხადება, რომ სადაზვერვო ინფორმაცია მოსკოვში გადაიცემოდა ფაშისტური გერმანიის ყოვლისშემძლე რაიხლაიტერის ჰიტლერის მოადგილის – მარტინ ბორმანის კაბინეტიდანო. გელენი აღიარებდა: რუსული დაზვერვა უძლიერესი იყო მსოფლიოში. მხოლოდ მას შეეძლო გადმოებირებინა თვით მარტინ ბორმანი! ამ ფაქტზე ჩვენ ზუსტად ვიცოდით 1943 წელს თეირანის კონფერენციის დაწყებამდეო...
ბატონო ლევან, გაუგებარია: თუ იცოდნენ, რატომ არ დააპატიმრეს ბორმანი?
– საქმე ისაა, რომ მაშინდელი გერმანიის ხელმძღვანელობაში ფაშისტური, პირდაპირ ვთქვათ, კაციჭამიური იდეოლოგიისა სწამდა მხოლოდ ორ ადამიანს – თავად ადოლფ ჰიტლერს და, ვფიქრობ, მასზე მეტად – იოზეფ გებელსს. დანარჩენები მიტმასნილნი იყვნენ. მარტინ ბორმანი კი მესამე რაიხის მთელ სიმდიდრეს განაგებდა. პარტიის ფული ყველას უნდოდა მომავალი უდარდელი ცხოვრებისთვის სამხრეთ ამერიკაში, ამიტომაც, ჩემი აზრით, ბორმანის გაღიზიანება ვერავინ გაბედა. ბორმანთან დაპირისპირება, ჯერ ეს ერთი, „ფინანსურად“ არამომგებიანი იყო და, მეორეც – სიცოცხლისთვის ძალზე სახიფათოც.
საერთოდ, ყველაფერი, თეირანის კონფერენციასთან დაკავშირებული, ინახებოდა ზესაიდუმლოდ. ლავრენტი ბერიას შვილმა – სერგომ, არ იცოდა, სად მიფრინავდა და რა უნდა შეესრულებინა. ამაზე მან მხოლოდ თეირანში გაიგო, სადაც შეხვდა მამას და სტალინისგან მიიღო კონკრეტული დავალება – საიდუმლოდ მოესმინა სპეცოთახიდან საუბრებისთვის რუზველტის რეზიდენციიდან. თუმცა, როდესაც ბელადი ამ დავალებას იძლეოდა, მან ხაზი გაუსვა: „ეს არაეთიკური საქმეა, მაგრამ მე იძულებული ვარ... მე უნდა ვიცოდე ყველაფერი, ყველა ნიუანსი...“
„დიდი სამეულის“ შეხვედრის უსაფრთხოდ ჩატარების საქმეში ბევრი რამ გააკეთეს ლ. პ. ბერიას მოადგილემ, სსრკ-ის შინსახკომის აეროდრომების მშენებლობის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლეონ ბოგდანის ძე საფრაზიანმა, საქართველოს სსრ-ის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა გრიგოლ თეოფილეს ძე კარანაძემ, მილიციის მესამე რანგის კომისარმა კაპიტონ გრიგორის ძე ნაჭყებიამ და საქართველოს სხვა მრავალმა წარმომადგენელმა. მე ისღა დამრჩენია, ზემოხსენებულ სახელებს დავუმატო სტალინის პირადი დაცვის უფროსის, უშიშროების კომისრის – შალვა ოთარის ძე წერეთლის სახელი, რომელსაც ბერია ჯერ კიდევ 20-იანი წლებიდან იცნობდა – მასთან ერთად იჯდა ქუთაისის ციხეში. ზუსტად ნაჭყებიამ და წერეთელმა მიიქციეს ჩერჩილის ყურადღება – ბრიტანეთის პრემიერმინისტრი გააოცა ამ ორი ახოვანი ვაჟკაცის სილამაზემ, ამასთან, თავად ჩერჩილის შტაბის უფროსი თეირანის კონფერენციაზე გახლდათ ქართველი – მერაბ კვიტაშვილი. როგორც სერგო ბერია იხსენებდა, მერაბ კვიტაშვილი გადაიბირა პირად დაზვერვაში ლავრენტი ბერიამ. ამის თაობაზე იცოდა მხოლოდ იოსებ სტალინმა. სხვათა შორის, ოდნავ მოგვიანებით რუზველტის ერთ-ერთი თარჯიმანი გახდა აშშ-ის არმიის ახალგაზრდა ოფიცერი დავით ჭავჭავაძე, რომელიც შემდგომ მუშაობდა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში და მან პოლკოვნიკის წოდებაც კი მიიღო. ასევე, გავიხსენებ კიდევ ერთ ჩვენს თანამემამულეს – გენერალ დე გოლის პირად თარჯიმანს – კონსტანტინე ანდრონიკაშვილს...
თეირანის კონფერენცია, როგორც აღვნიშნე, იყო პირველი ერთობლივი შეხვედრა ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნების ლიდერებისა. ჩერჩილი და რუზველტიც აღფრთოვანებული დარჩნენ სტალინის პიროვნებით, საბჭოთა ლიდერის ქარიზმით, ხოლო მასთან საუბრისას განსაკუთრებულად ხაზს უსვამდნენ კონფერენციის უსაფრთხოების ბრწყინვალე უზრუნველყოფას. მათი მეორე შეხვედრა ჩატარდა, უკვე განთავისუფლებულ საბჭოთა ტერიტორიაზე – ყირიმში, ხოლო მესამე – დამარცხებულ ფაშისტურ გერმანიაში, პოტსდამში, სადაც გარდაცვლილი რუზველტი შეცვალა ტრუმენმა, ჩერჩილი კი კონფერენციის მსვლელობისას – ეტლიმ. ამ დროისთვის საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი – იოსებ ბესარიონის ძე სტალინი სარდლობდა 10,5-მილიონიან არმიას. არც მანამდე და არც მერე მსოფლიოში არავის ჰყოლია ასეთი უზარმაზარი და მძლავრი ჯარი!
...როგორც თვითმხილველები იხსენებდნენ, თეირანიდან ბაქოს გავლით მოსკოვში მიმავალმა სტალინმა თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა: „ვიცი, როდესაც მოვკვდები, ჩემს საფლავს უამრავ ნაგავს მიაყრიან, მაგრამ ისტორიის ქარი ამ ნაგავს უმოწყალოდ გაფანტავს“. ეს იყო 1943 წლის 2 დეკემბერს...